პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ანგარიში - შსს-ს მიერ, პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში ფოტო და ვიდეოგადაღება გარკვეულ საფრთხეებს შეიცავს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა მიერ, პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში ფოტო და ვიდეოგადაღება გარკვეულ საფრთხეებს შეიცავს, - ამის შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2017 წლის ანგარიშშია აღნიშნული.

როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი აცხადებს, სამართლებრივად დეტალურად არ არის დარეგულირებული ფოტოსურათით პირის იდენტიფიკაციის პროცესი, რაც არაერთგვაროვანი პრაქტიკის, მონაცემების არამართლზომიერად, კანონით დადგენილი პრინციპების დარღვევით დამუშავების საფრთხეს ქმნის. მონაცემთა შემთხვევითი, ან უკანონო გამოყენების კუთხით საფრთხის შემცველია ვიდეოგადაღების და ინფორმაციის მიმოცვლის სხვადასხვა საშუალებისა და სამინისტროს თანამშრომლების პირადი მობილური ტელეფონების გამოყენებაც.

ანგარიშის თანახმად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ინსპექტორმა შეისწავლა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა მიერ პრევენციული ღონისძიების მიმდინარეობისას ერთ-ერთი მოქალაქის ვიდეოგადაღების ფაქტი. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ სამართალდამცავებმა ზედაპირული შემოწმების მიზნით შეაჩერეს მოქალაქე და პირადი მობილური ტელეფონით გადაიღეს შემოწმების პროცესი.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, სამინისტროს პოზიციით, ვიდეოგადაღება ემსახურებოდა მოქალაქის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედების თავიდან აცილების, თანამშრომლების სიცრუეში დადანაშაულებისა და დისკრედიტაციის თავიდან არიდების მიზანს. თუმცა გავრცელებულ ჩანაწერში მოქალაქე არაერთხელ, მკაფიოდ აფიქსირებდა პოლიციასთან თანამშრომლობის მზაობას, აცხადებდა თანხმობას, როგორც ზედაპირული შემოწმების, ისე ალკოჰოლის ტესტის ჩატარებაზე და განყოფილებაში გადაყვანაზეც კი.

„აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში არ ფიქსირდებოდა მოქალაქის მხრიდან პოლიციელების კანონიერი განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობა, მათი სიტყვიერი შეურაცხყოფა, ან/და მათ მიმართ სხვა უკანონო ქმედება. ვიდეოჩანაწერი სრულდებოდა ჩანაწერში მონაწილე პირების დამშვიდობებითა და მოქალაქისათვის კუთვნილი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის დაბრუნებით. გარდა ამისა, პოლიციის თანამშრომლის პირადი მობილური ტელეფონიდან არ წაშლილა გადაღებული ჩანაწერი, ის არ გადაუტანიათ სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაშიც. შესაბამისად, სათანადოდ არ იყო უზრუნველყოფილი მისი დაცვა შემთხვევითი ან უკანონო გამჟღავნებისაგან, ნებისმიერი სხვა ფორმით უკანონო გამოყენებისა და დაკარგვისაგან. ერთ-ერთი მოქალაქის მოთხოვნის საფუძველზე, ინსპექტორმა შეისწავლა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა მხრიდან, „პირის იდენტიფიკაციის” მიზნით პირადი მობილური ტელეფონით მოქალაქის ფოტოგადაღების ფაქტი.

აღსანიშნავია, რომ სამართლებრივად დეტალურად არ არის დარეგულირებული ფოტოსურათით პირის იდენტიფიკაციის პროცესი, რაც არაერთგვაროვანი პრაქტიკის, მონაცემების არამართლზომიერად, კანონით დადგენილი პრინციპების დარღვევით დამუშავების საფრთხეს ქმნის. მონაცემთა შემთხვევითი, ან უკანონო გამოყენების კუთხით საფრთხის შემცველია ვიდეოგადაღების და ინფორმაციის მიმოცვლის სხვადასხვა საშუალებისა და სამინისტროს თანამშრომლების პირადი მობილური ტელეფონების გამოყენებაც.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამინისტროს მიეცა რეკომენდაცია, განისაზღვროს პრევენციული ღონისძიების გატარებისას ფოტოსურათით პირის იდენტიფიკაციის და მონაცემთა ბაზაში გადამოწმების წესი, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება მონაცემთა დამუშავების კანონიერება. ამასთან, მონაცემთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე, უნდა შეფასდეს ამ ღონისძიების ჩატარებისათვის თანამშრომლის სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონისა და ინფორმაციის გადაცემის საშუალებების გამოყენების მიზანშეწონილობა და, საჭიროების შემთხვევაში, მიღებულ იქნეს შესაბამისი ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომები მონაცემთა დამუშავების პროცესში უსაფრთხოების ზომების გასამკაცრებლად“, - აღნიშნულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2017 წლის ანგარიშში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა