რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ხელისუფლებას და პარტიებს მოუწოდებს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობაში ჩარევა შეწყვიტონ

არასამთავრობოები ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანებიან. როგორც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“, „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ და სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (სიდა) მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენები და პოლიტიკური დაპირისპირება აშკარად სცდება ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს და მნიშვნელოვან ზიანს აყენებს თვითმმართველობის არსს, როგორც საქართველოს მოქალაქეთა უფლებას და შესაძლებლობას, მათ მიერ არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მოაგვარონ ადგილობრივი საკითხები.

„2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ერთადერთია საქართველოში, სადაც წევრთა უმრავლესობა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული.

აღსანიშნავია, რომ მერიის საშტატო ნუსხასა და სახელფასო განაკვეთების ცვლილებაზე მსჯელობა მხოლოდ 28 თებერვლის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მოხერხდა, თუმცა საკრებულოს თავმჯდომარის განმარტებით, იგი არალეგიტიმურია. სხდომაზე ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა, რასაც მოგვიანებით სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების საკრებულოს შენობის წინ მობილიზება მოჰყვა. რა დროსაც ბორჯომის საკრებულოს შენობაში ოპოზიციონერ დეპუტატებს, მათ შორის საკრებულოს თავმჯდომარეს ადმინისტრაციულ შენობაში შესვლა შეეზღუდათ.

შესაბამისად, არსებული კრიზისი კიდევ უფრო გამწვავდა და მუნიციპალური სამსახურების გამართული საქმიანობა შეაფერხა, რაც ადგილობრივი მოსახლეობის მიერ შესაბამისი სერვისებით სარგებლობაზე აისახა. აგრეთვე, დაირღვა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელთა შრომითი უფლებები (მათ ბოლო 3 თვის მანძილზე არ მიუღიათ კუთვნილი ანაზღაურება).

მიგვაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მნიშვნელოვან ზიანს აყენებს თვითმმართველობის არსსა და მნიშვნელობას და სცდება ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს, ვინაიდან მიუხედავად მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფორმირების პოლიტიკური საფუძველისა, მისი წევრები თავისი მოვალეობების შესრულებისას შეზღუდული არ არიან მათი წარმდგენი პოლიტიკური გაერთიანების განაწესებითა და დავალებებით და თავიანთ საქმიანობას კანონიერებისა და გამჭვირვალობის პრინციპებზე დაყრდნობით ახორციელებენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები ბორჯომის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით და აღმასრულებელი ორგანოების წარმომადგენლებს მოუწოდებენ, რომ თვითმმართველობის არსისა და მნიშვნელობის შესაბამისად, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ თავიანთ საქმიანობას და კონსტრუქციულ და სამართლებრივ რეჟიმში წარმართონ ერთმანეთთან თანამშრომლობა.

ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ სახელმწიფო ხელისუფლებას და პოლიტიკურ პარტიებს, რომ შეწყვიტონ ჩარევა ბორჯომის მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობაში, რათა საკრებულოსა და მერიას მიეცეთ შესაძლებლობა, თვითმმართველობის არსიდან გამომდინარე წარმართონ თავიანთი საქმიანობა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო