თურქეთში „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი დააკავეს, რომელიც ტერორისტულ დაჯგუფებაში მედიასთან მუშაობაზე იყო პასუხისმგებელი

თურქეთში „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი დააკავეს, რომელიც ტერორისტულ დაჯგუფებაში მედიასთან მუშაობაზე იყო პასუხისმგებელი. ამის შესახებ სააგენტო Dogan იუწყება.

მისი ინფორმაციით, 22 წლის სირიელი აბდულბასიტ აბდულაზიზ ჰამუდი თურქეთის ქოჯაელის პროვინციაში დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ის ალეპოდან სირიასთან მოსაზღვრე ჰათაის პროვინციაში, იქედან კი ქოჯაელის პროვინციაში გადასახლდა. ქოჯაელის პროვინციაში ბინა ყალბი საბუთებით იქირავა, რაც სამართალდამცელებმა შენიშნეს და ჰამუდზე თვალთვალი დააწესეს.

თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების ინფორმაციით, ჰამუდი „ისლამურ სახელმწიფოს“ 4 წლის წინ შეუერთდა, ტერორისტულ დაჯგუფებაში მას მედიასთან მუშაობა, აქციების გადაღება და ინტერნეტში გამოქვეყნება ევალებოდა.