საქართველოს საგარეო უწყება - გერმანიის მხრიდან საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების კატეგორიაში გადაყვანის წინადადება აქტიურად განიხილება

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, გერმანიის ფედერალური კანცლერის მრჩეველთან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში იან ჰეკერთან შეხვედრა გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-გერმანიის ორმხრივ თანამშრომლობას, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს და უსაფრთხოების გარემოს რეგიონში. მათივე ცნობით, მხარეებმა დადებითად შეაფასეს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესი და გერმანიის აქტიური მხარდაჭერა ამ მიმართულებით.

„განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზოდ გადაადგილების შესაძლებლობის მინიჭება და უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობა ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესისთვის. საუბარი შეეხო ვიზალიბერალიზაციის მიმდინარეობას და ბოლო პერიოდში ამ პროცესში წარმოქმნილ სირთულეებს, რაც უკავშირდება საქართველოს მოქალაქეების ნაწილის მხრიდან უვიზოდ გადაადგილების წესების დარღვევას და ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნის შესაძლებლობის ბოროტად გამოყენებას.

გერმანულმა მხარემ გამოხატა დაინტერესება ითანამშრომლოს საქართველოსთან აღნიშნული პრობლემების გადაჭრის გზებზე და დადებითი შეფასება მისცა საქართველოს მთავრობის ცალკეულ ინიციატივებს ამ მიმართულებით. საქართველოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული განვითარების მხრივ არსებული პროგრესის გათვალისწინებით აღინიშნა გერმანიის მხრიდან საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების კატეგორიაში გადაყვანის მნიშვნელობა, გერმანულმა მხარემ შეხვედრაზე დაადასტურა, რომ იგი აქტიურად განიხილავს ამ წინადადებას და მასთან დაკავშირებულ პროცედურებს.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა მომავალშიც ხელი შეუწყონ გერმანია-საქართველოს თანამშრომლობის განვითარებას და საერთაშორისო ფორმატებში ეფექტურ თანამშრომლობას“, - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა