საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა რამდენიმე კანონპროექტი განიხილეს

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა რამდენიმე კანონპროექტი განიხილეს და მთავრობის მიერ სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებზე იმსჯელეს.

საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“, კანონპროექტთა თანმდევ პაკეტთან ერთად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ წარადგინა და დეპუტატებს საპენსიო რეფორმის მნიშვნელოვანი ასპექტები დეტალურად გააცნო. მომხსენებლის განმარტებით, პროქტი სოციალური პენსიის ზრდის მექანიზმის შემუშავებას (ინდექსაციას) და დამატებითი საპენსიო სისტემის კომპონენტის - კერძო დაგროვებითი საპენსიო მოდელის დანერგვას ითვალისწინებს.

როგორც ნიკოლოზ გაგუამ განაცხადა, რეფორმის ძირითადი ამოცანებია სოციალური პენსიის მსყიდველუნარიანობის შენარჩუნება და გაუმჯობესება, საპენსიო შემოსავლის თანაფარდობის ზრდა ხელფასთან მიმართებაში და სოციალური საპენსიო მოდელის ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფაა. მან მიმოიხილა არსებული სოციალური საპენსიო სისტემა და ისაუბრა რეფორმის საჭიროებაზე. მომხსენებელმა ასევე რეფორმის ფარგლებში გათვალისწინებული კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემის დანერგვის საჭიროებაზე, კერძო დაგროვებითი საპენსიო აქტივების მართვასა და რეფორმის განხორციელებისათვის საჭირო სახელმწიფო ფისკალური ხარჯების შესახებ ისაუბრა.

„დაგროვებითი პენსიების შესახებ" კანონის პროექტი განსაზღვრული შენატანის საპენსიო სქემის შექმნას გულისხმობს, კერძოდ - თითოეული დასაქმებული, დამსაქმებელი და სახელმწიფო კანონით სქემის მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე განახორციელებს შენატანს - თითოეული დასაქმებულის ხელფასის დაუბეგრავი მოცულობის 2%-ის ოდენობით. რაც შეეხება თვითდასაქმებულ პირებს - ისინი განახორციელებენ შენატანს თავისი შემოსავლის 4%-ის ოდენობით, სახელმწიფო კი როგორც დასაქმებულების, ასევე თვითდასაქმებულების სასარგებლოდ მათ დამატებით გადაურიცხავს დასაბეგრი შემოსავლის 2%-ს.

როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მოხდება დაგროვილი თანხის ინვესტირება, რის შედეგადაც მას საინვესტიციო შემოსავალიც დაერიცხება. შესაბამისად, სისტემაში ჩართულ მოქალაქეს საპენსიო ასაკისთვის უკვე ექნება გარკვეული დანაზოგი, რომელიც სახელმწიფო პენსიასთან ერთად გააუმჯობესებს მისი სოციალური უზრუნველყოფის დონეს საპენსიო ასაკში.

რაც შეეხება ახალ საპენსიო სისტემაში ჩართულ მოქალაქეთა ასაკს - მასში ჩართვა სავალდებულო იქნება 40 წლამდე დასაქმებული ადამიანებისთვის, ხოლო ნებაყოფლობითი იქნება მათთვის, ვისაც კანონის ძალაში შესვლამდე უკვე შეუსრულდა 40 წელი. რაც შეეხება თვითდასაქმებულებს, ისინი ნებაყოფლობით გაწევრიანდებიან სისტემაში, მათი ასაკის მიუხედავად.

ნიკოლოზ გაგუას განმარტებით, საპენსიო აქტივების ინვესტირება მოხდება საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების დაცვით, მაღალკვალიფიციური და გამოცდილი წევრებისგან შემდგარი საინვესტიციო საბჭოს მიერ შემუშავებული საინვესტიციო პოლიტიკის შესაბამისად.

მომხსენებელმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა. კანონმდებლებმა კანონპროექტთან დაკავშირებით მოსაზრებები გამოთქვეს და პოზიციები დააფიქსირეს.

„ვფიქრობ, რომ ამ სქემას ალტერნატივა არ აქვს და კანონპროექტს მხარი უნდა დავუჭიროთ“,-განაცხადა დისკუსიის დასრულების შემდეგ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ. მან კომიტეტის წევრებს კანონპროექტთან დაკავშირებით, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შენიშვნები და მოსაზრებები გააცნო.

ირაკლი კოვზანაძემ ყურადღება რამდენიმე ძირითად მოსაზრებაზე გაამახვილა და განაცხადა, რომ აღნიშნული მიმართულებით მთავრობამ, პარლამენტმა და ეროვნულმა ბანკმა ერთად, კოორდინირებულად უნდა იმუშაოს

„ჩვენ გვაქვს მოსაზრებები კანონპროექტთან დაკავშირებით. რა ხდება საპენსიო აქტივების გაუფასურების შემთხვევაში და როგორ იქნება ეს დაზღვეული. მე მიმაჩნია, რომ ამ მიმართულებით ჩვენ ყველამ, მთავრობამ, პარლამენტმა, ეროვნულმა ბანკმა უნდა ვიმუშაოთ ერთად. მნიშვნელოვანი ასევე საპენსიო თანხების განთავსების საკითხი. თუ სად მოხდება მათი განთავსება. როდესაც ეროვნული ბანკის ორგანულ კანონზე ვმუშაობდით, იქ გარკვევით გვიწერია, თუ სად ხდება ქვეყნის მთავარი რეზერვების განთავსება. ჩვენ აქაც უნდა მივაღწიოთ კონსენსუსს და ეს უნდა იყოს პარლამენტის კონტროლის ქვეშ“,-განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ. მესამე საკითხი რაზეც კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ეხება საპენსიო ასაკს მიღწეულ მოქალაქეებს, რომელთაც ექნებათ სურვილი გააგრძელონ მონაწილეობის მიღება რეფორმით შემოთავაზებულ სქემაში. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, კომიტეტის შენიშვნები ასევე ეხება ფონდის ხარჯებს, ხარჯების ლიმიტს, „შენიშვნებს ჩვენ გადავუგზავნით წამყვან კომიტეტს და მიმაჩნია, რომ ეს შენიშვნები გასათვალისწინებელია“,-განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ. კომიტეტმა განხილულ კანონპროექტს შენიშვნების გათვალისწინებით უყარა კენჭი და მხარი დაუჭირა.

საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ წარადგინა.

თეიმურაზ მურღულიას განმარტებით, საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს რეგულაციებს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან დაკავშირებით. კერძოდ, განიმარტება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან დაკავშირებული ტერმინები და „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი იქცევა ძირითად წყაროდ ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან დაკავშირებული რელევანტური დეფინიციებისათვის. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე, კანონპროექტით გათვალისწინებულ ტერმინთა ნაწილი სხვადასხვა სახით არის განმარტებული „უმაღლესი განათლების შესახებ“ და „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონებში. გამომდინარე იქიდან, რომ ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩო და სწავლის სფეროების კლასიფიკატორი წარმოადგენს განათლების ქვესისტემებისთვის (უმაღლესი, პროფესიული და ზოგადი განათლების) საერთო დოკუმენტს, არ არის მიზანშეწონილი, რომ საკანონმდებლო დონეზე არსებობდეს ტერმინების არაერთგვაროვანი განმარტება.

კომიტეტმა განიხილა კანონპროექტი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისი თანმდევი საკანონმდებლო ცვლილებები.

კანონპროექტის მიღების მიზეზია საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ასოცირების შესახებ შეთანხმებითა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების ფარგლებში, ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამის ბაზარზე ზედამხედველობის სისტემის დანერგვა.

შემოთავაზებული ცვლილებებით, კოდექსის შესაბამისი თავით დარეგულირებულ საკითხებს დაემატა საქართველოს ბაზარზე განთავსებული შესაბამისი პროდუქტების ზედამხედველობა. აღნიშნული პროდუქტების ზედამხედველობის ორგანოდ განსაზღვრულია სააგენტო და შესაბამისად, სააგენტოს უფლებამოსილებებს დაემატა ბაზარზე შესაბამისი პროდუქტების ზედამხედველობა. ცვლილების მიხედვით განისაზღვრა ბაზარზე ზედამხედველობის განხორციელების შემთხვევები და საფუძვლები.

ცვლილებების ფარგლებში, ასევე ბაზარზე ზედამხედველობისას სააგენტოს მიერ გასატარებელი ღონისძიებები განისაზღვრა.

კომიტეტის წევრებმა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი კომიტეტის წევრებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ წარუდგინა.

მომხსენებლის განმარტებით, კანონპროექტის მომზადება განპირობებულია სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახთა (ეკომიგრანტთა) სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობის საჭიროებით.

წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, შემდეგში - სააგენტო), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისთვის ამ მიზნით გამოყოფილი ასიგნებების, ასევე შესაძლო შემოწირულობებისა და გრანტების ფარგლებში, ეკომიგრანტთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციისა და შესაბამისად საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის მიზნით გრანტის გაცემის უფლებამოსილება ენიჭება.

კომიტეტმა კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირა.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მთავრობის მიერ სარატიფიკაციოდ წარდგენილი დოკუმენტები განიხილეს:

• „საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“

• „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესების პროექტის დამატებითი დაფინანსება)“

• „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესების პროექტის დამატებითი დაფინანსება)“

• „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 5)“

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრები გაეცნენ და დაამტკიცეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი პარლამენტის სამუშაო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2017 წლის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშთან- „ინკლუზიური სწავლება“ დაკავშირებით.

აღნიშნულ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო