ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2018

რამაზ საყვარელიძე - "იმედია, ომის მსურველ კრემლს ხელში ისევ საქართველო არ შერჩება"

ახალგორში ქართველებზე ტოტალური კონტროლი დააწესეს

"ვიძიებთ საქართველოში 2008 წლის ივლის-ოქტომბერში ჩადენილ უმძიმეს დანაშაულებს" - კაუპო კანდი

* * *

რამაზ საყვარელიძე - "იმედია, ომის მსურველ კრემლს ხელში ისევ საქართველო არ შერჩება"

"უპირველესად, თანავუგრძნობ ამ გმირი ადამიანის ოჯახსა და ახლობლებს. რაც შეეხება მომხდარის პოლიტიკურ მნიშვნელობას, მოგეხსენებათ, ასეთი ტრაგედია პირველი არ არის და სამწუხაროდ, შეიძლება განმეორდეს მომავალშიც. არ არის გამორიცხული, მსგავსი ტრაგედიები ოკუპაციური პოლიტიკის იმ ნაწილად იქცეს, რომლითაც ჩვენს საზოგადოებაზე მუდმივად იქნება ემოციური ზეწოლა და რის საფუძველზეც შესაძლოა ახალ-ახალი პროვოკაციები დაგეგმონ. გავიხსენოთ 2008 წელი, როდესაც ომამდე ბომბავდნენ ქართულ სოფლებს, ხოლო, როდესაც ქართულმა მხარემ სწორედ ემოციურ ფონზე გადაწყვიტა, დაეცვა ქართული სოფლები, ვნახეთ, რაც მოხდა. ხომ აშკარაა, რომ ჩვენი ემოციურობის გათვლით მოგვიწყვეს პროვოკაცია", - აცხადებს ექსპერტი რამაზ საყვარელიძე გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "იმედია, ომის მსურველ კრემლს ხელში ისევ საქართველო არ შერჩება" / "მუნიციპალიტეტებში დასაქმებულთა დიდი ნაწილი უსაქმურობაში იღებს ხელფასს"/ "მაშინ, როდესაც ამხელა სხვაობაა მოსახლეობის ეკონომიკურ დონესა და მოხელეთა ცხოვრების დონეს შორის, სრულიად არასწორი მგონია სახელმწიფო სექტორში ისედაც მაღალი ხელფასების თემის უფრო წინ წამოწევა" / "რუსული პროპაგანდა იმაზე კი არ მუშაობს, რომ საქართველოში რუსეთი გახდეს მისაღები, არამედ ქვეყანაში დასავლეთის მიმართ გაჩნდეს უნდობლობა და მიუღებლობა".

"ასეთი მდგომარეობა დღეს თითქოს არ არის, თუმცა პოლიტიკა ისეთი ოხერი რამ არის, შეიძლება დაუგეგმავ ინციდენტებს მოჰყვეს სწორედ იმგვარი ტალღა, რომლის აგორებითაც რომელიმე მხარე იქნება დაინტერესებული. მსოფლიო ომები დაწყებულა ცალკეული ინციდენტებით, წინასწარი დაგეგმვის გარეშე, ამიტომ არის სიფრთხილე საჭირო. დღეს რუსეთი ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ქვეყანაა მთელი მსოფლიოსთვის და მით უფრო, ჩვენთვის. სახიფათოა არა მარტო იმიტომ, რომ ატომური იარაღი აქვს და წინ და უკან ატრიალებს, არამედ იმის გამოც, რომ დღეს ის გაცილებით უარეს მდგომარეობაშია სოციალურ-ეკონომიკურად, ვიდრე იყო თუნდაც რამდენიმე წლის წინ. პუტინმა ფედერალური სათათბიროს ორივე პალატის წინაშე სიტყვით გამოსვლისას შეიარაღებაზე გაკეთებულ დიდ აქცენტთან ერთად, არანაკლებ საინტერესო რამ თქვა - მან რუსეთის მთავარ მტრად ეკონომიკური ჩამორჩენა დაასახელა და განაცხადა, თუ ეკონომიკურად არ გაძლიერდა რუსეთი, შეიძლება დაიშალოსო. ჩემი აზრით, როდესაც პირველი პირი, მით უფრო, პუტინის მსგავსი მმართველი, ამას ამბობს, ესე იგი, საფრთხე რეალურია", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

"როდესაც რუსეთი ეკონომიკურ ჩიხშია, კრემლს უცხოელებთან ურთიერთობა უჭირს და შეიარაღებით ცდილობს მათ შეშინებას, მაგრამ პუტინს დიდი პრობლემები აქვს თავის მოსახლეობასთანაც. რუსულ წრეებთან კავშირის მქონე ბევრი ადამიანისთვის ცხადია, რომ მოსკოვშიც კი ცხოვრების დონე მნიშვნელოვნად გაუარესდა წინა წლებთან შედარებით. ეს რომ დედაქალაქში ხდება, ხომ წარმოგიდგენიათ, რა მდგომარეობაშია რეგიონები. ამას დაემატა სირიაში ბოლოდროინდელი სამარცხვინო მარცხი, როდესაც აშშ-ის სამხედრო ძალებმა რუსი მებრძოლები გაანადგურეს. კრემლს მოსახლეობის წინაშე ისევ ღირსების დეფიციტი გაუჩნდა და ამიტომაც შეიძლება ახალი სამხედრო ლუკმის ძებნა დაიწყოს. შესაბამისად, არაპუტინისტი რუსი ექსპერტები უკვე წერენ, რომ მოსახლეობის გულის მოსაგებად პუტინს აშკარად სჭირდება პატარა და მომგებიანი ომი. თუმცა სხვა საკითხია ამას ეკონომიკურად როგორ აუვა. იმედია, ომის მსურველ კრემლს ხელში ისევ საქართველო არ შერჩება. ამიტომაც ვლაპარაკობ სიფრთხილეზე! არ არის გამორიცხული, რომ ტატუნაშვილის მკვლელობა გამოიყენოს სწორედ ჩვენში ემოციური ფონის გასაზრდელად. ის, რომ ცხედრის გადმოცემა გაჭიანურდა, გარდა იმისა, რომ დანაშაულის კვალის წაშლას ემსახურება, შეიძლება ემსახურებოდეს ჩვენში დაძაბულობის გაზრდასაც, იმას, რომ ცხელ გულზე ვიმოქმედოთ. ჩვენი ხელისუფლების ფრთხილი პოლიტიკური ხაზი, რაც უშედეგობის გამო ჩვენში ბევრს აღიზიანებს, შესაძლოა ყველაზე მიზანშეწონილიც კი არის..." - განაგრძობს რესპონდენტი.

"ადამიანების, რომლებიც დღეს კვლავაც პრორუსულ პოზიციას იზიარებენ, არ მესმის - ამ რუსეთთან, რომელიც მარცხის პირასაა, არაფერი გვესაქმება. იმის მოლოდინი, რომ თუ ისევ მის ორბიტაზე ვიტრიალებთ, დაგვიბრუნებს ტერიტორიებს და დაგვიცავს, სასაცილოა. შეხედეთ სომხეთს. მასზე დიდი პარტნიორი ამ რეგიონში რუსეთს არა ჰყავს, მაგრამ ყველა საწარმო წაართვა, მის თავდაცვის სისტემაში ჩაერთო, ისევე როგორც აფხაზეთსა და ე. წ. სამხრეთ ოსეთში და ფაქტობრივად, ქვეყნის სუვერენიტეტი დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ. რუსეთი ერთნაირი სისასტიკით ექცევა მტერსაც და მეგობარსაც. ამიტომ ლაპარაკი იმაზე, რომ ამ არაფრისმქონე, აგრესიულ ქვეყანას დავუწვეთ და ამისთვის დავკარგოთ ევროპული პერსპექტივა, სრულიად ოდიოზურია. მით უფრო, რომ ევროპული პერსპექტივა შენ რუსეთისთვის არ გჭირდება მხოლოდ. მსოფლიოს წინ უდგას რამდენიმე უდიდესი გამოწვევა - მაგალითად, ჩინეთი, რომლის დემოგრაფიული ტალღა და ეკონომიკური განვითარება ლამის მთელ მსოფლიოს საფრთხეს უქმნის; ასევე პოლიტიკური ისლამი, ირანის ისლამური რესპუბლიკა და ვხედავთ, რა ამბიციები გაუჩნდა ბოლო დროს თურქეთსაც. შესაბამისად, ჩვენი ბუნებრივი მოკავშირე, რომლის ინტერესები ჩვენსას ემთხვევა, მხოლოდ დასავლეთია. დასავლეთი ჩვენ უფრო სამომავლოდ გვჭირდება, ვიდრე დღევანდელი დღისთვის", - დაასკვნის ექსპერტი.

