ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, ლაშა ტალახაძის დაჯილდოების ცერემონია თბილისში გაიმართება

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის (IWF) გადაწყვეტილებით, 2017 წლის მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნის - ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის, მსოფლიოს რეკორდსმენის, ლაშა ტალახაძის დაჯილდოების ცერემონია 2018 წლის 8 მაისს თბილისში გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, ასევე თბილისში დაჯილდოვდება 2017 წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენი, მსოფლიოს ჩემპიონი, ესპანელი ლიდია ვალენტინი.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის დაჯილდოების ცერემონია საქართველოში პირველად გაიმართება, აქამდე სპორტის არც ერთ სახეობაში საერთაშორისო ფედერაციას, წლის საუკეთესო სპორტსმენის დაჯილდოების ცერემონია საქართველოში არ ჩაუტარებია.

ასევე პირველად, ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში, რომელიც 1982 წლიდან ტარდება, გამარჯვება ქართველმა ძალოსანმა მოიპოვა. ლაშა ტალახაძემ გულშემატკივართა გამოკითხვაში, 2017 წლის მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნის ტიტული 9 804 ხმით დაისაკუთრა.

დაჯილდოების ცერემონიის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მოადგილე შალვა გოგოლაძესთან ერთად საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტ კახი კახიაშვილს, ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ ნოდარ სირბილაშვილს და გენერალურ მდივან რამაზ გურგენიძეს შეხვდა. დაჯილდოების ცერემონიის ტრანსლაციის ორგანიზებას საზოგადოებრივი მაუწყებელი გეგმავს. ღონისძიებას ადგილობრივი და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებიც გააშუქებენ.

„ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს რეკორდსმენი ლაშა ტალახაძე ჩვენთვის ყველასთვის საამაყო სპორტსმენია. ლაშას სპორტული მიღწევები ნამდვილად უნიკალურია, მას მთელს მსოფლიოში აღიარებენ და დიდი პატივს სცემენ, როგორც განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე ძალოსანს, რომელსაც წინ კიდევ დიდი გამარჯვებები ელის. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულად სასიხარულოა, რომ ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ 2017 წლის მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნად სწორედ ლაშა ტალახაძე დაასახელა. ახლა კი უკვე მიღებულია გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ საერთაშორისო ფედერაციის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონია, 8 მაისს თბილისში გაიმართება, საქართველოსა და ლაშა ტალახაძის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარებაა“, - განაცხადა კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა