პედაგოგთა დიდი ნაწილი კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე არ არის გასული, - ამის შესახებ სსიპ „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის“ დირექტორის მოადგილე მანანა რატიანმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
მისივე თქმით, მასწავლებელთა სტატუსების განაწილება 2015 წლიდან დაიწყო და ამ დრომდე პედაგოგთა დიდ უმრავლესობას კომპეტენცია დადასტურებული არ აქვს.
„მასწავლებლების სტატუსების განაწილება დაიწყო 2015 წლის სექტემბერში და ამ შემთხვევაში არჩეული იყო ის ცალსახა კრიტერიუმები, რომლითაც შეგვეძლო მასწავლებელთა შეფასება - სახელმწიფოს მიერ მანამდე დაწესებული სერტიფიცირება და ამ სერტიფიცირებაგავლილ მასწავლებლებს მიენიჭათ უფროსის სტატუსი. ამავდროულად, სისტემაში გვყავდნენ დოქტორის სტატუსის მქონე პედაგოგები და მათაც მიენიჭათ უფროსი პედაგოგის სტატუსი. თუკი დოქტორები ამავე დროს სერტიფიცირებულები იყვნენ, ისინი განაწილდნენ წამყვან მასწავლებლებად. ეს იყო თავდაპირველი განაწილება. მენტორები მაშინ სისტემაში არ გვყოლია.
რაც შეეხება შემდგომ პროცესებს, იმის მიუხედავად, რა საწყისი პოზიცია ჰქონდა მასწავლებლებს, დაწესდა სხვადასხვა ტიპის აქტივობები, რომელიც ძირითადად ორიენტირებულია სკოლაში სხვადასხვა აქტივობის განხორციელებაზე. გარდა ამისა, მიმართულია მოსწავლეების სოციალური და აკადემიური უნარებისა და მასწავლებლის პროფესიული უნარების განვითარებაზე. ეს არის ტრენინგები, კონფერენციები, სამუშაოები თუ სხვ. ყველა ეს აქტივობა შეფასებულია შესაბამისი კრედიტქულებით. ყველა პრაქტიკოს მასწავლებელს აქვს გასავლელი გზა აქტივობების მიხედვით იმისთვის, რომ მოიპოვოს შემდეგი სტატუსი. ასევე აქვთ უფროსისა და წამყვანი კატეგორიების პედაგოგებსაც თავიანთი გასავლელი გზა შემდგომი სტატუსების მოსაპოვებლად.
პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის სავალდებულო აქტივობაა კომპეტენციის დადასტურება, რაც გულისხმობს ტესტირების გავლას, რასაც ატარებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი. ეს არის საგნობრივი კომპეტენცია. თუკი სრულად ვერ მოიპოვებს პედაგოგი კრედიტებს ამ ტესტირების გავლის შემდეგ, მას ვალდებულებად უჩნდება, საგაკვეთილო დაკვირვების გავლა, რომელსაც აკვირდება სკოლის დაკვირვების ჯგუფი. თუ ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი, სხვა დამატებითი აქტივობებით აგროვებს ამ კრედიტებს. აქ ვადაში შეზღუდვა არ არის, როცა შეძლებს პედაგოგი საჭირო კრედიტქულების დაგროვებას, მაშინ გადადის შემდეგ საფეხურზე.
რაც შეეხება უფროს მასწავლებელს, მათთვის ვალდებულებაა გარე საგაკვეთილო დაკვირვება, რაც გულისხმობს იმას, რომ ცენტრის მიერ შერჩეული ჯგუფი აკვირდება საგაკვეთილო პროცესს. გარდა ამისა, არის პრაქტიკის კვლევა, რაც გულისხმობს იმას, რომ რაც აქვს პრაქტიკაში პრობლემური საკითხი, სხვადასხვა ინტერვენციით უნდა განახორციელოს, უნდა ნახოს, რა უკეთ მუშაობს მის სკოლაში და ეს კვლევაც კრედიტქულებში აესახება მას.
ამის შემდეგ პედაგოგს ენიჭება წამყვანის სტატუსი, რაც გულისხმობს მის ვალდებულებას, რომ არა მარტო თავის სკოლაში, არამედ, კათედრაზე, კოლეგებს გაუზიაროს თავისი გამოცდილება. აქაც სავალდებულო მოთხოვნად გაჩნდა სამოდელო გაკვეთილი, რაც გულისხმობს იმას, რომ თავის საუკეთესო პრაქტიკას აჩვენებს თავის კოლეგებს, უზიარებს მათ გამოცდილებას. აქაც არის არჩევითი აქტივობები.
რაც შეეხება წამყვანის მენტორობაზე გადასვლას, აქ არის ლიტერატურის შექმნა, მეთოდოლოგიური ან საგნობრივი აქტივობები, სკოლის კვლევა, სამოდელო გაკვეთილები. დანარჩენი, აქაც პროცენტული წილი ეს არის საგაკვეთილო აქტიოვობები და ეს არის საერთო კრედიტების მეოთხედი, რაც არის გათვალისწინებული მასწავლებლებისთვის“, - განმარტავს რატიანი.
რაც შეეხება აქტივობების ტიპოლოგიას, მისივე თქმით, არის სავალდებულო აქტივობები და არჩევითი აქტივობები, როდესაც მასწავლებელს აქვს საშუალება იმის და მიხედვით, რა საჭიროება აქვს კლასს, მასწავლებელს, რა უფრო უპრიანია გაკეთდეს ამა თუ იმ სკოლაში, ამის მიხედვით შეარჩიოს და განახორციელოს.
„შესაბამისად, მასწავლებელთა რაოდენობაზე როდესაც ვლაპარაკობთ, 9 მენტორი მასწავლებელი არიან ის პედაგოგები, რომლებმაც წამყვანობიდან გაიუმჯობესეს სტატუსი და გახდნენ მენტორები. რა თქმა უნდა, ამ სასწავლო წლის ბოლოს იქნებიან სხვა მასწავლებლებიც, რომლებიც სტატუსს შეიცვლიან. მაგალითისთვის, უფროსი მასწავლებლებიდან ამ ეტაპზე, წელს 42-მა მასწავლებელმა გარე დაკვირვების შედეგად გაიუმჯობესა სტატუსი და წამყვანი გახდა. ამავდროულად უნდა აღინიშნოს, რომ გარე დაკვირვება ჩატარდა ორ რეგიონში, იმერეთსა და შიდა ქართლში საპილოტე რეჟიმში. გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა სხვა 44-მა მასწავლებელმაც, რომლებსაც წამყვანის სტატუსის მოსაპოვებლად სულ რაღაც 1-2 კრედიტქულა დააკლდათ. 105-მა მასწავლებელმა გაიარა რეგისტრაცია ამ ორ რეგიონში გარე დაკვირვებისთვის. გარდა ამისა, წელსვე მიეცემათ რეკომენდაცია სხვა რეგიონებში მასწავლებლებს, რომ გაიარონ გარე დაკვირვება და წლის ბოლოსთვის ეს რიცხვი შეცვლილი იქნება“, - განაცხადა რატიანმა.
გარდა ამისა, რატიანი ამბობს, რომ „დემოგრაფიული სურათიც საკმაოდ პრობლემურია“.
„თუკი ევროპის ქვეყნებში მასწავლებლების საშუალო ასაკი 40 წელია, ჩვენთან 49 წელია. მაგრამ ამას გარდა არის ის, რომ შეიცვალა სწავლა-სწავლების პრინციპები და ახალი გამოწვევების წინაშე დადგნენ ეს პედაგოგები. რასაც ადრე ასწავლიდნენ, ახლა ვეღარ ასწავლიან იმ მეთოდებით და მათ მუდმივად უწევთ გადაწყობა. ეს განაპირობა ევროპული სასწავლო გეგმის ცვლილებამ და იმ ცვლილებებმა, რაც საერთაშორისო დონეზეა. აქედან გამომდინარე, მასწავლებელს დრო სჭირდება ალღო აუღოს ამ ყველაფერს“, - განაცხადა რატიანმა.
მისივე განცხადებით, პედაგოგთა დიდი ნაწილი არ არის გასული კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე.
„ამ ეტაპზე პრაქტიკოს მასწავლებელს კომპეტენციის დასადასტურებლად არ აქვს კონკრეტული ვადა განსაზღვრული, რამდენ ხანში უნდა დაიდასტუროს ეს ცოდნა. შესაძლებელია, ამიტომაც მოდუნდნენ და ნაკლებად ცდილობენ ამ პროცესებში შესვლას. შესაძლოა, ეს გამოიწვია გარე ბერკეტების მოშვებამ. ამ ვადის გაუქმებას თავისი არგუმენტები და კონტრარგუმენტები ჰქონდა, მაგრამ საბოლოოდ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო სახელმწიფო კომისიამ. ვადები რომ არ გაუქმებულიყო, მასწავლებლების გარეშე მაინც არ დავრჩებოდით, რადგან ეს მასწავლებლები თუ კომპეტენციას ვერ დაიდასტურებდნენ, ისინი მოვალეობის შემსრულებლებად რჩებოდნენ ახალი მასწავლებლის მოსვლამდე“, - განაცხადა რატიანმა.
საქართველოში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების 67 342 მასწავლებლიდან უმაღლესი კატეგორიის მხოლოდ 9 პედაგოგია.
ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სსიპ „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრიდან“ გამოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის პასუხად აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, მენტორის სტატუსის მქონე 9 მასწავლებლიდან, რომელთა კვალიფიკაციაც უმაღლეს კატეგორიად ფასდება, 2 კერძო სკოლაში, 7 კი საჯარო სკოლაში ასწავლის.
რაც შეეხება დანარჩენ კატეგორიებს, განსაზღვრულია ჯამში 4 კატეგორია, საიდანაც მეორე კატეგორიის - ე.წ. წამყვანის სტატუსის მქონე მასწავლებლია 231 (საჯარო სკოლებში ასწავლის - 153, კერძო სკოლებში - 78), მესამე კატეგორიის - ე.წ. უფროსის სტატუსის მქონე მასწავლებელია 17 179 (საჯარო სკოლებში - 16914, კერძო სკოლებში- 265), ხოლო მეოთხე კატეგორია - ე.წ. პრაქტიკოსის სტატუსის მქონე მასწავლებლი, რაც ყველაზე დაბალ საფეხურად ითვლება, 44 611 პედაგოგს მოიცავს (საჯარო სკოლებში- 40582, კერძო სკოლებში- 4029).
ამასთან, ოფიციალური ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, 67 342 მასწავლებლიდან საჯარო სკოლებში 59 093, ხოლო კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში - 8249 მასწავლებელი მუშაობს.