თსუ-ს 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით 7-9 თებერვალს საიუბილეო ღონისძიებები გაიმართება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით 7-9 თებერვალს საიუბილეო ღონისძიებები გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თსუ-დან აცნობეს, საიუბილეო ღონისძიებებში მსოფლიოს 50-მდე ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტების და საერთაშორისო ორგანიზაციების დელეგაციები, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

თსუ-ს ინფორმაციით, საიუბილეო დღეების ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ევროპის უნივერსიტეტებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმებსა და განზრახულობათა ოქმებს მოეწერება ხელი. თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორი მანანა მიქაბერიძე ოთხი ევროპული უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ქართველოლოგიური ცენტრების შექმნასა და დაფინანსების საკითხებთან დაკავშირებით განზრახულობათა ოქმებს მოაწერენ ხელს.

ამავე დროს, გაფორმდება მემორანდუმები თსუ-სა და ევროპის 5 პარტნიორ უნივერსიტეტს შორის. მემორანდუმი უნივერსიტეტებს შორის არსებული ურთიერთობის განვითარებას, ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნას, გაცვლით პროგრამებში ჩართვას ითვალისწინებს.

ამასთან, დაგეგმილია საუნივერსიტეტო დელეგაციების საზეიმო მიღება საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, საქართველოს პარლამენტსა და დედაქალაქის მერთან. იუბილის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება საერთაშორისო სიმპოზიუმი “უმაღლესი განათლების პერსპექტივა: წარსულის გაცოცხლება და ფიქრი მომავალზე“ იქნება, რომელშიც მონაწილეობას უმაღლესი განათლების ექსპერტები და ევროპული უნივერსიტეტების დელეგაციები მიიღებენ. საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში საპატიო დოქტორის მინიჭების ოფიციალური ცერემონია გაიმართება. თსუ-ს საპატიო დოქტორის წოდება ევროპის და აშშ-ის 7 უნივერსიტეტის რექტორებს და 3 უნივერსიტეტის პროფესორებს მიენიჭებათ.

8 თებერვალს ოფიციალურად გაიხსნება თსუ-ს გერბი უნივერსიტეტის ცენტრალური შენობის ფოიეში. უნივერსიტეტის გახსნის დღეს მთავარი საიუბილეო ცერემონია და მსოფლიოს საოპერო ვარსკვლავების, ფოლკლორული ანსამბლებისა და სუხიშვილების საბალეტო დასის მონაწილეობით გალა-კონცერტი გაიმართება. უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით საიუბილეო დროშები გამოიფინა თბილისის ცენტრალურ ქუჩებში, საქართველოს პარლამენტის შენობაზე და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში; უნივერსიტეტის ფერებში საზეიმოდ განათდება უნივერსიტეტის შენობის ფასადი, მშვიდობის ხიდი და თბილისის ანძა.

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით რამდენიმე გამოფენა გაიმართება, მათ შორის წარმოდგენილი იქნება პირველი საუნივერსიტეტო წიგნის, უნივერსიტეტის ისტორიის და თსუ-ს არქეოლოგიური ექსპედიციების აღმოჩენების ექსპოზიციები.

100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ეროვნულმა ბანკმა გამორჩეული დიზაინის 5 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა გამოუშვა, მალე მიმოქცევაში იქნება საიუბილეო საფოსტო მარკა.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილე 2018 წელს იუნესკოს (UNESCO) ეგიდით გაიმართება - ეს გადაწყვეტილება გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ პარიზში გენერალური კონფერენციის 39-ე სესიაზე მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერით მიიღო“, - ნათქვამია თსუ-ს განცხადებაში.

თსუ-ს ინფორმაციითვე, იუნესკოს გენერალური დირექტორი ოდრი აზული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით სპეციალურ მილოცვას აგზავნის და უნივერსიტეტის ყველა წარმომადგენელს იუბილეს ულოცავს.

„ათწლეულების განმავლობაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს რეგიონის სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ საქმიანობაში, ნაწილობრივ თავის სტუდენტთა და მასწავლებელთა მულტიკულტურული შემადგენლობის გამო. უნივერსიტეტი ასრულებს რეგიონული საგანმანათლებლო ჰაბის როლს, რითაც მნიშვნელოვანი გავლენა ახდენს უმაღლესი განათლების განვითარების თვალსაზრისით რეგიონში. დღეისათვის, თსუ მასპინძლობს სტუდენტებს სხვადასხვა ქვეყნებიდან. აქვს ყველაზე მაღალი მაჩვენებლები გაცვლითი სტუდენტების თვალსაზრისით ევროკავშირის ქვეყნებიდან“, - ნათქვამია იუნესკოს გენერალური დირექტორის მილოცვაში.

როგორც თსუ-ში აცხადებენ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების მთელი ქვეყნის მასშტაბითა და საერთაშორისო დონეზე დაგეგმვისა და ორგანიზებისთვის შექმნილია სპეციალური სამთავრობო კომისია, რომლის თავმჯდომარეა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები 2017 წლის დეკემბერში დაიწყო და მთელი მომდევნო წლის განმავლობაში გაგრძელდება.

„1917 წლის 15 დეკემბერს (ძვ.სტილით 2 დეკემბერს) ამიერკავკასიის კომისარიატმა უნივერსიტეტის წესდების ძირითადი დებულება საბოლოოდ დაამტკიცა, შედეგად ზუსტად 100 წლის წინ 1917 წლის 15 დეკემბერს (ძვ.სტილით 2 დეკემბერს) თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იურიდიულად დაფუძნდა.

კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი, რომელმაც ქართულ ენაზე სწავლებითა და ქართული საგანმანათლებლო ტრადიციების გათვალისწინებით, საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ევროპული ტიპის უმაღლეს სკოლას, 1918 წლის 8 თებერვალს (ძვ. სტილით, 26 იანვარს) დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს გაიხსნა.

100 წლის იუბილეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ხვდება როგორც ქვეყნის უმნიშვნელოვანესი სასწავლო და სამეცნიერო–კვლევითი დაწესებულება, სადაც ყოველწლიურად 200–მდე ადგილობრივი და საერთაშორისო მასშტაბის სამეცნიერო საგრანტო პროექტი ხორციელდება; 22 ათასამდე სტუდენტი, მათ შორის 600-მდე უცხოელი სწავლობს და რომელიც 2018 წლის საერთაშორისო რეიტინგის მიხედვით მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების 2%-ში შედის. (The U.S.News&World; Report)“, - ნათქვამია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო