მამუკა მდინარაძე - „ევროპულმა საქართველომ“ ვერ წარმოადგინა საფუძვლიანი არგუმენტები, რატომ უნდა დაეჭირათ მხარი კომისის შექმნისთვის

„ევროპულმა საქართველომ“ ვერ წარმოადგინა საფუძვლიანი არგუმენტები, რატომ უნდა დაეჭირათ მხარი კომისის შექმნისთვის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდმოარემმამუკა მდინარაძემ განუცხადა. მისი თქმით, კომისის შექმნისთვის მხარის არ დაჭერა არ ნიშნავს, რომ გამოძიება არ გაგრძელდება.

„საგამოძიებო კომისის შექმნა პარლამენტში იმდენად სერიოზული პრეცედენტის დაშვებაა, რომ ამას მხოლოდ პოპულისტური განცხადებები და მხოლოდ პოლიტიკური არგუმენტები ნამდვილად არ შველის. ამასთან ერთად უნდა მოიშველიონ არგუმენტები და თქვენ ნახეთ, რომ მათ სამართლებრივი არგუმენტების შესახებ ვერც ერთი კონკრეტული პასუხი ვერ გასცეს. სხვა მიზეზებს შორის ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც მხარი არ დავუჭირეთ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამ საკითხს გადავდებთ გვერდზე. ბუნებრივია, პარლამენტი ყოველთვის იქნება დაინტერესებული, გამოძიების შედეგებით“, - განაცხადა მამაუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, უმრავლესობაში არ ყოფილა შეთანხმება და მოთხოვნა, არამედ იყო თავისუფალი კენჭისყრა და დეპუტატებს უთხრეს, რომ პირადი შეხედულებით დაეჭირათ მხარი.

პარლამენტმა აფგან მუხთარლის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას მხარი არ დაუჭირა. საპარლამენტო უმცირესობის მიერ ინიცირებულ დადგენილების პროექტს 18-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. საგამოძიებო კომისიის შექმნის წინააღმდეგ ხმა პარლამენტის 22-მა წევრმა მისცა. კენჭისყრის ამ შედეგით დადგენილების პროექტი ჩავარდა. აფგან მუხთარლის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას საპარლამენტო უმრავლესობის სამმა დეპუტატმა: ირინე ფრუიძემ, ირაკლი შიოლაშვილმა და თამარ ხულორდავამ დაუჭირეს მხარი.