მამუკა მდინარაძე - სასამართლოს თემებზე პოლიტიკოსებმა ნაკლები კომენტარები უნდა აკეთონ

სასამართლოს თემებზე პოლიტიკოსებმა ნაკლები კომენტარები უნდა აკეთონ და სასამართლომ შიგნით არსებული კამათით მეტი დამოუკიდებლობა უნდა მოიპოვოს, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ წარსული დროიდან გვახსოვს, რომ იუსტიციის საბჭოში კამათის მაგვარიც არაფერი იყო და ისიც კარგად ვიცით, მსგავსი მიდგომები სასამართლო სისტემას რას უშვრებოდა. დღეს არის იქ კამათი, სასამართლო არის დამოუკიდებელი და ვფიქრობ, პოლიტიკოსებმა რაც შეიძლება ნაკლები კომენტარები უნდა ვაკეთოთ ამ შიდა თემებზე. ამ დუღილში სასამართლომ უნდა მიიღოს მეტი დამოუკიდებლობის ხარისხი და კარგია, რომ ჩვენს ქვეყანაში სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი მივიდა იქამდე, რომ ბოლო დღეებში გამოქვეყნებულმა კვლევებმა, რაც ეფუძნება მსოფლიო ბანკის მონაცემებს, აჩვენა, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხში ვართ ნომერ პირველი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.