სომალის დედაქალაქში ორი მანქანის აფეთქების შედეგად, სულ მცირე 18 ადამიანი გარდაიცვალა და 20 დაიჭრა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ანადოლუ“ ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით კი, პირველი მანქანა სომალის პრეზიდენტის სასახლესთან აფეთქდა, რასაც დაცვის წევრებსა და ალ-შაბააბის ტერორისტებს შორის სროლა მოჰყვა.
ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, პრეზიდენტის სასახლესთან სროლა ერთ საათს გაგრძელდა, შედეგად დაცვის წევრებმა „ალ-შაბააბის“ 5 წევრი მოკლეს.
მეორე მანქანის აფეთქება სომალის ეროვნული დაზვერვისა და უშიშროების სააგენტოს შტაბთან მოხდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ალ-შაბააბმა“ აიღო.