ირაკლი კობახიძე - რესურსების გარეშე ადგილობრივი თვითმმართველობა ვერავითარ შემთხვევაში ვერ გაძლიერდება

რესურსების გარეშე ადგილობრივი თვითმმართველობა ვერავითარ შემთხვევაში ვერ გაძლიერდება, როგორი ინსტიტუციური მოდელიც არ უნდა შექმნან, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების ხედვის წარდგენისას განაცხადა.

„რაც შეეხება ფისკალურ დეცენტრალიზაციას, ფინანსური რესურსების გადაცემას, ესეც უნდა იყოს ამ რეფორმის ერთ-ერთი ძირითადი ასპექტი. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე 7%-იან მაჩვენებელზე, რაც არის ერთგვარი ევროპული მინიმუმი, ბუნებრივია, სტანდარტი ნორმატიული სახით, ან სხვა რაიმე მკაცრი ფორმით განსაზღვრული არსად არ არის, თუმცა თუ ჩვენ ევროპულ გამოცდილებას ავიღებთ, ვნახავთ, რომ 7% არის ერთგვარი ევროპული მინიმუმი ფისკალური დეცენტრალიზაციის. საუბარი მაქვს მთლიან შიდა პროდუქტთან ადგილობრივი შემოსავლების მიმართებაზე, რაც უნდა იყოს 7%. ერთ-ერთი მთავარი მიზანი უნდა იყოს ის, რომ ჩვენი ფისკალური დეცენტრალიზაციის მოდელი დავუახლოვოთ ევროპულ სისტემებსა და მოდელებს, რაც უნდა გაკეთდეს საშუალოვადიან პერსპექტივაში. უნდა იყოს გაწერილი შესაბამისი გეგმა საშუალოვადიან პერსპექტივაში და ამის საფუძველზე უნდა აღიჭურვონ თვითმმართველობები დამატებითი ფინანსური რესურსებით. საჭიროა სიღრმისეული ანალიზი საქართველოს კონტექსტის გათვალისწინებით, რომელი მოდელია უკეთესი. ამაზე მიმდინარეობს ახლა მუშაობა სტარტეგიის შემუშავების პროცესში“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ასევე დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს ქონების გამიჯვნის საკითხებს.

„ეს პროცესი ასევე დაიწყო 2006 წლიდან, თუმცა დღემდე ძალიან შეზღუდული ქონებრივი რესურსებით სარგებლობენ ადგილობრივი თვითმმართველობები. აქაც სიღრმისეული ანალიზის საფუძველზე უნდა გამისაზღვროს ის, თუ როგორ შეიძლება გაიმიჯნოს ესა თუ ის ქონებრივი რესურსი სახელმწიფოსა და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის. მთავარი ამოსავალი წერტილი არის ის, რომ თვისებრივი უნდა იყოს ზრდა, როგორც უფლებამოსილებების, ასევე ფინანსების და სხვა მატერიალური რესურსების თვალსაზრისით. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ რესურსების გარეშე ადგილობრივი თვითმმართველობა ვერავითარ შემთხვევაში ვერ გაძლიერდება, როგორი ინსტიტუციური მოდელიც არ უნდა შექმნან“, - განაცხადა კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო