საქართველოს პარლამენტი საერთაშორისო საზოგადოებას არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხის სათანადო შეფასებისკენ მოუწოდებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა საერთაშორისო საზოგადოებას არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული საოკუპაციო რეჟიმის ქმედებების სათანადო შეფასებისკენ მოუწოდებენ. ხულორდავასა და ჩუგოშვილის მიმართვას პარლამენტი ავრცელებს.

„2018 წლის 22 თებერვალს, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა ახალგორში უკანონოდ დააკავა საქართველოს სამი მოქალაქე -არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი. 23 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ დაკავებული არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები ინფორმირებულნი არიან ამ ტრაგიკული შემთხვევის შესახებ, რომელზეც პირდაპირი პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება, როგორც ოკუპირებულ რეგიონზე სრული კონტროლის განმახორციელებელ ძალას. მივმართავთ სადამკვირვებლო მისიას და საერთაშორისო საზოგადოებას, დროული რეაგირება მოჰყვეს ამ საზარელ შემთხვევას, დადგინდეს არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გარემოებები და დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ დაკავებულები“,- ნათქვამია თამარ ხულორდავას მიმართვაში.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ასევე, მოუწოდებს ევროპარლამენტს, მიიღოს რეზოლუცია, რომლითაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას კიდევ ერთხელ დაადასტურებს.

”მიმდინარე წელს, 2008 წლის ომიდან 10 წელი სრულდება და მნიშვნელოვანია, ევროპულმა პარლამენტმა მიიღოს რეზოლუცია, რომელიც კიდევ ერთხელ დაადასტურებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების სრულ მხარდაჭერას, დაგმობს ძალადობასა და პროვოკაციებს და მოუწოდებს რუსეთს, პატივი სცეს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს“,- ნათქვამია თამარ ხულორდავას განცხადებაში.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ცხინვალში მომხდარის შესახებ უკვე აცნობა და სათანადო შეფასებისკენ მოუწოდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში მომხდარი ტრაგიკული ინცინდენტი განხილვის მთავარი თემა იქნება ბრიუსელში, სადაც საქართველოს პარლამენტის დელეგაცია დღეს გაემგზავრება.