არჩილ თალაკვაძე - აუდიტის დასკვნებში ოპოზიციამ შეიძლება სკანდალი მოძებნოს, მაგრამ რეალურად ეს არის შესაძლებლობა, რომ ფინანსები ეფექტურად იყოს მართული

აუდიტის დასკვნებში ოპოზიციამ შეიძლება სკანდალი მოძებნოს, მაგრამ რეალურად ეს არის შესაძლებლობა, რომ მომავალში საჯარო ფინანსები უფრო ეფექტურად იყოს მართული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ნდობის ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელზეც აუდიტის სამსახურის მიერ თავდაცვისა და სასჯელაღსრულების სამინისტროებში ჩატარებული შემოწმების ანგარიშებზე იმსჯელეს.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, აუდიტის სამსახურს ზედამხედველობის და კონტროლის ეფექტიანობის შემოწმების თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო სამუშაო აქვს შესრულებული.

არჩილ თალაკვაძე ამ ინსტიტუტის როლის გააქტიურებას მიესალმა.

„რაც შეეხება სასჯელაღსრულებისა და თავდაცვის უწყებებთან დაკავშირებულ დასკვნებს, შემიძლია გითხრათ, რომ ორივე მინისტრის პირობებში არის ადმინისტრირების გაუმჯობესების ტენდენცია. ის ხარვეზები, რომელთა მოცულობაც შემცირებულია, უკვე არის დარეგულირების პროცესში. რა თქმა უნდა, ამ დასკვნებში ოპოზიციამ შეიძლება სკანდალი მოძებნოს, მაგრამ რეალურად ეს არის შესაძლებლობა, რომ მომავალში საჯარო ფინანსები და პროცესი უფრო ეფექტურად იყოს მართული“, - განაცხადა თალაკვაძემ.

რაც შეეხება გარკვეულ ხარვეზებს, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ეს არის ძირითადად ადმინისტრაციული საკითხები, „რომელზეც ნდობის ჯგუფი და პარლამენტი შესაბამის რეკომენდაციებს დაამუშავებს და ზედმიწევნით გააკონტროლებს, რომ რეკომენდაციები გონივრულ დროში იყოს შესრულებული“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო