ეროვნულმა ბანკმა პარლამენტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საკოლექციო მონეტის დიზაინის შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა

ეროვნულმა ბანკმა საქართველოს დამფუძნებელი კრების (პარლამენტი) 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის მონეტის დიზაინის ესკიზის შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა.

როგორც ეროვნულ ბანკში განმარტეს, 2019 წელს შესრულდება საქართველოს დამფუძნებელი კრების (პარლამენტი) 100 წლის იუბილე. 1919 წლის მოწვევის დამფუძნებელი კრება იყო პირველი ქართული პარლამენტი, რომელიც შეიქმნა საქართველოს ისტორიაში პირველი მრავალპარტიული დემოკრატიული არჩევნების ჩატარების შედეგად.

აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტა, ამ თემაზე საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის მონეტა გამოუშვას.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს - როგორც ფიზიკურ (რეზიდენტი/არარეზიდენტი), ასევე იურიდიულ (რეზიდენტი/არარეზიდენტი) პირს, რომელიც აკმაყოფილებს საკონკურსო პირობებს და წარმოადგენს დიზაინის ესკიზს (ესკიზებს) დადგენილ ვადებში.