ქართული პრესის მიმოხილვა 17.02.2018

თურქეთსა და სირიას შორის ომი იწყება

საზმაუსთვის რეკლამის გაშვების უფლების დაკანონება დააზარალებს თუ არა კერძო მაუწყებლებს?

"აფხაზეთის სახელმწიფო ჰიმნის" ავტორი პედოფილი აღმოჩნდა

* * *

თურქეთსა და სირიას შორის ომი იწყება

"სირიაში, აფრინის რეგიონში თურქების წინააღმდეგ დაპირისპირებაში ქურთების მხარდამხარ სირიის სამთავრობო ჯარებიც ერთვებიან. სირიის მედიის ცნობით, ეს უახლოეს დღეებში მოხდება და, ექსპერტების თქმით, ეს უკვე იქნება რეგიონული ომის, სირია-თურქეთის ომის დასაწყისი, რაშიც ასევე შესაძლებელია, რუსეთი და ირანი ჩაერთონ, რადგან ეს ქვეყნები სირიის მოკავშირეები არიან. სირიის ტელეარხი "ალ-მაიადინი" საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბაშარ ასადის მთავრობა და ქურთული ფორმირება "სახალხო თავდაცვის ძალები" შეთანხმდნენ, სირიის ჯარები შევიდნენ აფრინის ტერიტორიაზე "თურქეთის თავდასხმის მოსაგერიებლად" და ეს უახლოეს დღეებში მოხდება. ტელევიზიის ცნობით, ამის შესახებ მინიშნება ცოტა ხნის წინ სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფაისალ მიკადმაც გააკეთა, როდესაც განაცხადა, რომ სირიის ჯარი ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში შესვლას გეგმავს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით თურქეთსა და სირიას შორის ომი იწყება.

"ის, რომ ქურთებმა დასახმარებლად დაუძახეს სირიის სამთავრობო ჯარებს და ერთობლივად შეუტევენ თურქეთის შეიარაღებულ ძალებს, უკვე იმას ნიშნავს, რომ რეგიონული ომი უკვე ფაქტობრივად მალე დაიწყება. რეგიონულ ომში ჩაერთვებიან თურქეთი, ასევე სირიის სამთავრობო ძალები და თუ ეს კონფლიქტი გამწვავდა, შესაძლოა, ირანიც ჩაერთოს და რუსეთიც, რომლებიც ასადის მოკავშირეები არიან", - აცხადებს უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ვახტანგ მაისაია. სირიაში ბევრი ქვეყნის ინტერესი კვეთს ერთმანეთს და ვითარება ძალიან დაძაბულია. ანკარამ სირიის ჩრდილოეთით, თურქეთ-სირიის საზღვართან ქალაქ აფრინში სამხედრო ოპერაცია სახელწოდებით "ზეთისხილის რტო" 20 იანვარს დაიწყო იქ განლაგებული ქურთების წინააღმდეგ -თურქეთი ქურთებს ტერორისტებად მიიჩნევს. ოფიციალური დამასკო თურქეთის ამ ქმედებებს სამხედრო აგრესიას უწოდებს, რის გამოც დამასკომ საჩივრით გაერო-ს უშიშროების საბჭოსა და ორგანიზაციის გენერალურ მდივანსაც მიმართა. სირიის მთავრობას მხარს რუსეთი და ირანი უჭერენ. თურქეთის მიერ ტერორისტებად გამოცხადებული ქურთების მოკავშირე კი აშშ-ია, რის გამოც ანკარასა და ვაშინგტონს შორის ბოლო დროს ურთიერთობები დაძაბულია - ამ საკითხის მოსაგვარებლად გუშინ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში იმყოფებოდა", - აღნიშნავს გამოცემა.

"თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ტილერსონთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დაძაბული პერიოდის შემდეგ, ანკარამ და ვაშინგტონმა ურთიერთობების ნორმალიზებასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს. ჩავუშოღლუს თქმით, ქურთულმა "სახალხო თავდაცვის ძალებმა" პირველებმა უნდა დატოვონ მემბიჯის რაიონი, რათა თურქეთმა აშშ-თან ერთად ნდობაზე დაყრდნობით გადადგას ნაბიჯი. თავის მხრივ, ტილერსონმა დაამატა, რომ აშშ იმუშავებს თურქეთისთვის მემბიჯთან დაკავშირებით მიცემული პირობების შესრულებაზე. აღსანიშნავია, რომ თურქეთი, აფრინის შემდეგ, სამხედრო ოპერაცია "ზეთისხილის რტოს" გაგრძელებას მემბიჯის ტერიტორიაზეც გეგმავს. ვახტანგ მაისაიას თქმით, სირიაში ძალიან სახიფათო ვითარება იქმნება და კონფლიქტი რეგიონულ ომში გადადის, რადგან უკვე სირიის სამთავრობო ძალები ერთვებიან ქურთების მხარდამხარ თურქეთის შეიარაღებულ ძალებთან ბრძოლაში. მისი განმარტებით, სირიის ხელისუფლების განაცხადი გასაგებია - ისინი იცავენ სუვერენიტეტის ქვეშ მყოფ ტერიტორიას, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია ქურთების პოზიცია და აშშ-ის გეგმები", - განაგრძობს გამოცემა.

"თავის დროზე ქურთებისა და ამერიკელების გარიგება მოხდა "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლის გამო. ამერიკელებს ასევე უნდოდათ საკუთრი ინტერესების გატარება, რომ სირიელი ქურთები ასადის არაჰუმანური და ტერორისტული რეჟიმის ჩამოსაგდებად გამოეყენებინათ და ახლა, ფაქტობრივად, გამოდის, რომ აშშ და სირიის მთავრობა ქურთების მეშვეობით უკავშირდებიან ერთმანეთს - ქურთების მხარეს სირიის სამთავრობო ძალების ჩართვა ვაშინგტონს ჩიხში აქცევს. ახლა ვაშინგტონს ანკარასთან ურთიერთობები გართულებული აქვს, რის გამოც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი ანკარაშიც იყო ჩასული და ითქვა, რომ სირიის თემაზე მხარეებმა შეთანხმებასაც მიაღწიეს. თუმცა, ზუსტად რა იქნება, ეს მომავალში გამოჩნდება", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

"თუ ანკარა-ვაშინგტონს შორის შეთანხმება მოხდა, ეს ნიშნავს, რომ აშშ-მა ქურთებს უკან დახევა მოსთხოვა თურქეთის გამო და შეიძლება, სწორედ ამიტომაც მოხდა, რომ ქურთებმა დასახმარებლად დაუძახეს სირიის სამთავრობო ჯარებს და ერთობლივად შეუტევენ თურქეთის შეიარაღებულ ძალებს. ანუ ფაქტობრივად ეს კონფლიქტი რეგიონული დონის კონფლიქტში გადავა. სირიის სამთავრობო ძალები და თურქეთის შეიარაღებული ძალები დაეტაკებიან ერთმანეთს. სირიის უკან დგას ირანი და რუსეთი, თურქეთის მხარეს პრინციპში აშშ უნდა გამოვიდეს, სხვა გამოსავალი არ აქვს. თუ აშშ მხარს დაუჭერს ქურთებს და შეინარჩუნებს ნეიტრალიტეტს, გამოდის, რომ ამერიკელები მხარს უჭერენ ქურთებს თურქების წინააღმდეგ და ასევე გამოვა, რომ აშშ-ის მთავრობა ასადის რეჟიმის ლეგიტიმურობას ცნობს - ასეთ ჩიხში მოექცა ამერიკა", - მიიჩნევს მაისაია.

"სირიის სამთავრობო ჯარებისა და ქურთების შეთანხმების უკან შესაძლოა, რუსებიც დგანან, რომ ამით აშშ-ის გადაუხადონ სამაგიერო. სირიის არმიას ზურგს რუსეთის ჯარები უმაგრებს და რუსების გარეშე ასადი ამ ოპერაციას არ დათანხმდებოდა. რუსების გეგმაა, რომ აშშ-სა და თურქეთს შორის დიდი უთანხმოება ჩამოაგდოს და დაუპირისპიროს ერთმანეთს. აშშ-ის ჩიხში შეყვანით შესაძლოა, ისინი სირიის კონფლიქტიდან საერთოდ ამოვარდნენ. ამერიკელებს რეალური სამხედრო პლაცდარმი გააჩნიათ აფრინისა და მემბიჯის რაიონებში, მათი კონტინგენტი, ოფიციალურად 300-400 ჯარისკაცი, აქაა. რუსეთის მთავარი იდეაა, ამერიკელებმა დაკარგონ კონტროლის უნარი ამ რაიონებზე, რითაც აშშ კონტროლს მთლიან სირიაზე დაკარგავს. ამერიკელები დილემის წინაშე არიან. შესაძლოა, თურქებს მოელაპარაკონ, რომ ერთად იმოქმედონ და ასე შეინარჩუნონ პლაცდარმი აფრინსა და მემბიჯში და სანაცვლოდ ქურთების დახმარებაზე უარი თქვან ან თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ", - დაასკვნის ვახტანგ მაისაია.

საზმაუსთვის რეკლამის გაშვების უფლების დაკანონება დააზარალებს თუ არა კერძო მაუწყებლებს?

"მაუწყებლობის შესახებ" კანონთან დაკავშირებით ერთთვიანი კამათი დასასრულს მიუახლოვდა. მომავალ კვირას პარლამენტი პრეზიდენტის კიდევ ერთი ვეტოს დაძლევას შეეცდება. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის აზრით, სარეკლამო ბაზარზე "პირველი არხის" შემოსვლა არ დააზარალებს სხვა ტელევიზიებს, ამიტომ, მისი პირადი პოზიციაა, რომ ვეტო უნდა დაიძლიოს. თუმცა, კობახიძის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებაზე შეჯერება საპარლამენტო უმრავლესობის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრაზე მოხდება. "გუშინ სხდომაზე აღვნიშნე, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ვითარებას თუ გააუმჯობესებ, თორემ იქ რამის გაუარესება შეუძლებელია. წლების განმავლობაში ათეულობით მილიონი ჩვენი გადამხდელის ფული იხარჯებოდა იმაზე, რომ დაწერილიყო ნულოვანი რეიტინგი და ამას ყველა გულგრილად უყურებდა... გვინდა, რომ ეს ათეულობით მილიონი, დაიხარჯოს მიზნობრივად და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მინიმალური სოციალური გავლენა შეიძინოს. ეს არის ჩვენი მიზანი და ეს მიზანი აუცილებლად შესრულდება... დღეს მე დავრწმუნდი ჩემი არგუმენტების სისწორეში. გვაქვს ძალიან მყარი არგუმენტები, რომლებიც ადასტურებს იმას, რომ გაუმჯობესდება ვითარება იმ ცვლილებების საფუძველზე... არ მიადგება ზიანი არავითარი ფორმით კერძო მაუწყებლებს. საპირისპირო მყარი არგუმენტები ჩვენ დღეს ვერ მოვისმინეთ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ გუშინ მედიის წარმომადგენლებთან ხმაურიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ", - მიმართავს გაზეთი "რეზონანსი" საზოგადოების წარმომადგენლებს კითხვით - საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის რეკლამის გაშვების უფლების დაკანონება დააზარალებს თუ არა კერძო მაუწყებლებს?

"ამის ექსპერტი არ გახლავართ, მაგრამ ტელევიზიით რასაც ვხედავ, დამოუკიდებელ მედიას არ აძლევენ საშუალებას, თავისი მოსაზრება გამოთქვას. ჩემთვის მთავარი რაც არის და რაც მოვისმინე, ისაა, რომ ამით რეგიონული ტელევიზიები დაზარალდება. რეგიონულ ტელევიზიას ეკომონიკურ საფუძველს რომ გამოაცლი, რომელ დეცენტრალიზაციაზეა ლაპარაკი?! ამ შემთხვევაში, ჩემთვის ყველაზე მტკივნეული ესაა და არა, დავუშვათ, "რუსთავი 2"-ის ამბავი. უფრო რეგიონული მედია მაწუხებს, არ დაგიმალავთ", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას არქიტექტორ-ურბანისტი ლადო ვარდოსანიძე.

"საერთოდ ვერ ვხვდები, ამდენი ხალხი რა საჭიროა ამ კანონის მიღება-არმიღებაში. უღირს კი "საზმაუს" თუნდაც დამატებით ორი მილიონი ლარი ამ ხმაურად, ვნებათაღელვად და იმ აზრის ჩამოსაყალიბებლად, რომ ვიღაცას ხელს შეუშლის?! გუშინ საერთოდ ფანტასტიკური რამ მოვისმინე, გენერალურმა დირექტორმა თქვა - ჩვენ რომ 50 მილიონი გვგონია, სინამდვილეში 39-იაო. პარლამენტის თავმჯდომარემ ჰკითხა, 50 39 როგორ არისო. მგონი თვითნაც ვერ ერკვევიან, რეალურად თანხა რამდენი აქვთ. 39 და 50 თუ მათთვის სულერთია, რატომ გაგიჟდნენ, დაანებონ თავი კერძო ტელევიზიებს და სალაპარაკოს ნუ გახდიან. ყველაფერზე გული მტკივა, რაც იქ ხდება. დაადგინონ ბიუჯეტი და პრიორიტეტები. გვითხრან, ვის სჭირდება და ვის ემსახურება", - ამბობს მომღერალი ირმა სოხაძე.

"მედია თავისუფალია და მგონი, სახელმწიფო რესურსები, რაც არსებობს, თანაბრად უნდა გადანაწილდეს. რომელიმეს უპირატესი მდგომარეობა არ უნდა ეკავოს. არ ვიცი, ზუსტად იქ რა ხდება, მაგრამ მგონი, სახელმწიფომ უნდა მოახერხოს და სიტუაცია დააბალანსოს", - მიიჩნევს იურისტი ქეთი ბექაური.

"მგონია, რომ ნაწილობრივ დააზარალებს და ეს კერძოები ძალიან მეცოდებიან. მგონია, ყველას მოუნდება ფულის ჩადება, რადგან მაინც საზოგადეობრივია და უფრო სახელმწიფოებრივად ჟღერს. ვფიქრობ, ორივე მხარეს უნდა დაეხმარონ - საზოგადოებრივ-სახელმწიფოებრივსაც და კერძოებსაც, რადგან კერძოები ნაკლებ საქმეს არ აკეთებენ", - დასძენს მუსიკათმცოდნე ნუცა ჯანელიძე.

"აფხაზეთის სახელმწიფო ჰიმნის" ავტორი პედოფილი აღმოჩნდა

"აფხაზეთის ჰიმნის" ავტორი და სოხუმში ცნობილი კომპოზიტორი ვალერი ჭკადუა დე ფაქტო პროკურატურამ პედოფილიის ბრალდებით დააკავა. დაკავება ერთ-ერთი სკოლის მასწავლებლის განცხადების საფუძველზე მოხდა. "ექსპერტთა კლუბის" წევრ ირაკლი ცქიტიშვილის თქმით, "ფეისბუქში" რამდენიმე აფხაზმა დაწერა, რომ კომპოზიტორი პედოფილიაში ადრეც იყო შემჩნეული, მაგრამ როგორც "მნიშვნელოვან ფიგურას" პატიობდნენ", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "აფხაზეთის სახელმწიფო ჰიმნის" ავტორი პედოფილი აღმოჩნდა.

"მაინც "ჰიმნის" ავტორია და ამიტომ ეს სიტუაცია რეზონანსულია, მიუხედავად იმისა, რომ ჭკადუასთან დაკავშირებით პედოფილიის ამბები ადრეც არაერთხელ გაჟღერებულა. თვითონ აფხაზები წერენ სოციალურ ქსელში, რომ ადრე ბევრჯერ იყო ჭკადუაზე ლაპარაკი და ყური არავის დაუგდია. ეტყობა ადრე ოფიციალური ჩივილი არ ყოფილა, ახლა იყო და ამიტომ რეაგირების გარეშე ამის დატოვება უბრალოდ არ შეეძლოთ სამართალდამცველებს", - ამბობს ცქიტიშვილი. დე ფაქტო პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კომპოზიტორი სოხუმში 14 თებერვალს დააკავეს. გამოძიება იმ მიხლით მიმდინარეობს, რომელიც არასრულწლოვანის მიმართძალადობრივ სექსუალურ ქმედება გულისხმობს. აფხაზურ მედიაგამოცემა "აფსნი ლაიფის" ინფორმაციით, ვალერი ჭკადუა არის "აფხაზეთის სახელმწიფო ჰიმნისა" და ასევე პირველი აფხაზური ბალეტ "რიწის" მუსიკის ავტორი. მან დაამთავრა თბილისი კონსერვატორია 1977 წელს, 1980 წელს კი ასპირანრურა. დაკავებულს უმუშავია აფხაზეთის სახალხო შემოქმედთა სახლში უფროს მეთოდისტად, იყო აფხაზეთის კომპოზიტორთა კავშირის წევრი, აფხაზეთის მწერალთა ასოციაციის წარმომადგენელი. არის დიმიტრი გულიას სახელობის "სახელმწიფო პრემიის" ლაურეატი. ცქიტიშვილის თქმით, "აფხაზეთის სახელმწიფო ჰიმნის" ავტორობის გამო, ეს ამბავი ძალიან რეზონანსულია", - აღნიშნავს გამოცემა.

"ნებისმიერი ადამიანი, ვინც პედოფილიითაა დაკავებული, საგანგაშოა ნებისმიერი საზოგადოებისთვის და არც აფხაზურია გამონაკლისი. ამას რეზონანსს ის აძლევს, რომ ცნობადობის გარკვეული სტატუსი აქვს. ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, გამოძიება როგორ წარიმართება - დაადანაშაულებენ თუ ჩაფარცხავენ საქმეს. ჩვენ ვიცით, რომ აფხაზეთშთი ხშირია, როდესაც სერიოზულ დამნაშავენ აფარებენ ხელს გავლენიანი ნათესავების გამო და დიდხანს არ აჩერებენ ციხეში. ამიტომ, წინასწარ იმის თქმა, რომ ამ ფაქტს გამოიძიებენ და აუცილებლად დასჯიან, შეუძლებელია. შესაძლოა, დასკვნა დადონ, რომ ფაქტი სწორი არ არის იმის გამო, რომ მას ასეთი სტატუსი აქვს - მედოფილიით მისი გასამართლებისთვის ჩირქი ედება ე.წ. სახელმწიფოებრიობას და მის ფასეულობას", - ამბობს ირაკლი ცქიტიშვილი, რომელიც დასძენს, რომ ჯერ არ იცის და სანახავია შემდეგ როგორ მიიღებს ამას აფხაზური საზოგადოება", - წერს სტატიის ავტორი.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო