დიმიტრი გაბუნია - ჩვენ მივიღეთ ბეტონით სავსე ქალაქი, მერიის გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ

ატენის ქუჩის მოსახლეობის ნაწილი ამავე ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობის შეჩერებაზე თბილისის მერიის უარს სასამართლოში გაასაჩივრებს, - ამის შესახებ ატენის ქუჩის მცხოვრებლების ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ განაცხადა. მოსახლეობა ამავე ქუჩაზე 27-სართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს.

"თბილისის მერიამ, მერის მოადგილის, ირაკლი ხმალაძის მეშვეობით დღის ბოლოს გვაცნობა, რომ მან მიიღო გადაწყვეტილება ატენის ქუჩაზე მშენებლობის შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ. ეს არის ცუდი პრეცედენტი და ცუდი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო თბილისის მერიამ, ბატონი მერის, კახა კალაძის ხელმძღვანელობით, რომელიც წინასაარჩევნოდ მოსახლეობას ჰპირდებოდა, რომ თბილისი იქნებოდა სიცოცხლით სავსე ქალაქი. მისი მოქმედებები, დაწყებული 2018 წლის 15 იანვრიდან დღევანდელი გადაწყვეტილების ჩათვლით, ატენის ქუჩის მოსახლეობის ნაწილის მხრიდან, რომელთაც მე წარმოვადგენ, არის აღქმული, რომ ჩვენ მივიღეთ ბეტონით სავსე ქალაქი", - განაცხადა გაბუნიამ.

გაბუნიას თქმით, თბილისის მერიიდან მიღებულ უარს ის თბილისის საქალაქო სასამართლოში უახლოეს დღეებში გაასაჩივრებს და სასამართლოს მიმართავს, რომ დაუყოვნებლივ მოხდეს ატენის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობის ნებართვის შეჩერება.

"მე პირადად და მოსახლეობას არ გვინდოდა, რომ კონფლიქტი გამწვავებულიყო. ჩვენ მივიღეთ ატენის ქუჩის ორი დაპირისპირებული მოსახლეობა და ხვალ და ზეგ რა მოხდება, არავინ იცის. ყველა იმ ქმედებაზე, რაც შეიძლება დღევანდელი დღიდან მოხდეს ატენის ქუჩაზე, კერძოდ, მშენებლობის წარმოების პროცესში ადამიანის სიცოცხლისთვის საშიში მოქმედებების განხორციელებას, ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობას მთლიანად ვაკისრებთ თბილისის მერიას კახა კალაძის თამადობით. შესაბამისად, დღევანდელი გადაწყვეტილებით მან აიღო მძიმე პასუხისმგებლობა თითოეული ადამიანის სიცოცხლეზე და უსაფრთხოებაზე. მე არ მინდა ჯერ ამაზე ვისაუბრო, თუ რა მოტივები ამოძრავებდა ბატონ მერს ამ გასაწყვეტილების მიღებისას, ეს აუცილებლად გამოაშკარავდება, რადგან ჩვენ ამ თემას ბოლომდე მივყვებით", - განაცხადა გაბუნიამ.

ამასთან, დიმიტრი გაბუნია გეგმავს, რომ მიმართოს პროკურატურას და მოითხოვოს ყველა იმ თანამდებობის პირის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, რომლებმაც ატენის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით სასამართლოს წინა გადაწყვეტილება არ გაითვალისწინეს.

"ჩვენი მოქმედებები იქნება რადიკალური. სამართლებრივი სივრციდან ჩვენ გასვლას არ ვაპირებთ. ამ დღეებში სასამართლოს პასუხის შემდეგ ჩვენ აუცილებლად მივმართავთ სტრასბურგის სასამართლოს. მოგეხსენებათ, რომ სტარასბრუგის სასამართლოს წინასწარი გადაწყვეტილების მიღება შეუძლია იმ შემთხვევაში, როცა საქმე ეხება საკუთრებისა და ადამიანის სიცოცხლის ხელყოფას. ჩვენ უმოკლეს ვადებში შესაძლებელი გვექნება ევროპული კონვენციით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაც კი მივიღოთ ამასთან დაკავშირებით", - განაცხადა გაბუნიამ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა