ათწლიანი პაუზის შემდეგ, აშშ-ის სენატში ნატო-ს სადამკვირვებლო ჯგუფი აღადგინეს

ათწლიანი პაუზის შემდეგ, აშშ-ის სენატში ნატო-ს სადამკვირვებლო ჯგუფი აღადგინეს. ორპარტიული ჯგუფის მუშაობა, რომელიც ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასთან კონგრესის კავშირის განმტკიცებისთვის არის გამიზნული, დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინმა და რესპუბლიკელმა სენატორმა ტომ ტილისმა აღადგინეს.

„ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, სენატის ნატო-ს სადამკვირვებლო ჯგუფის ხელახლა შექმნის იდეა, სავარაუდოდ, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმ წინააღმდეგობრივ კომენტარებს მოჰყვა, რომლებიც ამერიკის მხრიდან ევროატლანტიკური ალიანსის მიმართ პასუხისმგებლობისა და ვალდებულების შესაძლო შემცირებას უკავშირდებოდა.

ნატო-ს სადამკვირვებლო ჯგუფში, მისი ხელახლა დაარსებისთანავე, 100 სენატორიდან 10 წევრი დაინიშნა. თუმცა, თანათავმჯდომარეები იმედოვნებენ, რომ სენატის რესპუბლიკელ და დემოკრატ ლიდერებთან იმუშავებენ, რათა ჯგუფში ჩართულობა უფრო მრავალრიცხოვანი იყოს და მასში ის სენატორებიც დაინიშნონ, რომლებიც ამჟამად ეროვნული უსაფრთხოების სხვადასხვა კომიტეტში არ მსახურობენ.

თავდაპირველად სენატის ეს ჯგუფი 1997 წელს დაარსდა და მან ნატო-ს გაფართოების ბევრ რაუნდს გაუწია ზედამხედველობა. გარდა ამისა, ის შეერთებული შტატების სხვადასხვა ადმინისტრაციებს, ნატო-სა და კონგრესს შორის საკოორდინაციო ცენტრის მოვალეობას ასრულებდა. ჯგუფმა არსებობა 2007 წელს შეწყვიტა.