ტაქსით გადაყვანის ნებართვის მიღება ფასიანი იქნება, ნებართვის გარეშე მუშაობა კი 200 ლარით დაჯარიმდება

დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით-ტაქსით გადაყვანის ნებართვის მისაღებად განცხადების და მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთის წარდგენა იქნება საჭირო, - აღნიშნული ცვლილებები “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში შედის.

ცვლილებათა პაკეტი პარლამენტს უკვე წარედგინა და მასში ნათქვამია, რომ სანებართვო მოსაკრებლის ოდენობა, ბიუჯეტში მისი გადახდის, ასევე ნებართვის მაძიებლის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების წესი განისაზღვრება „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით.

ცვლილებათა პაკეტის თანახმად, ტაქსით გადაყვანის ნებართვას კონკურსის წესით გასცემს საქართველოს დედაქალაქის მთავრობა, ან მის მიერ უფლებამოსილი დედაქალაქის მერიის სტრუქტურული ერთეული.

აღსანიშნავია, რომ ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად გადაიხდის ნებართვის გაცემის ფასს.

ცვლილებათა პროექტში აღნიშნულია, რომ სანებართვო პირობებს, ნებართვის გაცემის წესს, ფასს და გადახდის წესს დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანო დაამტკიცებს.

„დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით-ტაქსით გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასი ჩაირიცხება დედაქალაქის ბიუჯეტში“, - ნათქვამია ცვლილებათა პაკეტში.

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით - ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის განხორციელება სანებართვო პირობების დარღვევით, ან ნებართვის გარეშე, გამოიწვევს დაჯარიმებას 200-200 ლარის ოდენობით.

ცვლილებების თანახმად, გათვალისწინებული ჯარიმების ნებაყოფლობითი აღსრულებისთვის გათვალისწინებული 30 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, ამ მუხლით გათვალიწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით.

“ხოლო საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევი მძღოლის, ან ავტომესაკუთრის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“, - ნათქვამია კანონპროექტში.

კანონპროექტების ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები კახა კუჭავა და ნინო წილოსანი არიან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო