მიხეილ ყაველაშვილი - თბილისში სპორტული სამედიცინო ცენტრის მშენებლობა იგეგმება

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა აჭარის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ თბილისში სპორტული სამედიცინო ცენტრის მშენებლობა იგეგმება.

დეპუტატის თქმით, უნდა გამკაცრდეს კონტროლის მექანიზმი და პროფესიულ სპორტში ჩართულ ნებისმიერ პირს, მოზარდს, მოყვარულს თუ პროფესიონალს, უნდა ჰქონდეს ჯანმრთელობის დამადასტურებელი სამედიცინო დასკვნა.

მან გაიხსენა 2017 წლის ოქტომბერში ფეხბურთელ შოთა მამინაშვილის დაღუპვის ფაქტი, რომელიც თამაშის დაწყების წინ მოედანზე შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაყვანისთანავე გარდაიცვალა. როგორც ექსპერტიზის შედეგად გაირკვა, ფეხბურთელს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.

„არის მზაობა, რომ თბილისში სპორტული მედიცინის ცენტრი აშენდეს. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, პროექტზე მუშაობა დაწყებულია და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ამის თაობაზე სამუშაო შეხვედრაც გაიმართა. ერთია კანონი, და მეორეა, რამდენად გვაქვს ყველა ბავშვის ჯანმრთელობის შემოწმების შესაძლებლობა. უნდა ხდებოდეს ყველა სპორტსმენის სამედიცინო შემოწმება და ეს პროცესი მკაცრად კონტროლირებადი უნდა იყოს”, - განაცხადა დეპუტატმა.