„გადავარჩინოთ ბიბლიოთეკები“ - ამ მოწოდებით საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ბიბლიოთეკების თანამშრომლებთან ერთად პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს

„გადავარჩინოთ ბიბლიოთეკები“ - ამ მოწოდებით თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ბიბლიოთეკების თანამშრომლებთან ერთად დღეიდან პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ლევან ხაბეიშვილი და ნიკა ვაჩეიშვილი თბილისის სხვადასხვა ბიბლიოთეკის რამდენიმე თანამშრომელთან ერთად დღეს მეტროსადგურ „რუსთაველთან“ იმყოფებოდნენ და გამვლელებს სთხოვდნენ, ხელი მოეწერათ თბილისის მერის კახა კალაძისადმი მიმართვის ტექსტზე მოთხოვნით - „გადავარჩინოთ ბიბლიოთეკები“.

„საჯარო ბიბლიოთეკების ინფრასტრუქტურა რომ ვეღარ აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს, ეს არ უნდა გახდეს ბიბლიოთეკების გაუქმების ან შემცირების მიზეზი“, - აღნიშნულია პეტიციაში.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს, რომ თბილისის მერიის ახალი რეფორმა ისედაც სავალალო მდგომარეობაში მყოფ ბიბლიოთეკებს დაასამარებს.

ნიკა ვაჩეიშვილის თქმით, საბიბლიოთეკო სფეროს ძირეული რეფორმა და სწორი ხედვა სჭირდება, რაშიც საზოგადოების ჩართულობა აუცილებელია. მისივე განცხადებით, პეტიცია არის კარგი საშუალება, რომ საზოგადოების აზრი ხელისუფლებამდე მივიდეს.

„ეს არ არის რეფორმა, ეს არის რაღაც გაურკვეველი ქაოსი, რომელიც არასწორი ნაბიჯებით იწყება. რეფორმა იწყება პირდაპირ ბიბლიოთეკების შემცირებით, ადამიანების გაშვებით და გაურკვეველი გამოცდების ჩატარებით, მაშინ, როდესაც მერიას ბოლო წლებში ბიბლიოთეკებში წიგნადი ფონდიც კი არ განუახლებია, ამდენი გამომცემლობისა და გამოცემის ფონზე“, - განაცხადა ნიკა ვაჩეიშვილმა.

მე-19 ბიბლიოთეკის თანამშრომლის ირინა კენჭაძის თქმით, მერიას ძალიან ლამაზად აქვს შეფუთული ბიბლიოთეკების რეფორმის საკითხი, სინამდვილეში, ჩანაფიქრი გაურკვეველია. პირადად მან ვერ გაარკვია დაიხურება თუ არა ფალიაშვილის ქუჩაზე არსებული მათი ბიბლიოთეკა. მისივე თქმით, მეტროს სადგურ „რუსთაველის“ გარდა დღესვე პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვებას ისინი გლდანში გააგრძელებენ.

პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება, რის შემდეგაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ხელმოწერებს მერიაში მიიტანენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს