გუგული მაღრაძე - მანდატურის შერჩევაში სკოლის დირექტორს უფრო მეტი უფლება უნდა ჰქონდეს

სკოლის დირექტორს მანდატურის შერჩევაში უფრო მეტი უფლება უნდა ჰქონდეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გუგული მაღრაძემ „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონპროექტში შესატანი ცვლილებების შეფასებისას განუცხადა.

დეპუტატის აზრით, მნიშვნელოვანია კანონის მეშვეობით მოხდეს მანდატურის ფუნქციების დეტალური განსაზღვრა და მანდატური არა მანდატურის სამსახურს ან სხვა რომელიმე უწყებას, არამედ სკოლის ადმინისტრაციას უნდა ემორჩილებოდეს. გუგული მაღრაძის განცხადებით, ყველა სკოლას თავისი სპეციფიკა აქვს, რის გამოც მიიჩნევს, რომ მანდატურს სკოლის შიდა კოლექტივი უნდა ირჩევდეს.

„სჭიროა გვქონდეს კანონი, რომელიც მკვეთრად გამოხატავს, თუ რა უნდა გააკეთოს მანდატურმა. ხშირად ამბობენ, რომ ეს წარსულში დაბრუნებაა, მაგრამ ეს ასე არ არის, რადგან ადრე მანდატური ექვემდებარებოდა მანდატურის სამსახურს და მის მითითებებს ახორციელებდა - ეს იყო ხელისუფლების თვალი და ყური სკოლაში, რომელსაც ექვემდებარებოდა დირექტორიც და მასწავლებელიც. ახლა ვამბობთ, რომ უნდა იყოს თანამშრომლობა და მაქვს შენიშვნა, რომ უფრო მეტი უფლება ჰქონდეს სკოლის დირექტორს მანდატურის შერჩევაში. შესაძლოა მანდატურმა გაიაროს ტრენინგი, კარგი დონის იყოს, მაგრამ ყველა სკოლას თავისი სპეციფიკა აქვს, შესაბამისად, სკოლის დირექტორის და კოლექტივის თვალსაზრისი უნდა იყო გათვალისწინებული“, - განაცხადა გუგული მაღრაძემ.

„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების თანახმად, სკოლებში მანდატურად მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე პირი დაინიშნება, თუმცა არ არის გამორიცხული შევიდეს ცვლილება, რომლის თანახმადაც მანდატურად შესაძლოა დაინიშნოს პირი, რომელსაც პროფესიული განათლება ჰქონდეს. იცვლება მანდატურის პროფესიული მომზადების წესი, რომელიც თეორიულ მომზადებასთან ერთად პრაქტიკულ კომპონენტსაც გაითვალისწინებს. 21 წლამდე იზრდება მანდატურის ასაკის ზღვარი. გაიზრდება მოსამზადებელი კურსის ხანგრძლივობა. კურსს შესაბამისი ექსპერტები გაუძღვებიან, რაც კანონპროექტის ავტორების შეფასებით, სწავლების მაღალ ხარისხს და მანდატურთა პროფესიულ ზრდას უზრუნველყოფს. ახალი კურსის შესაბამისად გადამზადებას მოქმედი მანდატურები ეტაპობრივად გაივლიან. კანონპროექტის მიხედვით, კიდევ უფრო გაიზრდება კოორდინაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს