მთავრობამ შს მინისტრის მიერ წარდგენილი ქურდული სამყაროს წინააღმდეგ საკანონმდებლო ცვლილების პროექტი დაამტკიცა და განსახილველად პარლამენტს გადაუგზავნა

ვიცე-პრემიერმა, შს მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე ქურდული სამყაროს წინააღმდეგ საკანონმდებლო ცვლილების პროექტი წარადგინა, რომელიც მთავრობამ უკვე დაამტკიცა და განსახილველად პარლამენტს გადაეგზავნა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” შს სამინისტროდან აცნობეს, ქურდულ სამყაროსთან ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

”შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას და მთლიანად სამინისტროს ინიციატივაა, რომ კიდევ უფრო გამკაცრდეს სასჯელი ქურდული სამყაროს წევრობისა და კანონიერი ქურდობისთვის და დანაშაულად გამოცხადდეს მთელი რიგი ქმედებები, რომლებიც აქამდე სისხლის სამართლის წესით არ ისჯებოდა.

სისხლის სამართლის კოდექსში და ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ კანონში წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს: სასჯელის გამკაცრებას ქურდული სამყაროს წევრობისა და კანონიერი ქურდობისთვის; აფართოებს სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებების წრეს.

დანაშაულად ცხადდება: ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვა - სისხლის სამართლის წესით დაისჯება ნებისმიერი პირი, რომელიც ქურდული სამყაროს წევრს ან კანონიერ ქურდს მიმართავს დავის მოგვარების ან/და გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენის მოხდენის მიზნით; ქურდული სამყაროს მხარდაჭერა - ნებისმიერი ქმედება, რომელიც ხელს უწყობს ქურდული სამყაროს საქმიანობის განხორციელებას;

ქურდული შეკრების ორგანიზება ან მასში მონაწილეობა - თუ აქამდე არსებული კანონმდებლობით ამგვარი შეკრების ორგანიზებისთვის მხოლოდ კანონიერი ქურდები ან ქურდული სამყაროს წევრები ისჯებოდნენ, კანონპროექტის მიხედვით, სისხლის სამართლის წესით დაისჯება ნებისმიერი პირი, რომელიც, ქურდული სამყაროს საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა/გადაწყვეტის მიზნით, მსგავს შეკრებას დააორგანიზებს ან მასში მონაწილეობას მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ მოქმედი კანონმდებლობით, „კანონიერ ქურდობაზე“ თავისუფლების აღკვეთა არის 7-დან 10 წლამდე, საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ იქნება 9-დან 15 წლამდე, „ქურდული სამყაროს“ წევრობაზე არის თავისუფლების აღკვეთა 5-დან 8 წლამდე, იქნება - 7-დან 10 წლამდე”, - ნათქვამია შს სამინისტროს ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო