მიხეილ ჯანელიძე - გვინდა, ვიზალიბერალიზაციის დარღვევის ყველა ის გზა ჩავკეტოთ, რომლითაც შეიძლება ეს პროცესი დაზიანდეს

გვინდა, რომ ვიზალიბერალიზაციის დარღვევის ყველა ის გზა ჩავკეტოთ, რომლითაც შეიძლება ეს პროცესი დაზიანდეს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, უკვე თავისუფალი მიმოსვლით ბოლო ერთი წლის განმავლობაში 220 ათასმა ადამიანმა ისარგებლა და მათ შორის იყვნენ ისინიც, ვინც ეს ყველაფერი გამოიყენა ბიზნეს კავშირების გასაღრმავებლად და ა.შ.

ჯანელიძის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ნაბიჯი გადაიდგას, რათა ვიზალიბერალიზაცია მრავალი წლის განმავლობაში შენარჩუნდეს. "ჩვენ დავიწყეთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რათა ვუპასუხოთ იმ წუხილებს, რომელიც გაჩნდა ჩვენი პარტნიორების მხრიდან, პირველ რიგში ორმხრივი ფორმატების ფარგლებში. მოგეხსენებათ, შს მინისტრის მოადგილე უკვე იმყოფებოდა ვიზიტით გერმანიაში, ავსტრიაში და იგეგმება მისი ვიზიტები სხვა ქვეყნებში, რათა კიდევ უფრო გაძლიერდეს ორმხრივი თანამშრომლობა ამ მიმართულებით. ასევე, რა თქმა უნდა პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ რეგულაციებზე ქვეყნის შიგნით. ჯერ ადრეა ვისაუბროთ კონკრეტულ რეგულაციებზე. მოგეხსენებათ იუსტიციის სამინისტრო მუშაობს გვარის ცვლილების რეგულაციებზე, რათა რეადმისირებული პირის მიერ არ მოხდეს გვარის გადაკეთება და შემდეგ დაბრუნება ევროპაში. გვინდა, რომ დარღვევის ყველა ის გზა ჩავკეტოთ, რომლითაც შეიძლება ეს პროცესი დაზიანდეს", - განაცხადა ჯანელიძემ.

მინისტრის თქმით, დრო სჭირდება, რომ გადაიდგას ნაბიჯები, მათ შორის პარტნიორებთან კონსულტაციით, რომელიც ზედმეტად შემზღუდველი არ იყოს.

"ჩვენა აქტივობებს აქვს პოზიტიური გამოხმაურება და პოზიტიურად არის შეფასებული ევროკავშირის და მისი ქვეყნების მხრიდან და იმედს ვიტოვებთ, რომ სწორედ ასეთი აქტიური თანამშრომლობით, ვიზალიბერალიზაციის პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდეს და ვიზალიბერალიზაცია შენარჩუნდეს გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენი მოქალაქეებისთვის", - აღნიშნა ჯანელძემ.

კითხვაზე, როგორ დაიცავს საქართველო იმ პირების უფლებებს, რომლებიც ევროპაში მიდიან არა კრიმინალური მიზნით, არამედ ჯანმრთელობის პრობლემების გამო, ჯანელძემ უპასუხა, რომ საქართველო დაიცავს ყველა ადამიანის კანონიერ უფლებას, თუმცა რეადმისია არის ის პროცესი, რომელიც შეთანხმებულია ორ სახელმწიფოს შორის და ჯდება ყველა საერთაშორისო ნორმაში.

„რეადმისიის განხორციელების უფლება აქვს ევროკავშირის წევრ ნებისმიერ ქვეყანას და ჩვენ გვაქვს აღებული ვალდებულება, რომ მივიღებთ რეადმისირებულ მოქალაქეებს საქართველოში. აქ არანაირი საგანგაშო მონაცემები არ გვაქვს, ეს არის ჩვეულებრივი პროცესი, რომელიც რეადმისიის თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება და ჩვენ ჩვენი საკონსულოების მეშვეობით პროცესს აქტიურად გავაკონტროლებთ, რათა არ იყოს გადაცდომები და ჩვენი მოქალაქეების კანონიერი უფლებები იყოს დაცული. რაც შეეხება ჯანდაცვის და სხვა ტიპის სოციალურ პრობლემებს, უნდა ითქვას, რომ თავშესაფარი პირველ რიგში ეძლევათ იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ პოლიტიკური დევნის ან ადამიანის უფლებების კუთხით დევნის შესაბამისი საფრთხე თავის ქვეყანაში. საქართველო აღიარებულია უსაფრთხო ქვეყნად ევროკავშირის 7 წევრი სახელმწიფოს მიერ. შესაბამისად, ამ მოთხოვნებს აქვს ძალიან მცირე შანსი დაკმაყოფილების. რაც შეეხება სოციალურ პირობებს, საქართვერლო დღეს არ არის ის ქვეყანა, რომელსაც შეუძლია ისეთივე სოციალური დაცვა შესთავაზოს საქართველოს მოქალაქეებს, როგორიც მაგალითად გერმანიას ან სხვა ქვეყანას, მაგრამ სოციალური პირობების დაკმაყოფილება არ წარმოადგენს თავშესაფრის მოთხოვნის სარგებელს. საქართველო თავის მოქალაქეებს სთავაზობს საყოველთაო ჯანდაცვას და სხვა პირობებს, რომელიც ჩვენს ქვეყანას შეუძლია შესთავაზოს თავის მოქალაქეებს. ჩვენ ვხედავთ, რომ არიან ადამიანები, რომლებიც შეიძლება უკიდურესი გაჭირვების გამო ითხოვდნენ თავშესაფარს, მაგრამ ასეთი ადამიანების რიცხვიც მცირდება ჩვენს ქვეყანაში და იმისათვის, რომ ჩვენ შევძლოთ ჩვენი ქვეყნის განვითარება და კიდევ უფრო გაძლიერება და ქვეყანაში ახალი შესაძლებლობების გაჩენა, სწორედ ამისთვის არის საჭირო ჩვენი ევროპული ინტეგრაცია. სწორედ ამისთვის არის საჭირო, რომ სწორად გამოვიყენოთ ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობა და ეს პროცესი გაგრძელდეს წარმატებულად მომავალში, რათა ჩვენს ახალგაზრდა მთავრობებს შევუნარჩუნოთ ევროპული მომავალი“, - განაცხადა მინისტრმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა