ელენე ხოშტარია აფგან მუხთარლის საქმეზე - 8 თვის შემდეგ, როდესაც მტკიცებულებები ვერ მოვიპოვეთ და პირი დაზარალებულადაც არ არის ცნობილი, ეს არ არის გამოძიება, ეს არის ჩავარდნა!

სამართლებრივად აფგან მუხთარლი და მისი ოჯახი საერთოდ დაზარალებული არ არის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის საკითხის წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, ერთის მხრივ, მუხთარლი ყვება თუ როგორ დაესხნენ მას თავს და გაიტაცეს და ამის სხვა, ალტერნატიული ვერსია დღემდე არ არსებობს.

“დღეს ჩვენი სამართლებრივი სისტემა - პროკურატურა ამბობს, რომ ის (აფგან მუხთარლი) საგანი არ არის, რადგან არ არის დაზარალებული. მაქვს ეჭვი რატომაც - იმიტომ, რომ არ ჰქონდეს საქმის მასალებთან წვდომის შესაძლებელობა, მაგრამ ვითარება ხომ არანორმალურია?! ჩვენ ყველანი ვხვდებით, რომ არის სერიოზული პრობლემა, ადამიანი არის რაღაცის მსხვერპლი, მაგრამ ჩვენი სამართლებრივი სისტემა იძახის, რომ - არა, ამ საქმეში მსხვერპლი არ არსებობს. ასეთ გამოძიებას ვერავინ რეალურ გამოძიებას ვერ დაარქმევს. სწორედ დღეს, რვა თვის შემდეგ, როდესაც მტკიცებულებები ვერ მოვიპოვეთ, მანქანა არ არის იდენტიფიცირებული და პირი დაზარალებულადაც არ არის ცნობილი, ეს არ არის გამოძიება, ეს არის ჩავარდნა!“, - განაცხადა ხოშტარიამ სხდომაზე.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის საკითხის განხილვა მიმდინარეობს.

უმცირესობის მიერ ინიცირებულია დადგენილების პროექტი, რომელიც მუხთარლიზე თავდასხმის, გატაცების, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ გადაყვანის ფაქტის შესწავლის მიზნით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს.