„საბას“ დაჯილდოება წელს გერმანიაში, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში გაიმართება

”თიბისი ბანკმა” ლიტერატურული კონკურსი „საბას“ დაწყება გამოაცხადა. კონკურსზე წიგნების წარდგენა უკვე შეუძლიათ ავტორებსა და გამომცემლებს.

ბანკის ინფორმაციით, 2018 წელი პრემია „საბასთვის“ განსაკუთრებული იქნება - წლევანდელი დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გერმანიაში, ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობის ქართული პროგრამის ფარგლებში გაიმართება.

როგორც ცნობილია, 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე საქართველო საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგება. მთელი წლის განმავლობაში, გერმანიის სხვადასხვა ქალაქში, ასობით ღონისძიება იგეგმება, რომელიც ქართული ლიტერატურის და კულტურის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. პროგრამის მთავარი ნაწილი 9-14 ოქტომბერს, წიგნის საერთაშორისო ბაზრობის დღეებზე, ქ.ფრანკფურტში დაგეგმილი ლიტერატურულ-კულტურული ღონისძიებებია.

ქართული პროგრამის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და გამორჩეული ღონისძიება სწორედ პრემია „საბას“ დაჯილდოების ცერემონია იქნება, რომელიც 2018 წლის 12 ოქტომბერს, ქ. ფრანკფურტის მერიის ისტორიულ დარბაზში Kaisersaal ჩატარდება.

ცერემონიას, ქართველ ავტორებთან, გამომცემლობებთან, საქართველოს ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად, საპატიო უცხოელი სტუმრებიც დაესწრებიან - ცნობილი მწერლები, უცხოური გამომცემლობები, გერმანიის ოფიციალური პირები, საერთაშორისო მედია და ა.შ. დაჯილდოების ცერემონიისთვის თვალის მიდევნება ქართველ საზოგადოებას პირდაპირი სატელევიზიო და ონლაინ ეთერით შეეძლება.

სწორედ ფრანკფურტში გამოვლინდებიან 2017 წლის საუკეთესო ავტორები და წიგნები, რომელთა წარდგენა კონკურსზე დღეიდან იწყება. საკონკურსო წიგნების რეგისტრაციისთვის კონკურსანტებმა უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადი ვებგვერდზე saba.com.ge. განაცხადების მიღება 20 თებერვლამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც „საბას“ ჟიური წიგნების განხილვას შეუდგება და გასული წლის ლიტერატურულ მოსავალს შეაფასებს.

დაჯილდოების ცერემონიიის ფრანკფურტში გადატანასთან დაკავშირებით, „საბას“ წლევანდელ საკონკურსო პირობებში მცირე ცვლილებებია, რომელიც უშუალოდ ფრანკფურტის პროექტს უკავშირდება.

კერძოდ, 2018 წელს „საბა“ გაიცემა შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო რომანი, საუკეთესო პროზაული კრებული, საუკეთესო პოეტური კრებული, საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა, საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი, საუკეთესო ქართული თარგმანი, ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოენოვანი თარგმანი, ქართული ლიტერატურის საუკეთესო უცხოენოვანი კრიტიკა, ქართული ლიტერატურის საუკეთესო უცხოენოვანი გამომცემლობა და პრემია ქართულ-გერმანულ ლიტერატურულ ურთიერთობებში შეტანილი წვლილისათვის.

2018 წელს საკონკურსო ნომინაციებს შორის არ მოხვდა „საუკეთესო პიესა“ და „საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა“. თუმცა, ამ ორ ნომინაციაში წარსადგენი წიგნები (ანუ, 2017 წელს გამოცემულ პიესები და ლიტერატურულ კრიტიკა) „საბას“ ყურადღების მიღმა არ დარჩება და მათი განხილვა მოხდება 2019 წლის კონკურსზე, 2018 წელს გამოცემულ პიესებსა და ლიტერატურულ კრიტიკასთან ერთად.

რაც შეეხება ნომინაციას „საუკეთესო ელექტრონული წიგნი“ - ამ ნომინაციაში წელს პრემია ცალკე აღარ გაიცემა, თუმცა ყველა ელექტრონულ წიგნს ექნება შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს კონკურსში, შესაბამის ნომინაციაში, ბეჭდურ წიგნებთან ერთად.

საკონკურსო წიგნების სია თებერვლის ბოლოს „საბას“ ვებგვერდზე saba.com.ge გამოქვეყნდება, სადაც კონკურსის მსვლელობის პარალელურად, განთავსდება საკონკურსო წიგნების ელექტრონული ვერსიები და საზოგადოებას საშუალება ექნებ გაეცნოს მათ.

კონკურსის ფინალისტების ვინაობა ივლისში გახდება ცნობილი. 12 ოქტომბერს კი, ფრანკფურტში დაგეგმილ ცერემონიაზე გამოცხადდებიან კონკურსის გამარჯვებულები, რომლებიც დაჯილდოვდებიან "თიბისი ბანკისგან" „საბას“ პრიზითა და ფულადი პრემიებით.

ყოველწლიური ლიტერატურული კონკურსი „საბა“ "თიბისი ბანკმა" 2003 წელს დააფუძნა. წელს „საბას“ კონკურსი მეთექვსმეტედ ჩატარდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა