თამარ ხულორდავა - შრომის უსაფრთხოების სტანდარტების შემოღება არის აუცილებელი, სავალდებულო და დღესვე გასაკეთებელი

შრომის უსაფრთხოების სტანდარტების შემოღება, ამ საკითხის რეგულირება კანონის დონეზე, არის აუცილებელი, სავალდებულო, არის ამ წუთში აუცილებელი და დღესვე გასაკეთებელი, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, დეპუტატმა, თამარ ხულორდავამ განაცხადა.

დეპუტატი აღნიშნულთან დაკავშირებით პარტია ”ევროპული საქართველოს” წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პარტიის პოზიცია გაოცებას იწვევს.

"არ შემიძლია არ გამოვხატო გაოცება და გაკვირვება „ევროპული საქართველოს“ პოზიციასთან დაკავშირებით. სათაურიც ისეთი აქვს ამ პარტიას, „ევროპული საქართველო“, რომ განცხადებები, რაც დღეს მოვისმინეთ მათგან შრომის უსაფრთხოების სტანდარტებთან, რეგულირების აუცილებლობასთან დაკავშირებით და შრომის ინსპექციის აბსურდულობასთან დაკავშირებით, მართლა გაოცებას იწვევს. ევროკავშირში ინტეგრაცია არ გულისხმობს მხოლოდ განცხადებას, სურვილს, მისწრაფებას და სადღეგრძელოს, ბატონო ზურაბ. თქვენ კარგად იცით, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია გულისხმობს ჩვენი საკანონმდებლო სივრცის დაახლოებას იმ სტანდარტებთან, რომელიც დადგენილია ევროკავშირში. სამწუხაროდ, თქვენი დღევანდელი განცხადებები იყო სრულიად აცდენილი ამ რეალობას და იმ აუცილებლობას, იმ საჭიროებებს, რაც არსებობს ამ სფეროში. ევროკავშირს და ასოცირების შეთანხმებას რომ თავი დავანებოთ, ეს არის საკითხი, რომელიც უკავშირდება ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს და მე ვფიქრობ, რომ შრომის უსაფრთხოების სტანდარტების შემოღება, ამ საკითხის რეგულირება კანონის დონეზე არის აუცილებელი, სავალდებულო, არის ამ წუთში აუცილებელი და დღესვე გასაკეთებელი, თუ არა გუშინვე. შრომის ინსპექცია ნამდვილად არ არის ხელწამოსაკრავი ინსტიტუტი, თუმცა ის ასეთად იქცა იმიტომ, რომ მას აქვს შეზღუდული ფუნქციები დღეს. მე მხოლოდ მივესალმები იმას, რომ შრომის ინსპექცია გახდეს უფრო ეფექტური, რეგულაციები გამკაცრდეს და აღსრულება იყოს ეფექტიანი იმიტომ, რომ აღსრულება თუ არ მოჰყვა ამ ყველაფერს, არც ჩვენ და არც არავის არ მოსწონს კანონი, რომელიც მხოლოდ ფურცელზეა დაწერილი. მე ვიმედოვნებ, რომ ამ კანონის მიღების შემდეგ აღსრულების საკითხში გვექნება სერიოზული გაუმჯობესება და წინსვლა. დღეს წარმოდგენილი კანონპროექტი, სამწუხაროდ, სრულად არ ასახავს იმ ვალდებულებებს, იმ მოთხოვნებს, რომელიც შრომის უსაფრთხოების სფეროში არსებობს. დღეს წარმოდგენილ პროექტში საუბარია მხოლიდ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე და ის არ ვრცელდება ყველა სექტორზე, ყველა სფეროზე მაშინ, როცა, წესით, შრომის უსაფრთხოების სტანდარტები და პირობები მოწესრიგებული უნდა იყოს უფრო ფართოდ და არ უნდა იყოს შეზღუდული. ასოცირების შეთანხმებით ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს დრო 2019 წლის პირველ სექტემბრამდე. მე იმედი მაქვს, რომ ეს იქნება პირველი ნაბიჯი, რომელიც გადადგმულია სწორი მიმართულებით და ვადის დადგომისთვის, 2019 წლის პირველი სექტემბრისთვის ჩვენ გვექნება შესაძლებლობა ეს რეგულაციები უკვე ყველა სფეროზე გავავრცელოთ", - განაცხადა ხულორდავამ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა