სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო - შპს „ყვარელრემმშენი“ ტენდერის გამოცხადებისას შავ სიაში არ იყო და მას სრულფასოვნად შეეძლო მასში მონაწილეობა

იმ მომენტისათვის, როდესაც მეტროსადგურ „ვარკეთილის“ სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებაზე გამოცხადდა ტენდერი, შპს „ყვარელრემმშენთან“ მიმართებაში ამოწურული იყო შავ სიაში რეგისტრაციის კანონმდებლობით დადგენილი ერთწლიანი ვადა და მას სრულფასოვნად შეეძლო მიეღო მონაწილეობა ნებისმიერ სახელმწიფო შესყიდვაში, - ამის შესახებ განცხადებას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული კომპანია შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო 2015 წლის 25 სექტემბერს დარეგისტრირდა შავ სიაში ერთი წლის ვადით.

”სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ეხმიანება უკანასკნელ პერიოდში მასმედიის საშუალებებით ცალკეული პირების მიერ გამოთქმულ ცრუ ბრალდებებს და შეგნებულ დეზინფორმაციას შავ სიაში რეგისტრირებული კომპანიებისთვის სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის შესაძლებლობის დაშვების შესახებ. სახელდობრ, გავრცელებულ ინფორმაციაში ხდება მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარი ტრაგედიით სპეკულირება და უსაფუძვლო აპელირება იმაზე, რომ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ისე მიეცა ხელშეკრულების დადების უფლება, რომ იგი რეგისტრირებული იყო სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ წარმოებულ შავ სიაში.

აღვნიშნავთ, რომ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა (https://tenders.procurement.gov.ge), რომელიც ფუნქციონირებს 2010 წლიდან, ავტომატურად ბლოკავს იმ კომპანიებს, რომლებიც რეგისტრირებული არიან შავ სიაში და არ აძლევს მათ საშუალებას, მიიღონ მონაწილება გამოცხადებულ ტენდერებში.

რაც შეეხება კონკრეტულად შპს „ყვარელრემმშენს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 241563562), იგი სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო 2015 წლის 25 სექტემბერს დარეგისტრირდა შავ სიაში ერთი წლის ვადით. საგულისხმოა, რომ აღნიშნული ვადა განსაზღვრულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. შესაბამისად, ხსენებული კომპანიის შავ სიაში რეგისტრაციის ვადა ამოიწურა 2016 წლის 25 სექტემბერს, ანუ იმ მომენტისათვის, როდესაც მეტროსადგურ „ვარკეთილის“ სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებაზე 2016 წლის 28 სექტემბერს გამოცხადდა ტენდერი, ამოწურული იყო ”შავ სიაში” რეგისტრაციის კანონმდებლობით დადგენილი ერთწლიანი ვადა და მას სრულფასოვნად შეეძლო მიეღო მონაწილეობა ნებისმიერ სახელმწიფო შესყიდვაში”, - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

სააგენტოს განმარტებით, რაც შეეხება კონკრეტულად შპს „ყვარელრემმშენის“ მიერ ზემოაღნიშნულ ობიექტზე შესრულებული სამუშაოების ხარისხს, იგი დამოკიდებულია, როგორც თავად კომპანიის კვალიფიკაციაზე, გამოცდილებაზე, ტექნიკურ შესაძლებლობებზე და სხვ., აგრეთვე საპროექტო დოკუმენტაციის გამართულობაზე, სამშენებლო პროცესის ზედამხედველობაზე და სხვა არსებით საკითხებზე, რომლებიც უნდა შეაფასოს შემსყიდველმა ორგანიზაციამ უშუალოდ ან მის მიერ განსაზღვრულმა უფლებამოსილმა პირმა/ორგანომ.

”სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო მოუწოდებს ყველა პირს, ინფორმაციის კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებში გადამოწმებამდე თავი შეიკავოს ცრუ ბრალდებების ტირაჟირებისგან და ხელი არ შეუწყოს საზოგადოებაში არაჯანსაღი შეხედულებების დამკვიდრებას”, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 30 იანვარს, მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ე.წ. შეკიდული ჭერის ჩამონგრევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა