პრეზიდენტის პატრონაჟით, სტუდენტური კონკურსი “სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად 2018” იმართება

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სტუდენტური კონკურსის “სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად 2018”-ის შესახებ პრესკონფერენცია გაიმართა.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, კონკურსი პრეზიდენტის პატრონაჟით ტარდება და წარმატებულ სტუდენტურ პროექტებს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი დააფინანსებს.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სოციალური მეწარმეობა საქართველოში სულ უფრო პოპულარული ხდება, რადგან სოციალური მეწარმეობა თავისი არსით გულისხმობს ბიზნესის კეთებას ისე, რომ ეს იყოს სხვისთვისაც სასარგებლო. მითუმეტეს, იმ სოციალურ ფონზე, რომელიც ქვეყანაშია, მნიშვნელოვანია თითოეულმა ბიზნესმა გაიაზროს, რომ მხოლოდ მათთვის შემოსავალი არ ნიშნავს სიკეთეს დანარჩენი ქვეყნისთვის”, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

კონკურსი იმართება “საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის” მიერ ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის ფარგლებში.

სოციალური მეწარმეობის პროგრამის მენეჯერის ეკა დათუაშვილის განცხადებით, კონკურსი ხორციელდება საქართველოს მასშტაბით და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს.

“კონკურსში რამდენიმე ეტაპია. პირველ რიგში, 4- კაციანი სტუდენტური ჯგუფები დარეგისტრირდებიან. შემდეგ გუნდებს მთელ რიგ საგანმანათლებლო ღონისძიებებში ჩართვა შეეძლებათ, რომ უფრო კარგად გაეცნონ თუ რა არის სოციალური მეწარმეობა. მათ 4 ქართული მოქმედი სოციალური საწარმო უმასპინძლებს და დაუსვამს ამოცანას, ბიზნესპროექტების მეშვეობით მათი კონკრეტული საჭიროების მოგვარების შესახებ. ეს იქნება საკონკურსო ამოცანა. საუკეთესო გუნდები გადავლენ ფინალში. 4 საუკეთესო გუნდს გადაეცემა 1 500 ლარიანი გრანტი და მათ ექნებათ შესაძლებლობა, თავიანთი პროექტი განახორციელონ და დაეხმარონ საწარმოს. საბოლოოდ, ამ ოთხი პროექტიდან გამოვლინდება გამარჯვებული სტუდენტური გუნდი, რომლებიც სოციალური მეწარმეობის თემაზე საერთაშორისო კონფერენციას დაესწრებიან”, - განაცხადა ეკა დათუაშვილმა.

დაინტერესებულ სტუდენტებს ინფორმაციის მიღება და რეგისტრაცია შეეძლებათ ორგანიზაციის ვებ-გვერდის csrdg.ge მეშვეობით.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა