სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გამოსაძიებელ საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობასა და ზედამხედველობას პროკურატურა განახორციელებს

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა 2019 წლის 1-ელი იანვრიდან ჩადენილ შესაბამის დანაშაულებზე გავრცელდება.

ამას “სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინა.

ამავე პროექტით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გამოსაძიებელ საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობასა და ზედამხედველობას პროკურატურა განახორციელებს - კერძოდ, ეს მთავარი პროკურატურის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დანაყოფში გამოძიების საპროცესო ზედამხედველობის განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეული იქნება.

აღნიშნული ერთეული უზრუნველყოფს სისხლისსამართლებრივ დევნას და მხარს დაუჭერს სახელმწიფო ბრალდებას. ის უშუალოდ მთავარ პროკურორს დაექვემდებარება.

პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი ახალი სახელმწიფო ორგანოს - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნას ითვალისწინებს. პროექტის მიხედვით, უქმდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თანამდებობა, რომლის უფლებამონაცვლე სახელმწიფო ინსპექტორი იქნება.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფლებამოსილებაში ამჟამად მოქმედი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებამოსილებები შევა - კერძოდ, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლი, აგრეთვე, ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლი.

გარდა ამისა, სახელმწიფო ინსპექტორის უფლებამოსილებაში ექცევა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის მიუკერძოებელი და ეფექტური გამოძიება.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარეობა გავრცელდება: - “საქართველოს სისხლის სამართლის“ კოდექსის 144/1 - 144/3 მუხლებით (წამება, წამების მუქარა, დამამცირებელი მოპყრობა), 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ“ და “გ“ ქვეპუნქტებით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის, აგრეთვე სახელმწიფო-პოლიტიკური და პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ, ჩადენილი ძალადობით ან იარაღის გამოყენებით, აგრეთვე, დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით), 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ“ და “გ“ ქვეპუნქტებით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის, აგრეთვე სახელმწიფო-პოლიტიკური და პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ, ჩადენილი ძალადობით ან იარაღის გამოყენებით, აგრეთვე, დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით), 335-ე მუხლით (მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ მუქარით, მოტყუებით, შანტაჟით ან სხვა უკანონო ქმედებით პირის იძულება განმარტების ან ჩვენების მიცემისათვის ანდა ექსპერტისა – დასკვნის მიცემისათვის) და 378-ე მუხლის მე-2 ნაწილით (პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირის იძულება ჩვენების შეცვლის ან ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიზნით, აგრეთვე მსჯავრდებულის იძულება მოქალაქეობრივი მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლის მიზნით) გათვალისწინებულ დანაშაულზე, თუ იგი ჩადენილია სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, აგრეთვე მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ.

საკანონმდებლო პაკეტი იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა