„ახალგაზრდა ადვოკატები“ კომპანია Sinohydro Corporation Limited-ის საქართველოს ინფრასტრუქტურულ პროექტებში საქმიანობის შესახებ კვლევის შუალედურ შეფასებას აქვეყნებს

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ კომპანია Sinohydro Corporation Limited-ის საქართველოს ინფრასტრუქტურულ პროექტებში საქმიანობის შესახებ კვლევის შუალედურ შეფასებას აქვეყნებს.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებიდან“ აცნობეს.

ორგანიზაცია კომპანიისა და მის მიმდებარედ საწარმოო ტერიტორიაზე დარღვევების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომელის შემოწმებაც უკანასკნელად 2016 წლის 16 მარტს განხორციელდა.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, „ახალგაზრდა ადვოკატების“ ინტერესს წარმოადგენდა სახელმწიფოს შესაბამისი უწყებების მიერ შემოწმდა თუ არა კომპანია „Sinohydro Corporation Limited”-ის საქმიანობის პროცესში შრომის უსაფრთხოება და გაცემულა თუ არა რეკომენდაციები დასაქმებული პირების შრომითი უფლებების უზრუნველყოფის მიმართულებით.

”ორგანიზაცია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპირირების დეპარტამენტის ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე აღნიშნავს, რომ გამოკვეთილია 21 საკითხი, რომელიც უხეში დარღვევის სახით დადგენილია კომპანია „Sinohydro Corporation Limited“-ის საქართველოში საქმიანობიდან. მეტიც, ორგანიზაციის კვლევის ფარგლებში დადგენილია, რომ კომპანია „Sinohydro Corporation Limited”-ში არასრულფასოვნადაა დანერგილი შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის სისტემა. კომპანია ვერ წარმოადგენს თანამდებობრივ და საწარმოო ინსტრუქციებს. ინსტრუქტაჟის ჩატარების წესი და შინაარსი ბუნდოვანია. შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირები საუბრობენ დასაქმებულთათვის უცხო ენაზე, რაც იწვევს ეფექტური კომუნიკაციის დეფიციტს. აღნიშნული განაპირობებს შრომის დაბალ კულტურასა და არაჯანსაღ სამუშაო პროცესს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ საზოგადოებას მიუთითებს იმ 21 დარღვევაზე, რომელიც კომპანია „Sinohydro Corporation Limited”-ის საქართველოში საქმიანობის ფარგლებში დადასტურებულია:

1. დასაქმებულები არ გადიან სავალდებულო პერიოდულ სამედიცინო შემოწმებას;

2. სამუშაო ადგილები არ არის მომარაგებული პირველადი სამედიცინო დახმარების საშუალებებით;

3. საწარმოში მოსაწესრიგებულია სახანძრო უსაფრთხოება;

4. საწარმოში მოსაწესრიგებელია ელექტროუსაფრთხოება;

5. საწარმოს ტერიტორიაზე და საამქროებში არ არის საკმარისი რაოდენობის და შესაბამისი ხასიათის მქონე ამკრძალავი, სავალდებულო, სარეკომენდაციო და დამხმარე ხასიათის ნიშნები;

6. ჟანგბადის და პროპანის ავზები მიმოფანტულია საწარმოს ტერიტორიაზე უკონტროლოდ. ექსპლუატაციაში მყოფ მაღალი წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობებს არ უტარდება ტექნიკური შემოწმება უსაფრთხოების კომპონენტზე;

7. საწარმოს ტერიტორიაზე არსებული რეზერვუარები და სანიაღვრე არხი არ არის შემოღობილი ჯებირებით, შესაძლებელია პერსონალის ჩავარდნა და ტრამვირება;

8. საწარმოოში წარმოქმნილი ნახმარი წყლები გაედინება ყოველგვარი გაწმენდა-გაუვნებლობის გარეშე;

9. საწარმოს კუთვნილი მძიმე ტექნიკის ნაწილი საჭიროებს ტექნიკურად სრულ გამართვას;

10. ამწე-მოწყობილობების ტექნიკური გამართულობა გაურკვეველია, ვერ წარმოადგინეს ტექნიკური შემოწმების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

11. არმატურის საამქრო წარმოადგენს არაკაპიტალურ, ტენტით ნაწილობრივ გადახურულ ფარდულს. შიდა და გარე პერიმეტრი გადატვირთულია სამრეწველო მასალით (არმატურით), ერგონომიკა მოუწესრიგებელია, დასაქმებულები მუშაობენ სამოქალაქო ტანსაცმელში, იდს-ების გამოყენების გარეშე, ელექტროგაყვანილობა მოსაწესრიგებელია. პრაქტიკულად უგულებელყოფილია შრომის დაცვის მინიმალური ნორმები.საწარმოო პროცესები არამექანიზმებულია და არ არის გათვალისწინებული ნაკადულობა;

12. დასაქმებულებს სპეცტანსაცმელი და ინდივიდუალური დაცვის საშუალებები ეძლევათ დაგვიანებით (სამითვის ვადის გასვლის შემდეგ), არასრული კომპლექტაციით და უხარისხო. პერსონალი საწარმოო სივრცეში გადაადგილდება და დაკისრებულ მოვალეობას ასრულებს სამოქალაქო ტანსაცმლით, იდს-ების გარეშე.სპეციალურ სამუშაოებს ასრულებენ სათანადო აღჭურვილობის გარეშე;

13. საწარმოს პერიმეტრი საჭიროებს კეთილმოწყობასა და დასუფთავებას;

14. ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე პერიმეტრზე, მოუწყობელ პოლიგონზე წარმოებს ორგანიზაციის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეცხვა ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების გარეშე;

15. სასადილო არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობაშია. საჭიროებს კოსმეტიკურ რემონტს, მოსაწყობია ეფექტური სავენტილაციო სისტემა. შენობის კედლები დაფარულია სოკოს ფენით. არ არის სრულად გათვალისწინებული სურსათის უვნებლობის წესები. არ მოწმდება კვების ბლოკში დასაქმებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა. საწარმოო სათავსებში ადგილი აქვს თამბაქოს მოხმარებას;

16. ბეტონის საამქროში სამუშაო ადგილი მოწყობილია უშუალოდ ბეტონის ჩამომსხმელ დანადგარის სივრცეში. მოწყობილობების ტექნოლოგიური პროცესის ერთ-ერთ ძირითად ელემენტს წარმოადგენს ვიბრაცია, მტვერის წარმოქმნა, ხმაური. საწარმოო პროცესში გამოიყენება მოვიბრირე ხელის იარაღი. არ არის გათვალისწინებული მოწყობილობა სამუშაო ტანსაცმლის გაუმტვერიანებისათვის, არ გამოიყენებენ იდს-ებს: რესპირატორს, სმენის ორგანოს დამცავს, ვიბრომომაიზოლირებელ ხელთათმანებს, სათვალეს/ფარს. სიმაღლეზე ამსვლელი კიბეები არ არის შემოფარგლული ვარდნის საწინააღმდეგო მყარი სალტეებით. მოსაწესრიგებელია ელექტროობა;

17. საწარმოო სათავსში მოსაწყობია რაციონალური განათება და არ ხორციელდება განათების გაზომვა;

18. სამუშაო პროცესში გამოყენებული საწარმოო პროცესების მავნე ფაქტორებით (მტვერი, სახვადასხვა აეროზოლები, ნავთობპროდუქტები და სხვა) დაბინძურებული ტანსაცმელი ირეცხება საყოფაცხოვრებო პირობებში (ოჯახში) დასაქმებულების მიერ ინდივიდუალურად, რაც განაპირობებს მეორადი მტვერის და სხვა მავნეობის მესამე პირებთან (ოჯახის წევრები) კონტაქტს;

19. დასაქმებულები არ არიან უზრუნველყოფილნი სანიტარული ნორმების შესაბამისი საყოფაცხოვრებო დანიშნულების ფართებით.კვების ბლოკი გამოიყენება მხოლოდ დასაქმებულთა ნაწილის მიერ, ხოლო დანარჩენს ეზღუდება მასზე წვდომა და იკვებება შეუსაბამო ჰიგიენურ პრობებში - საამქროებში მოწყობის მცირე ფარდულის ტიპის ფართებში ან / და უშუალოდ საამქროებში. დასაქმებულთა ნაწილს არ აქვს წვდომა საწარმოს პერიმეტრზე არსებულ საცხოვრებელ კომპლექსში საშხაპეებთან და ვერ იცავენ ელემენტარულ ჰიგიენურ ნორმებს. მოუგვარებელია მუშა-მოსამსახურეთა გასახდელების საკითხიც და პრაქტიკულად გასახდელად და გამოსაკვებად ერთიდაიგივე ფართს გამოიყენებენ;

20. ორგანიზაცია არ ახორციელებს სამუშაო ადგილების მიკროკლიმატის მაჩვენებლებზე საწარმოს კონტროლს;

21. ორგანიზაცია არ აწარმოებს სამუშაო სივრცეში მავნე ნივთიერებების ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციების კონტროლს.

ცნობისთვის, „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ კომპანია „Sinohydro Corporation Limited“-ისა და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიმართ, სამართლებრივი დავა 2018 წლის 1 თებერვალს დაიწყო, რომელიც ეხება საქართველოში მიმდინარე მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში დაზარალებული მესაკუთრეთა უფლებების დაცვას და სახელმწიფოს უმოქმედობის შეჩერებას.

ორგანიზაცია სწავლობს - შესაძლოა იკვეთებოდეს ტენდერებში მონაწილე კომპანიის არაკეთილსინდისიერი ქმედებები, რაც გამოიხატება გამოცხადებულ სატენდერო კონკურსებში გამარჯვების მიზნით, პროექტის სრულყოფილად განხორციელებისთვის საჭირო რეალურ თანხაზე გაცილებით ნაკლების შეთავაზებით, ამ ფორმით, იოლი გამარჯვებით, ხოლო შემდგომ პროექტისთვის აუცილებელი საკმარისი ფინანსური სახსრების არ არსებობის გამო, მისი მნიშვნელოვანი ხარვეზებით განხორციელებით. ორგანიზაცია „Sinohydro Corporation Limited“-ს მიმართ საზოგადოებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული პროექტების მიმართ არსებულ მდგომარეობის ანალიზსაც წარმოუდგენს. საკითხზე კვლევა 2018 წლის მარტში გამოქვეყნდება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს