ანა ნაცვლიშვილი - თუ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტი კანონად იქცევა, დაზიანდება მედიაბაზარი და შესაბამისად, მედიაგარემო

თუ ეს ცვლილებები იქცევა კანონად, ამით არსებითად შეიცვლება და დაზიანდება მედიაბაზარი და შესაბამისად, მედიაგარემო საქართველოში, - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით "მაუწყებლობის შესახებ" კანონში განხორციელებულ ცვლილებებზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ.

როგორც ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, მოტივირებული შენიშვნები შეეხება კანონპროექტების იმ ნაწილებს, რომელთა კანონად გადაქცევა შეიცავს სერიოზულ საფრთხეებს საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სიკეთეების დაზიანების.

„კერძოდ, თუ ეს ცვლილებები იქცევა კანონად, ამით არსებითად შეიცვლება და დაზიანდება მედიაბაზარი და შესაბამისად, მედიაგარემო საქართველოში. ეს ცვლილებები ასევე პრობლემებს შეუქმნის თავად საზოგადოებრივ მაუწყებელს და შეიძლება საზოგადოებრივი მაუწყებლის არსი და იდეაც კი დააყენოს კითხვის ნიშნის ქვეშ და ასევე ეს ცვლილებები, თუკი ის იქცევა კანონად, არსებით რისკებს შექმნის კორპუფციისთვის საზოგადოებრივ მაუწყებელში“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, დღეს მაუწყებლობის შესახებ კანონით დადგენილია მკაცრი შეზღუდვები რეკლამისა და სპონსორობის განთავსებასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

„შემოთავაზებული ცვლილებები ამ სურათს არსებითად ცვლის. შემოთავაზებულია, რომ სპონსორობაზე ფაქტობრივად, მოიხსნას ყოველგვარი შეზღუდვა და ამით საზოგადოებრივი მაუწყებელი პრაქტიკულად გაუთანაბრდეს კომერციულ არხებს. რაც შეეხება რეკლამას, ორმაგდება დრო ეთერის იმ მონაკვეთში, როდესაც დღესაც დასაშვებია კომერციული რეკლამის განთავსება და ამას ემატება დრო და შესაძლებლობები, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კომერციული რეკლამა განათავსოს საკუთარ ეთერში“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, ეს ცვლილებები ნიშნავს იმას, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი შევა კონკურენციაში სარეკლამო ბაზარზე წარმოდგენილ კერძო მაუწყებლებთან და არა მხოლოდ მაუწყებლებთან, ყველა კერძო მედიასაშუალებასთან, ვინც წამოდგენილია სარეკლამო ბაზარზე და იქიდან იღებს მისი არა მხოლოდ განვითარებისთვის, არამედ ხშირად არსებობის გაგრძელებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან რესურსებს.

„კონკურენციაში პრობლემა ნაკლებადაა. პრობლემაა იმაში, რომ ეს არის იმთავითვე უთანასწორო და შესაბამისად, უსამართლო კონკურენცია, რადგან ერთი მხრივ, ჩვენ გვყავს საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელსაც აქვს გარანტირებული, სტაბილური დაფინანსება, მილიონობით ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მეორე მხრივ, ჩვენ გვყავს მედიასაშუალებები, რომლებსაც ასეთი პრივილეგია არ აქვთ. მათ არ აქვთ ფუფუნება ჰქონდეთ მრავალმილიონიანი გარანტირებული, წინასწარგანჭვრეტადი ბიუჯეტი და გამომდინარე იმ რეალობიდან, რომელიც მედიაბაზარზე დღეს არსებობს, განვითარების ნაცვლად, ხშირად კერძო მაუწყებლებს გადარჩენისთვისაც კი უწევთ ბრძოლა“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა