საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ყოფილი წევრი - ვინც შეცდომა დაუშვა, თანხა იმან დააბრუნოს, მე შეცდომა არ დამიშვია

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრები ყოფილ წევრს ლელა გაფრინდაშვილს შეხვდნენ, რომელსაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის თანახმად, ჰონორარი ზედმეტად დაერიცხა.

როგორც ლელა გაფრინდაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, სამეურვეო საბჭოს წევრის თანამდებობის დატოვების შემდეგ ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში კვლევაზე მუშაობდა და ვარაუდობდა, რომ ეს ჰონორარი სწორედ ამ საქმის გამო ერიცხებოდა.

„ჩემი ამოცანა იყო, რომ კიდევ ერთხელ მომეყოლა მათთვის ჩემს მიერ გაწეული შრომის შესახებ. მთელი ეს პროცესი აღმეწერა, დაახლოებით ორწლიანი პროცესი, ის არგუმენტები მომეყვანა, რის გამოც მე დავიწყე მუშაობა ამ იდეაზე და მათგანაც მოვისმინე შეხედულებები“, - განაცხადა ლელა გაფრინდაშვილმა.

მისივე თქმით, მან საბჭოს წევრებს წარუდგინა ანგარიში, რაც მის მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ გამოაქვეყნა.

„მათ ჰქონდათ გარკვეული შეკითხვები იმაზე, რაც ვერ გაიგეს, რაც არ ახსოვდათ. სხვა შეკითხვებიც ჰქონდათ, დაზუსტებები. მე უკვე ველოდები სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა ლელა გაფრინდაშვილმა.

როგორც მან განმარტა, მის მიმართ დაკავშირებული შეკითხვები მოხსნილია.

„ჩემს მიმართ შეკითხვები მოხსნილია, იმიტომ რომ მე ავხსენი ყველაფერი, რა და როგორ იყო, თუ რატომ ჩავთვალე, რომ ეს გადმორიცხვა, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ახორციელებდა, იყო სწორედ ჩემი სამუშაოსთვის. მე მათ ვუთხარი, რომ როგორც ამ სამუშაოს დაწყებამდე, ასევე დაწყების შემდეგ, ჩემი მუშაობის დასრულების შემდეგაც ვხვდებოდი უამრავ ადამიანს, მქონდა მიმოწერა, შეკითხვები და ა.შ. უამრავი ადამიანი დაადასტურებს, რომ მე ამ კვლევაზე ვმუშაობდი“, - განაცხადა გაფრინდაშვილმა.

მისივე თქმით, მან აღნიშნული სამუშაოს შესრულება 2015 წელს დაიწყო, როცა ჯერ კიდევ საბჭოს წევრი იყო, ხოლო როდესაც უფლებამოსილება შეუწყდა, საბჭოს იმდროინდელმა წევრებმა გამოთქვეს სურვილი, რომ მას ამ იდეაზე მუშაობა გაეგრძელებინა.

რაც შეეხება სამეურვეო საბჭოს ახალ წევრებს, ლელა გაფრინდაშვილის ინფორმაციით, მათთან ჰქონდა შეხვედრა.

„შემატებულ წევრებს ცალკე შევხვდი და ვუთხარი ჩემი იდეის შესახებ, განსაკუთრებით გია ნიჟარაძეს, რომელსაც თავის კონფეცფიაში საუბარი ჰქონდა იმ იდეაზე, როდესაც თავისი კანდიდატურა სამეურვეო საბჭოს წევრად წარადგინა“, - განაცხადა ლელა გაფრინდაშვილმა.

მისივე თქმით, სამუშაო, რომელიც მან შეასრულა ეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის მაქსიმალურად მიახლოებას ხალხთან და რეალობასთან.

“არსებობს ასეთი მექანიზმი - საზოგადოებრივი საბჭოები, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს და სამეურვეო საბჭოს ეხმარება, რომ მისი სამუშაო ხალხთან, რეალობასთან და პრობლემებთან მაქსიმალურად მიახლოებული გახდეს“, - განაცხადა ლელა გაფრინდაშვილმა.

თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებული კითხვის პასუხად ლელა გაფრინდაშვილმა განაცხადა, რომ ვინც შეცდომა დაუშვა, თანხა იმან უნდა დააბრუნოს.

„ვინც შეცდომა დაუშვა, თანხა იმან დააბრუნოს. მე შეცდომა არ დამიშვია“, - განაცხადა ლელა გაფრინდაშვილმა.

შეხვედრას საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარი ბუღალტერიც ესწრებოდა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა ლელა გაფრინდაშვილმა უფლებამოსილების ვადის შეწყვეტის შემდეგ ზედმეტად მიიღო ჰონორარი. აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, უსაფუძვლოდ გადახდილია 12 800 ლარი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო