პრეზიდენტი გორში მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი, თელავის შემდეგ, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს გორში შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, გიორგი მარგველაშვილმა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისაგან ის პრობლემები მოისმინა, რომელიც მათ საქმიანობისას უჩნდებათ. საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრაზე ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში მცირე და საშუალო ბიზნესის წვლილზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს სექტორი ქვეყნის ეკონომიკის სიჯანსაღის მაჩვენებელია და მას ხელშეწყობა სჭირდება. მისი განცხადებით, აღნიშნული სფეროს განვითარებისათვის მნიშვნელოვანია ყველა იმ პრობლემის გაანალიზება, რომელიც ბიზნესმენების წინაშე დგას.

მეწარმეების განცხადებით, მათი უმთავრესი პრობლემა ფინანსურ რესურსებზე წვდომა, "ძვირი ფული", აგროდაზღვევის გაფართოება და დახვეწაა. გიორგი მარგველაშვილი მეწარმეებთან შეხვედრებს სხვა რეგიონებშიც განაგრძობს.