თემქაზე მოკლული გოგონას მამამ პოლიციის განყოფილება დატოვა

თემქაზე მოკლული გოგონას მამამ ცოტა ხნის წინ პოლიცია დატოვა. მისი დაკითხვა პოლიციაში დაახლოებით 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

დაკითხვის დასრულების შემდეგ გარდაცვლილის მამას ჟურნალისტებთან ვრცელი კომენტარი არ გაუკეთებია. მან მხოლოდ ის აღნიშნა, რომ მომხდარის შესახებ არაფერი იცის.

არსებული ინფორმაციით, თემქის პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფება გარდაცვლილი გოგონას დედა. მანამდე კი დღეს გამომძიებლებმა დაკითხეს გარდაცვლილი ანა ნაცვლიშვილის მეგობარი გოგონა, რომელსაც დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 21 წლის გოგონას სხეულზე ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება. „დღეს დილით, გამთენიისას, თბილისში, თემქის დასახლებაში, აღმოჩენილია ახალგაზრდა ქალის ცხედარი, რომელსაც, პირველადი ინფორმაციით, ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება. გარდაცვლილი იდენტიფიცირებულია - იგი არის 1997 წელს დაბადებული ა.ნ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტი ინტენსიურ ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. მიმდინარეობს გარდაცვლილის ოჯახის წევრების გამოკითხვა. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს108-ე მუხლით დაიწყო“, - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.