25 თებერვალი კოხლეარული იმპლანტის, ხოლო 3 მარტი სმენის საერთაშორისო დღეა. აღნიშნულ თარიღებთან დაკავშირებით, საქველმოქმედო ფონდი „აი ია,“ 2018 წლის 25 თებერვლიდან 3 მარტამდე გეგმავს „სმენის კვირეულს,“ რომლის მიზანია, საზოგადოების ყურადღების მპყრობა სმენის მნიშვნელობაზე, სმენის დაქვეითების გავრცელების ზრდის რისკზე, სმენის დაზიანების პრევენციული ღონისძიებების აუცილებლობასა და, დაზიანების შემთხვევაში, სარეაბილიტაციო მომსახურების ხელმისაწვდომობაზე.
კვირეულს ორი მთავარი გზავნილი აქვს: „კოხლეარული იმპლანტი - არავითარი შეზღუდვები“ და „მოვუსმინოთ მომავალს და მოვემზადოთ მისთვის“.
კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება:
28 თებერვალს, 14:00 სთ-ზე, თბილისის სოფიკო ჭიაურელის სახელობის 54-ე საჯარო და 1 მარტს, 14:00 სთ-ზე, თბილისის მე-6 საჯარო სკოლებში მოსწავლეებისთვის, პედაგოგებისა და მშობლებისთვის ჩატარდება ლექცია-სემინარი თემაზე: ხმამაღალი ბგერებით/ყურსასმენის მოხმარებით გამოწვეული სმენის დაქვეითება და მისი პრევენცია.
1 მარტს საქველმოქმედო ფონდი „აი ია“, „ყელ-ყურ ცხვირის სნეულებათა ცენტრ, ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკა“-ასა და შპს „კინდ-სმენა“-სთან, სმენის პრობლემების მქონე ბავშვთა აბილიტაცია-რეაბილიტაციის სფეროში ერთობლივი პროექტების განსახორციელებლად, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებს.
3 მარტს, 13:00 სთ-ზე, მეტროსადგურ თავისუფლების მოედანთან ფონდის აქტივისტები ხმაურით გამოწვეული სმენის დაქვეითების შესახებ საინფორმაციო ბუკლეტებს დაარიგებენ.
გარდა ამისა, 25 თბერვლიდან 3 მარტის ჩათვლით ორგანიზაციის ოფიციალურ FB-გვედზე გამოქვეყნდება მშობელთა ისტორიები.
საქველმოქმედო ფონდი „აი ია“, 2015 წლის 14 აპრილს, ქართული ენის დღეს, ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა დააფუძნა. ფონდი იმპლანტის მქონე 6 წლამდე ასაკის ბავშვებს კოხლეარული იმპლანტაციის შემდგომი კომპლექსური რეაბილიტაციის (სმენითი და ენა-მეტყველებით თერაპია) უფასო სერვისს სთავაზობს.
(R)