დავით ბეჟუაშვილი "ბადაგონის" გენერალურ დირექტორს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის სასამართლოში უჩივის

ბიზნესმენი დავით ბეჟუაშვილი "ბადაგონის" გენერალურ დირექტორს, გიორგი სალაყაიას პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის სასამართლოში უჩივის.

სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით ბეჟუაშვილის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ შეიტანა.

როგორც ზვიად კორძაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სალაყაიას მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს დავით ბეჟუაშვილს კავშირი აქვს "ბადაგონთან" დაკავშირებულ მოვლენებთან, სიმართლეს არ შეესაბამება.

ადვოკატის განცხადებით, მათ მოითხოვეს აღნიშნული ინფორმაციის უარყოფა, თუმცა გიორგი სალაყაიამ თხოვნა არ გაითვალისწინა.

"გიორგი სალაყაიას მიერ ორ პრესკონფერენციაზე გავრცელდა ყალბი ცნობები, თითქოს "ბადაგონთან" დაკავშირებულ მოვლენებთან კავშირი აქვს დავით ბეჟუაშვილს. ჩვენ ვთქვით, რომ ორშაბათამდე სარჩელს მოვამზადებდით და თუ ამ ინფორმაციის უარყოფას მოახდენდა, ჩვენ სარჩელს აღარ შევიტანდით. მან არა თუ უარყოფა მოახდინა, არამედ მეორე პრესკონფერენციაზე გაიმეორა იგივე და დაადასტურა, რომ არ აპირებს ამის უარყოფას, ამიტომ სარჩელი შეგვაქვს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის და მოვითხოვთ მის მიერ მედიაში გავრცელებული, სინამდვილესთან შეუსაბამო ცნობების უარყოფას", - განაცხადა ზვიად კორძაძემ.

კომპანია „ბადაგონის“ გენერალური დირექტორის გიორგი სალაყაიას განცხადებით, "ბადაგონით" პარლამენტის ყოფილი წევრი, დავით ბეჟუაშვილია დაინტერესებული და კომპანიაში საგამოძიებო მოქმედებების დაწყებაც სწორედ ამას უკავშირდება.