ეკა გიგაური - სუს-ს ძალიან ბევრი უფლებამოსილება აქვს, ზოგიერთი უფლებამისილება საერთაშორისო პრაქტიკისთვის საერთოდ უცნობია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეფორმირების საკითხზე არასამთავრობო ორგანიზაციები, უსაფრთხოების სექტორის ექსპერტები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები სამუშაო შეხვედრას მართავენ.

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა განაცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები სუს-ის რეფორმირებასთან დაკავშირებით, სადაც პრობლემები რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის კანონმდებლობის კუთხით არსებობს.

ეკა გიგაურის განცხადებით, სამუშაო შეხვედრის შედეგად მიღებულ რეკომენდაციებს მთავრობას წარუდგენენ.

„კანონმდებლობა არ არის დახვეწილი, როგორც ფუნქციების თვალსაზრისით, ასევე ზედამხედველობის კუთხით, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ჩვენ ვისაუბროთ იმაზე, ზოგადად რა ფუნქცია უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების არქიტექტურაში სუს-ის სამსახურს. დღეს ჩვენ ვხედავთ სუს-ს აქვს ძალიან ბევრი უფლებამოსილება და ფაქტიურად, ზოგი ეს უფლებამისილება საერთოდ უცნობია საერთაშორისო პრაქტიკისთვის, მათ შორის არის ანტიკორუფციული გამოძიება. თავის დროზე, როდესაც გაიყო შსს და სუს-ი, საზოგადოებას გვითხრეს, რომ ეს იყო პირველი ნაბიჯი და ამ მიმართულებით რეფორმა გაგრძელდებოდა, თუმცა რეფორმა არ გაგრძელდა და ვფიქრობ, რომ ეს არ არის ის საკითხი, რომელიც უნდა იყოს დავიწყებული“, - განაცხადა ეკა გიგაურმა.

როგორც უსაფრთხოების ექსპერტმა დავით სიხარულიძემ განაცხადა, უსაფრთხოების მიმართულებით ბევრი პრობლემაა და გამოწვევა, რისი მოგვარებაც აუცილებელია.

„უსაფრთხოების სექტორის რეფორმა არის აუცილებელი კომპონენტი სახელმწიფოებრივი და დემოკრატიული განვითარებისთვის, აქ არის ბევრი პრობლემა და გამოწვევა, ერთ-ერთი არის უსაფრთხოების სექტორზე კონტროლის არასრულყოფილი მექანიზმი, რომელიც დღეს საქართველოშია და მეორე – კოორდინაციის და პოლიტიკის განხორციელების და შექმნის არასრულყოფილი მექანიზმები, ეს უფრო მტკივნეული გახდა მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო ცვლილებები იქნა შემოღებული. პრაქტიკულად, გაუქმდა სამთავრობო- საკოორდინაციო მექანიზმი, რომელიც ორიენტირებულია უსაფრთხოების პოლიტიკის შექმნაზე, განხორციელებაზე და მის ზედამხედველობაზე“, - განაცხადა დავით სიხარულიძემ.

სამუშაო შეხვედრა თემაზე „დემოკრატიული რეფორმები უსაფრთხოების სექტორში“ სასტუმრო „რედისონში“ მიმდინარეობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა