კანონპროექტით, თუ ქურდული სამყაროს წევრი გამოძიებასთან ითანამშრომლებს, პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდება

კრიმინალური მენტალიტეტი და ორგანიზებული დანაშაული ქვეყნის განვითარებას აფერხებს, ამიტომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავამარცხოთ, - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დაამტკიცეს კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც ე.წ. კანონიერ ქურდებთან ბრძოლის გამკაცრებას ითვალისწინებს.

„დღეს, როდესაც ქვეყანა დგას კონკრეტული გამოწვევების წინაშე, კრიმინალური მენტალიტეტი და ორგანიზებული დანაშაული არის ძალიან დიდი რისკის შემცვლელი. ეს კომპონენტი ქვეყნის განვითარებას აფერხებს ბევრი სხვადასხვა მიმართულებით, პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ ახალგაზრდობასთან მუშაობის და ჯანსაღი ცხოვრების მიმართლება. ასევე, ორგანიზებული დანაშაული ერთმნიშვნელოვნად აფერხებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასაც. ყველას შეგვიძლია შევთანხმდეთ, რომ წარმატებულ ქვეყანას ვერ ავაშენებთ, თუ ამ გამოწვევას სათანადოდ ვერ ვუპასუხებთ. დღევანდელი საკანონმდებლო ჩარჩო შექმნილია 2005 წელს, თუმცა მას მერე ბევრი რამ შეიცვალა, სხვა ხარისხის გამოწვევებია - შეიცვალა ბევრი რამ ტექნოლოგიურ დონეზეც, სასამართლო სისტემის დონეზეც, ამიტომ ჩვენ დავდექით იმ აუცილებლობის წინაშე, რომ ეს კანონმდებლობა შესაცვლელი იყო. რა არის ამ ცვლილებების ძირითადი მიმართულება გარდა იმისა, რომ კონკრეტული დანაშაულებისთვის მკაცრდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა?! ჩნდება ახალი ცნებები, როგორიც არის ქურდული სამყაროსადმი მიმართვა, ქურდული სამყაროს მხარდაჭერა, ქურდული სამყაროს წევრობა, ასევე, არის ძალზედ მნიშვნელოვანი კომპონენტი, რაც ნიშნავს ქურდული სამყაროს პასიურ წევრობას, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი უნდა გახდეს ჩვენი სასამართლო და საგამოძიებო სისტემისთვის“, - განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, კანონმდებლობაში ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე იქნება ისიც, რომ თუ ქურდული სამყაროს წევრი გამოძიებასთან ითანამშრომლებს მძიმე ან ნაკლებად მძიმე დანაშაულის გახსნაში, ის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდება.

„ეს ცვლილებები არის ის აუცილებლობა, რომელიც საჭიროა ორგანიზებული დანაშაულის გამოწვევის საპასუხოდ. ჩვენი მიზანია წარმატებული ქვეყნის აშენება, რისთვისაც ორგანიზებული დანაშაული ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავამარცხოთ“, - დასძინა შს მინისტრმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა