ოპერის თეატრის წინ ქართველი ტენორის, თეიმურაზ გუგუშვილის ვარსკვლავი გაიხსნება

4 თებერვალს, თბილისის ოპერის თეატრში ქართველი ტენორის, თეიმურაზ გუგუშვილის ვარსკვლავის გახსნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” თეატრის პრესსამსახურიდან აცნობეს, საღამოზე შესრულდება ჯაკომო პუჩინის ოპერიდან „ტოსკა“ პირველი მოქმედება და რუჯერო ლეონკავალოს ოპერიდან „ჯამბაზები“ მეორე მოქმედება.

საღამოში მონაწილეობას მიიღებენ, ცნობილი ქართველი სოპრანო, თამარ ივერი, ოპერის თეატრის სოლისტები: სულხან გველესიანი, თამაზ საგინაძე, ვანო გალუაშვილი, ვახტანგ ჯაშიაშვილი; სტაჟიორი გიორგი ჭელიძე; თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გუნდი და ორკესტრი, მოწვეული მაესტროს - ვიქტორ პლოსკინას (ბელარუსი) დირიჟორობით.

საღამოს დაასრულებს ვარსკვლავის გახსნის ცერემონია ოპერის თეატრის წინ.

თეიმურაზ გუგუშვილმა 1976 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სოლო ვოკალის ფაკულტეტი, 1984 წელს კი ასპირანტურა (პროფესორ ნოდარ ანდღულაძის კლასი). 1982 - 1983 წლებში სტაჟირება გაიარა მილანის ლა სკალაში ჯულიეტა სიმიონატოს ხელმძღვანელობით. 1978 წლიდან თეიმურაზ გუგუშვილი თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრიის სოლისტია. იგი არის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი, სოლო სიმღერის კათედრის გამგე.

სხვადასხვა წლებში თეიმურაზ გუგუშვილი დაჯილდოვდა საქართველოს სახალხო არტისტის, ღირსების ორდენის კავალერის, საქართველოს სახელმწიფო პრემიის, ზურაბ ანჯაფარიძის, ზაქარია ფალიაშვილის, ირინა არხიპოვას სახელობის სახელმწიფო პრემიების ლაურეატის წოდებებით.

თეიმურაზ გუგუშვილი არაერთხელ წარდგა უცხოელი მსმენელის წინაშე ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა დიდი ქალაქის, აგრეთვე დანიის, ნიდერლანდების, ბელგიის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, ესპანეთის, ამერიკის შეერთებული შტატების ოპერის თეატრების სცენაზე. მის შემოქმედებას კარგად იცნობენ უცხოეთში. თეიმურაზ გუგუშვილის შემოქმედებითი გრაფიკი დღემდე აქტიური საგასტროლო მარშრუტით გამოირჩევა. მომღერალის ფართო და მრავალფეროვანი რეპერტუარი მოიცავს პარტიებს შემდეგი ოპერებიდან: „სევილიელი დალაქი“ (ალმავივა), „სიყვარულის ნექტარი“ (ნემორინო), „რიგოლეტო“ (ჰერცოგი), „აიდა“ (რადამესი), „დონ კარლოსი“ (დონ კარლოსი), „პიკის ქალი“ (გერმანი), „ევგენი ონეგინი“ (ლენსკი), „ბორის გოდუნოვი“ (თვითმარქვია, ღვთის გლახა), „სამი ფორთოხლის სიყვარული“ (პრინცი), „აბესალომ და ეთერი“ (აბესალომი), „დაისი“ (მალხაზი), „ქეთო და კოტე“ (კოტე), „მინდია“ (მინდია), „მთვარის მოტაცება“ (არზაყანი) და სხვა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა