ნინო ლომჯარიამ ჟენევაში შეხვედრები გამართა

სახალხო დამცველმა 21-23 თებერვალს ჟენევაში ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების გლობალური ალიანსის (GANHRI) და ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელის (ENNHRI) მიერ გამართულ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს, ნინო ლომჯარია ასევე დაესწრო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ გამართულ ყოველწლიურ კონფერენციას.

გლობალური ალიანსის გენერალურ ასამბლეაზე და ევროპული ქსელის საერთო კრებაზე სიტყვით გამოსვლისას სახალხო დამცველმა მისი აპარატის საქმიანობაზე, მიმართულებებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრა; ხაზი გაუსვა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატსა და გლობალურ და ევროპულ ქსელებს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას, მზადყოფნა გამოთქვა მომავალში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე.

ღონისძიებების ფარგლებში, სახალხო დამცველმა არაერთი შეხვედრა გამართა მის კოლეგებთან სხვადასხვა ინსტიტუტებიდან.

”საინტერესოდ წარიმართა შეხვედრა ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების გლობალური ქსელის ხელმძღვანელთან ბეატე რუდოლფთან, რომელმაც მადლობა გადაუხადა სახალხო დამცველს თანამშრომლობისთვის და მხარდაჭერა აღუთქვა.

შეხვედრა შედგა გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის (OHCHR) ოფისის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების ხელმძღვანელთან ჰულან ცედევთან. სახალხო დამცველმა მას მიაწოდა ინფორმაცია ადამიანის უფლებების კუთხით ქვეყანაში არსებული სიტუაციის შესახებ. თავის მხრივ, ცედევმა მადლობა გადაუხადა სახალხო დამცველს ობიექტური ინფორმაციის მიწოდებისთვის და სთხოვა მომავალშიც გაგრძელდეს მსგავსი თანამშრომლობა.

გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის (OHCHR) ეროვნული ინსტიტუტების, რეგიონული მექანიზმების და სამოქალაქო საზოგადოების სექციის ხელმძღვანელთან ვლადლენ შტეფანოვთან გამართულ შეხვედრაზე ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით არსებული ზოგადი მდგომარეობა განიხილეს. ხაზი გაუსვეს კონფლიქტურ რეგიონებში არსებულ გამოწვევებსა და სახალხო დამცველის განსაკუთრებულ როლს კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების უფლებების დაცვის პროცესებში.

გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) სტამბულის რეგიონული ცენტრის წარმომადგენელთან იზაბელ ჩანთან ნინო ლომჯარიამ თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და ის კონკრეტული მიმართულებები განიხილა (გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები, ბიზნესი და ადამიანის უფლებები, შშმ პირთა უფლებები) სადაც უფრო მჭიდრო თანამშრომლობაა საჭირო.

შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე და აპარატის საერთაშორისო ურთიერთობების, პროექტების მართვისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის უფროსი ნიკო თათულაშვილი”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა