დავით სერგეენკო კერძო სექტორს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის წინადადებით მიმართავს

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო კერძო სექტორს სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის გაფართოებას სთავაზობს და ამ კონტექსტში ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის ხელმისაწვდომობის გაზრდის ინიციატივით გამოდის. შესაბამისი განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მედიკამენტების მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გააკეთა.

როგორც მინისტრმა განაცხადა, შეხვედრის მიზანია, კომპანიების წარმომადგენლებს გააცნოს ჩამოყალიბებული ხედვა სტრატეგიულ მიმართულებაზე და აღნიშნულის თაობაზე მოხდეს მოსაზრებების გაცვლა.

"რეალობაა ის, რომ ჯანდაცვის მოქმედ სისტემაში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა მოსახლეობის წვდომა ამბულატორიულ მედიკანტებზე. სტაციონარში რაც სჭირდებათ, ის საყოველთაო ჯანდაცვით იფარება. რა თქმა უნდა, აქცენტირება არის ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე. ეს არის მედიკამენტები, რომლებიც ადამიანებმა უნდა მიიღონ ხანგრძლივი დროის, ხშირად მთელი ცხოვრების განმავლობაში. სწორედ ეს არის ყველაზე უფრო მთავარი გამოწვევა ჩვენთვის. შარშან დაწყებულმა პროგრამამ, რომელიც ითვალისწინებდა 100 000 ქულამდე მქონე მოსახლეობისთვის ძირითადი ქრონიკული დაავადების 23 დასახელების მედიკამენტების მიწოდებას, კიდე ერთხელ დაგვანახა ის საჭიროება, რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ინტერვენცია, თუმცა არასაკმარისი, რადგანაც მოსახლეობის უფრო მეტი ნაწილისთვის, ძირითადად იგულისხმება ასაკით პენსიონერები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონეები და ა.შ. კვლავ მაღალ ფინანსურ ბარიერად რჩება ამ მედიკამენტებზე მიწვდომადობა", - განაცხადა სერგეენკომ.

მისივე თქმით, ამ წლების განმავლობაში კერძო-სახელმწიფო პარტნიორობამ დაგვანახა წარმატებულობა ასეთი თანამშრომლობის. ამ კონტექსტში დავით სერგეენკომ საერთაშორისო მწარმობლებთან თანამშრომლობითა და ადგილობრივი მწარმოებლების ჩართულობით, რამდენიმე მაგალითი დაასახელა, მათ შორის, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა.

მისივე თქმით, პროექტმა, რომელიც შარშან მაისში იქნა დაწყებული, ცალსახად დაგვანახა, რომ ფასდაკლების რესურსი არსებობს.

"უკვე არსებულ სახელმწიფო-კერძო პარტნიორობას აქვს დიდი რესურსი იმისთვის, რომ გაღრმავდეს, გაფართოვდეს და ერთგვარად ინსტიტუციონალური სახეც მიიღოს და შედეგად მივიღოთ ის, რომ არა მხოლოდ ყველაზე გავრცელებულ ქრონიკულ დაავადებებზე, არამედ ქრონიკული დაავადებების უმეტესობაზე მივაღწიოთ ფინანსური ბარიერის მნიშვნელოვან შემცირებას და არა მარტო 100 000 ქულაზე ნაკლების მქონე მოსახლეობაზე, არამედ ბევრად ფართო ნაწილისთვის, მათთვის, ვისთვისაც რეალურად მართლაც საგრძნობი ფინანსური ტვირთია - ეს არ არიან მხოლოდ სოციალურად დაუცველები, არამედ ეს არიან დაბალი შემოსვლის მქონე მოქალაქეები", - განაცხადა სერგეენკომ.

დავით სერგეენკო დღეს მედიკამენტების მწარმოებელ კომპანიებს წარუდგენს გარკვეულ ხედვებს, თუ როგორ უნდა მოხერხდეს ეს და ასევე, მინისტრი კომპანიის წარმომადგენლებისგან ელოდება კონკრეტულ მოსაზრებებს.

"მჯერა, რომ როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ მწარმოებლებს აქვთ იმის განცდა, რომ ასეთი ტიპის ინტერვენციები საჭიროა და საჭიროა ღია, გამჭვირვალე თანამშრომლობის მოდელი. მჯერა, რომ ამის გაკეთება შესაძლებელია და ამის შედეგებს ძალიან მკაფიოდ იგრძნობს ჩვენი მოსახლეობა", - განაცხადა სერგეენკომ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს