იარაღს, რომლითაც თემირლან მაჩალიკაშვილი სპეცოპერაციისას დაჭრეს, ბალისტიკური ექსპერტიზა ხელახლა ჩაუტარდება

იარაღს, რომლითაც თემირლან მაჩალიკაშვილი სპეცოპერაციისას დაჭრეს, ბალისტიკური ექსპერტიზა ხელახლა ჩაუტარდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატის მიერ მოწვეულმა დამოუკიდებელმა ბალისტიკურმა ექსპერტმა ზაზა ალთუნიშვილმა განუცხადა, პროკურატურამ მათი მოთხოვნა დააკმაყოფილა და ახალი ექსპერტიზა, როგორც სპეცრაზმელის იარაღს, ასევე იმ ნაწილსაც ჩაუტარდება, რომელიც 26 დეკემბრის სპეცოპერაციის შემდეგ იარაღს შეუცვალეს. საუბარია იარაღის იმ ნაწილზე, სადაც ტყვიის ვაზნა ჩარჩა. როგორც ცნობილია, მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი ამბობდა, რომ ექსპერტიზაზე გაგზავნამდე იარაღი შეაკეთეს.

"რა ექსპერტიზაც ჩაატარეს თავის დროზე, არაფრისმთქმელი იყო. არაფერს არ გვაძლევდა რეალურად ის ექსპერტიზა. შესაბამისად, ჩვენ მოვითხოვეთ ახალი ექსპერტიზის ჩატარება, რაც დაგვიკმაყოფილეს. საუბარია იმაზე, რომ გამოითხოვენ იარაღის იმ ნაწილსაც, რაც შეიცვალა. გვითხრეს, რომ ეს ნაწილი შენახულია და წარმოადგენენ ექსპერტიზაზე", - განაცხადა ალთუნიშვილმა.

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. 10 იანვარს კი წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.