"დიახ, საქართველოში არცთუ დაფარულად მოქმედებს რუსული პროპაგანდა და მეთოდი, ძირითადად, ასეთია: თითქმის ულტრანაციონალისტური პოზიციიდან დაუპირისპირდეს ყველაფერს დასავლურს, ანუ რუსული პროპაგანდა იმაზე კი არ მუშაობს, რომ საქართველოში რუსეთი გახდეს მისაღები, არამედ ქვეყანაში დასავლეთის მიმართ გაჩნდეს უნდობლობა და მიუღებლობა. უნდა ვაღიაროთ, რომ რუსეთს ამ მიმართულებით აქვს წარმატებაც, თუმცა ეს მხოლოდ რუსული პროპაგანდის დამსახურებად ვერ ჩაითვლება. პოსტსაბჭოთა სივრცეში დასავლური პოლიტიკის ხარვეზებზე თვითონ დასავლელი ანალიტიკოსები ლაპარაკობენ. აი, ამ ხარვეზებს იყენებს რუსული პოლიტიკა და კიდევ იმას, რომ ჩვენს პოლიტიკოსებს ყოველთვის ერიდებათ დასავლეთის გაკრიტიკება და მუდამ გაიძახიან, რომ დასავლეთი ყველაფერში მართალია. ეს პროპაგანდისტული შეცდომაა. თუ გინდა, რომ დაგიჯერონ, ის უნდა თქვა, რასაც ფიქრობ. თუ შენი მოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაწილი მიიჩნევს, რომ დასავლეთი შეცდომას უშვებს, მაშინ შენც უნდა თქვა, რომ ასეა, მაგრამ იქვე დააყოლო, რომ ეს მხოლოდ შეცდომებია. აი, რუსეთი კი შეცდომებს არ უშვებს, პირდაპირ დანაშაულს სჩადის. როდესაც არჩევანზე არის ლაპარაკი, რეალურად ასე დგას საკითხი: რა გვირჩევნია, გვქონდეს ურთიერთობა მასთან, ვინც შეიძლება შეცდომები დაუშვას, თუ მასთან, რომელიც უშეცდომოდ დაგახრჩობს?! - ამბობს რამაზ საყვარელიძე.

"ბორჯომში მიმდინარე პროცესება ცოტა სიურრეალისტური კომედიის ელფერი კი დაჰკრავდა, მაგრამ უარყოფითად ვერ შევაფასებ იმიტომაც, რომ თურმე მუნიციპალიტეტის მოხელეებმა თითქმის ყველგან გაიზარდეს ხელფასები, ჩვენ კი ეს მხოლოდ იმიტომ გავიგეთ, ბორჯომში ამაზე ოპოზიციური საკრებულო აყვირდა. სხვაგან "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს პრობლემები არ შეჰქმნიათ. თავის დროზე მოხელეთა ხელფასების გაზრდა დაიწყო იმ მოტივით, რომ კორუფციის დასამარცხებლად იყო საჭირო. ეს სააკაშვილის ხელისუფლებას დასავლეთმა ურჩია, რაც მათი რეალობიდან გამომდინარე სწორი იყო, მაგრამ ეს მიდგომა რამდენად სწორია ჩვენს შემთხვევაში, საკითხი სწორედ ასე უნდა დადგეს. მაშინ, როდესაც ამხელა სხვაობაა მოსახლეობის ეკონომიკურ დონესა და მოხელეთა ცხოვრების დონეს შორის, სრულიად არასწორი მგონია სახელმწიფო სექტორში ისედაც მაღალი ხელფასების თემის უფრო წინ წამოწევა. ამან შეიძლება სოციალური აფეთქება გამოიწვიოს", - მიიჩნევს რესპონდენტი.

"საკითხავია, რას აკეთებენ ეს ადამიანები, რომლებიც ჯერ პრემიებსა და სახელფასო დანამატებს ვერ შეელივნენ, ახლა კიდევ ხელფასებს იმატებენ. ჩემი დაკვირვებით, მუნიციპალიტეტებში დასაქმებულთა დიდი ნაწილი უსაქმურობაში იღებს ხელფასს. მაგალითად, გუბერნატორები რას აკეთებენ? ვის სჭირდება ეს უცნაური წარმონაქმნი და რა ფუნქცია აქვს? მოკლედ, ასე თუ გაგრძელდა, "ქართულ ოცნებას" ძალიან გაუჭირდება. ისედაც უკვე მყიფე ნიადაგზე დგას. ჯერჯერობით არჩევნებს კი იგებს იმის ხარჯზე, რომ მეტოქე, ფაქტობრივად, არა ჰყავს, მაგრამ საკმარისია გამოჩნდეს რეალური ალტერნატივა, რომელიც ამ სუსტ წერტილებს გამოიყენებს, ძალიან ცუდად წაუვა "ქართულ ოცნებას" საქმე", - დასძენს საყვარელიძე და შეკითხვაზე - "სუს-ის ინფორმაციით კრწანისის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა თემურ გორგაძემ მოქალაქეს მისი ნათესავის შეწყალების კომისიის მეშვეობით პატიმრობიდან გათავისუფლების სანაცვლოდ 7.000 ამერიკული დოლარი მოსთხოვა. 2018 წლის 28 თებერვალს მან მოქალაქეს წინასწარ გამოართვა თანხის ნახევარი და სწორედ მაშინ დააკავეს"... - პასუხობს:

"ქართული ოცნების~ წარმომადგენლებისგანვე მაქვს მოსმენილი, ჩვენი ხელისუფლების ჰუმანური მიდგომები ჩვენსავე გუნდში ვერ გაიგეს და ვის კორუფციისკენ გაექცა ხელი და ვის ძალადობისკენო. მეც მგონია, რომ "ქართულ ოცნებაში" სახელმწიფოს მართვას ძალიან გულუბრყვილოდ მოეკიდნენ. აუცილებელია სიკეთეც, ადამიანის უფლებებზე ზრუნვაც, მაგრამ ასევე აუცილებელია კანონზე დაფუძნებული ძალის ჩვენებაც, სხვა შემთხვევაში აუცილებლად წამოყოფს თავს ისეთი პროცესები, რაც საზოგადოებას მეტად დააზიანებს, ვგულისხმობ კრიმინალსა და კორუფციას. ასე რომ, მართვაში ძალიან ბევრი პრობლემა დაგროვდა, ზოგიერთმა უკვე ამოყო თავი ამ კორუფციული ფაქტების სახით. ასეთივე პრობლემებზე მიუთითებს კრიმინალის ზრდა, რაც მინისტრმაც აღიარა. ჯერჯერობით ისეთი პირი უჩანს, შს მინისტრი მკაცრი ხელით მიუდგა საქმეს, ვნახოთ, რამდენად მიეცემა მას რეფორმების გატარების საშუალება. ადმინისტრაციულ მართვაშიც მკაცრი ხელია საჭირო. შეიძლება მოხელეთა მართვა დამნაშავეთა მართვაზე რთულიც კი იყოს"!

ახალგორში ქართველებზე ტოტალური კონტროლი დააწესეს

"უკვე მე-10 დღეა, ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ელოდება ოჯახი. ამავე დროს, უფრო და უფრო საშიში ხდება ახალგორში ქართველების ყოფაც. ახალგორელები ამბობენ, რომ სამი დღეა, სპეცრაზმი აკონტროლებს რაიონს, გამოცხადებულია საგანგებო რეჟიმი და ე.წ. "კაგებე" ქართველებს ეჭვის თვალით უყურებს, როგორც თბილისიდან გამოგზავნილ დივერსანტებს. ამიტომაც ქუჩაში გამოსვლის დიდი შიშია. თანაც, სეპარატისტთა მთელი პროპაგანდაა ამუშავებული, რომ არჩილ ტატუნაშვილი ტერაქტს გეგმავდა და ამის გამო დააკავეს. ახალგორში ზუსტად არ იციან, რატომ დააკავეს ტატუნაშვილი, თუმცა იმ ვერსიისა სჯერათ, რომ მას ბოსტნეულის შეტანისას ე.წ. ახალგორის საბაჟოზე უთანხმოება მოუვიდა ალექსანდრე ჯიოევთან, რომელიც ახალგორში ე.წ. უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის ("კაგებე") ხელმძღვანელია და ამის გამო დააჭერინეს, ხოლო მას შემდეგ, რაც დაკავებული ცემაში შემოაკვდათ, ცდილობენ, როგორმე "შეკერონ" ტატუნაშვილის დივერსანტობისა და "გენოციდში" მონაწილეობის საქმე", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ახალგორში ქართველებზე ტოტალური კონტროლი დააწესეს / ცხინვალის რეჟიმი კიდევ სხვა "ქართველ დივერსანტებს" ეძებს.

"ახალგორის ერთ-ერთი მკვიდრის თქმით, ბოლო თვეებია რაიონში ძალიან გახშირდა ქართველი ახალგაზრდების დაკავება და დე ფაქტო მილიციის განყოფილებაში გადაყვანა "ნარკოტიკებზე შესამოწმებლად". დაკავებულებს ხშირად სცემენ, ზოგჯერ სასტიკადაც. ამიტომ ფიქრობს, რომ ტატუნაშვილმა, როგორც ჩანს, ცემისას წინააღმდეგობა გაუწია და ამიტომაც მოკლეს. ჩვენი რესპონდენტი ამბობს, რომ სეპარატისტების დიდ ნაწილში ამის გამო სინანულიც არ იგრძნობა, პირიქით, სჯერათ ე.წ. ოფიციალური ვერსიისა, რომ ტატუანაშვილი თბილისიდან იყო შეგზავნილი მათთან და დივერსიას გეგმავდა. ახალგორში საგანგებო რეჟიმი, დიდი ალბათობით, 18 მარტს დანიშნული რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებამდე იქნება. ცხინვალის რეჟიმი კი, მთელი ეს დღეებია, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საქმის გადაფარვას საპასუხო ბრალდებებით ცდილობს. ე.წ. პროკურატურა ტატუნაშვილსა და საქართველოს ხელისუფლებას "ოსი ხალხის გენოციდში" ადანაშაულებს და 45 პირზე ძებნას აცხადებს. მათ შორის არიან: ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი. დე ფაქტო პროკურატურის მტკიცებით, გამოძიებამ ასევე დაადასტურა ქართული სპეცსამსახურების განზრახვა, მოეწამლათ ცხინვალის მოსახლეობა წყლის მილსადენ "ედის-ცხინვალში" ტოქსიკური ნივთიერების შერევის გზით...", - აღნიშნავს გამოცემა.

"ასევე ამბობენ, რომ ახალგორი-ცხინვალის დამაკავშირებელი ხიდის ქვეშ თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვეს, რაც, დე ფაქტო პროკურატურის მტკიცებით, დაკავშირებულია არჩილ ტატუნაშვილის მიერ დაგეგმილ დივერსიებთან, მათ ხელთ არსებული "სარწმუნო ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, ის ამზადებდა პროვოკაციებს სამხრეთ ოსეთში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებისთვის". ცხინვალის ე.წ. სასამართლო ექსპერტი ისევ ირწუნება, რომ არჩილ ტატუნაშვილი გულის უკმარისობით გარდაიცვალა და ცხედრის ექსპერტიზამ ტრავმების კვალი, რაიმე სისხლჩაქცევა ვერ აღმოაჩინა, ახლა კი ექსპერტიზა რუსეთშიც ტარდება. დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელი მურად ჯიოევი აცხადებს, რომ ეს ყველაფერი ნათქვამია ქართული მხარისთვის, მაგრამ თბილისი მაინც დაუსაბუთებელ ვერსიებს ავრცელებს და საკითხის პოლიტიზებას ცდილობს, რათა აჟიოტაჟი გამოიწვიოს. დასავლეთი კი ქართველებს ენდობა, რის გამოც ჯიოევი დასავლეთის ქვეყნების მიმართ პრეტენზიებს გამოთქვამს და მათ ორმაგი სტანდარტების გამოყენებაშიც ადანაშაულებს. ამბობს, რომ 2008 წლის მოვლენების შემდეგ "სამხრეთ ოსეთის 7 მოქალაქე" ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა, თუმცა ამ საკითხს საერთაშორისო გაერთიანების მხრიდან ყურადღება არ ექცევა", - განაგრძობს გამოცემა.

"იგი იმასაც ამბობს, რომ ტატუნაშვილის გარდაცვალების გამო პრობლემები ექმნებათ გამოძიებაში, რომელმაც თბილისიდან დივერსიების მოწყობა უნდა დაამტკიცოს. ახალგორის დე ფაქტო გამგებელი ფილიპ ხაჩიროვი ადგილობრივ მედიასთან საუბარში ამბობს, რომ ტატუნაშვილთან ერთად 22 თებერვალს დაკავებული კიდევ ორი პირი - ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში მშობლებთან არიან და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლა თავად არ სურთ - "ამბობენ, რომ გადასვლის შემთხვევაში აწამებენ და პიარისთვის გამოიყენებენ. ამიტომაც გამორთეს ტელეფონები, რომ აღარავინ შეაწუხოს", - აცხადებს ხაჩიროვი, თუმცა, რეალურად, მათ საბუთები ჩამორთმეული აქვთ და ამიტომაც ვერ ტოვებენ ახალგორს. მთელ ამ პროპაგანდისტულ აქციაში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება პასუხს არ სცემს ერთ-ერთ მთავარ კითხვას - როდის მოხდება ცხედრის გადმოცემა, რასაც ოჯახი უკვე 10 დღეა, ითხოვს. ოჯახის თხოვნით, საქართველოს პატრიარქმა რუსეთის პატრიარქს გაუგზავნა წერილი და სთხოვა, გამოიყენოს თავისი გავლენა და ოფიციალურ მოსკოვს მიმართოს, რომ მოკლულის ცხედარი ოჯახს დროულად გადასცენ", - დასძენს გამოცემა.

"გუშინ საპატრიარქომ ამ წერილზე მიღებულ პასუხთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. მათი ცნობით, რუსეთის პატრიარქი კირილი უკვე ჩაერთო ტატუნაშვილის ცხედრის ოჯახისათვის გადმოცემის საკითხში. მოსკოვის საპატრიარქოსაგან მიღებული ინფორმაციით, ცხედარს ამჟამად ექსპერტიზა უტარდება და მას საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე "წითელი ჯვარი" გადმოასვენებს. თუმცა როდის მოხდება ეს, ისევ უცნობია. "კავკასიური სახლის" აღმასრულებელ დირექტორ გიორგი კანაშვილის განცხადებით, რეალურად, რატომ დააკავეს არჩილ ტატუნაშვილი, ამის თქმა რთულია. სხვადასხვა ვერსიაა, თუმცა აშკარაა, რომ მისი დაკავება არა "ომის ამბების გამო" მოხდა, არამედ, სავარაუდოდ, რაღაც ყოფითი კონფლიქტის გამო და გამორიცხულია, ეს საქმე ოსურმა მხარემ გამოიძიოს. იგი ამბობს, რომ საქართველოც უძლურია, რეალურად, ვინმეს პასუხი აგებინოს", - წერს სტატიის ავტორი.

"სავარაუდოდ, საქმე გვაქვს ყოფით კონფლიქტთან, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს გარდაცვლილის საქმიანობასთან, სავაჭრო საკითხებთან. ზოგადად, ოკუპირებულ მხარეს ადამიანის უფლებები დაუცველია და ეტყობა, ეს ყოფითი კონფლიქტი ასეთ ტრაგიკულ ამბებში გადაიზარდა. ახლა კი ცდილობენ, გააჭიანურონ ცხედრის გადმოცემა, რომ ნაკლებად ეტყობოდეს ძალადობის კვალი. მათი ე.წ. ოფიციალური განცხადებების სერიოზულად აღქმა შეუძლებელია. ადგილობრივი მოსახლეობიდან მეც და ბევრს აქვს ინფორმაცია და ცხინვალშიც უმეტესად სჯერათ იმ ვერსიისა, რომ ტატუნაშვილი ცემით მოკლეს. ასევე სჯერათ, რომ ყოფითი კონფლიქტის გამო დააკავეს ეს ადამიანი და არასერიოზულად მიაჩნიათ "გენოციდში" მისი დადანაშაულება, რადგან 2008 წელს სამხრეთ ოსეთში საერთოდ არც ყოფილა, ერაყში იყო, ხოლო ბოლო წლებში ახალგორში მას თავისუფლად უშვებდნენ. შეგვიძლია ვთქვათ ისიც, რომ ბოლო პერიოდში ახალგორში ე.წ. ადგილობრივი ხელისუფლება და ადგილობრივი ძალოვანი სტრუქტურები ძალიან ცუდად იქცევიან, ადამიანებს ხშირად იბარებენ, ამოწმებენ, მიჰყავთ განყოფილებაში ვითომდა ნარკოტიკებისა თუ სხვა შემოწმებაზე და იზოლატორში ადამიანის ცემა, სიტყვიერი შეურაცხყოფა ჩვეულებრივ ნორმად იქცა. არა მარტო ქართველებს, ოსებსაც კი სცემენ იზოლატორებში", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი კანაშვილი.

"ვიძიებთ საქართველოში 2008 წლის ივლის-ოქტომბერში ჩადენილ უმძიმეს დანაშაულებს" - კაუპო კანდი

"საქართველო ახლახან პირველი ქვეყანა გახდა აფრიკის კონტინენტს გარეთ, სადაც ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენლობა გაიხსნა. რამდენად დაგვაახლოებს ბიუროს გახსნა 2008 წლის ომის დანაშაულების საბოლოო გამოძიებასთან, ბიუროს ხელმძღვანელს, ესტონელ დიპლომატ კაუპო კანდს ექსკლუზიურად ვესაუბრეთ. მისი თქმით, "2008 წლის კონფლიქტი და მსხვერპლი საერთაშორისო საზოგადოებას და ჰააგის სასამართლოს ახსოვს და ადარდებს და ეს აფრიკის გარეთ მათი პირველი წარმომადგენლობაა, რაც სიმბოლურია და იმავდროულად ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია გარე სამყაროსათვის", - წერს გაზეთი "კვირის პალიტრა" სტატიაში სათაურით "ვიძიებთ უმძიმეს დანაშაულებს, რომლებიც, სავარაუდოდ, ჩადენილ იქნა საქართველოში 2008 წლის ივლისიდან ოქტომბრის ჩათვლით".

"სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში 120-ზე მეტი სახელმწიფოა გაწევრებული. რუსეთს არ მოუხდენია რომის სტატუტის რატიფიცირება - ხელი მოაწერეს, მაგრამ შემდგომ ხელმოწერა გაიტანეს. აქედან გამომდინარე, რუსეთს შეზღუდული აქვს რესურსები, ზეგავლენა მოახდინოს ჩვენს აქტივობებზე, იქნება ეს საქართველო თუ სხვა... ჩვენი სასამართლო არ იძიებს იმას, ვინ ვისი პროვიცირება მოახდინა, ვინ დაიწყო ომი, ვინ იყო მართალი და ვინ - მტყუანი. ჩვენ ვიძიებთ მხოლოდ უმძიმეს დანაშაულებს, რომლებიც, სავარაუდოდ, ჩადენილ იქნა საქართველოში 2008 წლის ივლისიდან ოქტომბრის ჩათვლით. გამოძიება გრძელდება მანდატის თანახმად და ის არის კონფიდენციალური, როგორც სისხლის სამართლის ყველა გამოძიება. უმნიშვნელოვანესია, რომ პროკურორმა შეძლოს სიმართლის დადგენა და 2008 წლის ომის მსხვერპლისთვის სამართლიანობა აღდგეს. როგორც კი პროკურორს, ქალბატონ ფატუ ბენსუდას საკმარისი მტკიცებულებები ექნება, საქმეს სასამართლოში წარადგენს და შემდგომ ვნახავთ, რას გადაწყვეტს სასამართლო - აუცილებელია, სიმართლე გაირკვეს და მართლზომიერი შედეგები დადგეს", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კაუპო კანდი

ხოლო შეკითხვაზე - "და რა მოხდება, თუ გამოძიება ბოლოს იტყვის: ძვირფასო ქართველებო, საქმე ბუნდოვანია და ის, რაც თქვენ თავს გადაგხდათ, არ მტკიცდებაო. ან თუ დაიდება ტალიავინის ანგარიშის მსგავსი დოკუმენტი, სადაც, როგორც იტყვიან, არც მწვადია დამწვარი, არც შამფური...", - პასუხობს:

"ჯერ კიდევ წინა საგამოძიებო მოკვლევისას, პროკურორის ოფისმა მოიძია საკმაო მტკიცებულებები იმისთვის, რომ გამოძიება დაწყებულიყო. მტკიცებულებები რომ არ ჰქონდეთ, გამოძიება საერთოდ არ დაიწყებოდა. საბოლოოდ, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რას გადაწყვეტენ მოსამართლეები. ეს იქნება საერთაშორისო, დამოუკიდებელი მოსამართლეების პანელი: გაეცნობიან საქმეს, მტკიცებულებებს და შემდგომ გამოიტანენ განჩინებას".

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა