ქეთევან ციხელაშვილი - საქართველოს მთავრობის სამშვიდობო კურსი არის თანმიმდევრული და ურყევი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის გადახედვა არ იგეგმება. ამის შესახებ ციხელაშვილმა პარლამენტში, უმრავლესობის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრებთან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. ციხელაშვილის თქმით, საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა არის თანმიმდევრული და ურყევი.

ციხელაშვილმა ოკუპირებულ ცხინვალში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის საკითხზეც გააკეთა კომენტარი.

"დღესაც, ისევე, როგორც წინა დღეების განმავლობაში ვმუშაობთ იმისთვის, რაც არის მთავარი - ცხედრის გადმოსვენება და ოჯახისთვის მისი დატირების შესაძლებლობის მიცემა. უმრავლესობასთან გვექნება მსჯელობა, როგორც ტატუნაშვილის საკითხზე, ასევე ჩვენს სამშვიდობო პოლიტიკაზე, რომლის მიხედვითაც ვაპირებთ მუშაობას მომავალში”, -განაცხადა ციხელაშვილმა.

მისივე თქმით, საუბარი იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის მძიმე ფაქტებზეც, რომელსაც ”სამწუხაროდ და საუბედუროდ რეგულარული ხასიათი აქვს”.

კითხვაზე, არჩილ ტატუნაშვილის საქმიდან გამომდინარე ხომ არ დგება საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის გადახედვის საკითხი, ციხელაშვილმა განაცხადა, რომ ”საქართველოს მთავრობის სამშვიდობო კურსი არის ძალიან თანმიმდევრული და ურყევი მიუხედავად იმისა, რა ტიპის გამოწვევები შეიძლება ექმნებოდეს მას”.

”ეს არის სწორი, მყარი კურსი, რომელიც მიმართულია ჩვენი საზოგადოების შერიგებაზე, დაშორიშორების მიუხედავად ხიდების მშენებლობაზე, საზოგადოების გაერთიანებაზე, რაც აუცილებელი წინაპირობაა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის”, -განაცხადა ციხელაშვილმა.

რაც შეეხება ე.წ. ოთხოზორია - ტატუნაშვილის სიის შექმნას, რასაც ოპოზიცია ითხოვს, ციხელაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების ამოცანაა, რომ ყოველ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით გამოვლინდეს კონკრეტული დამნაშავე და მათ მიმართ იყოს სამართლებრივი პასუხისმგებლობა მისადაგებული.

”მათ შორის ტატუნაშვილის საქმესაც ვგულისხმობ. უნდა მოგვეცეს სამართლიანი გამოძიების ჩატარების საშუალება და როგორც იცით, ამაში საერთაშოროსო პარტნიორებიც მზად არიან დაგვეხმარონ. ოთხოზორიას მკვლელობის შემთხვევაში კონკრეტული დამნაშავე იდენტიფიცირებულია და ამ პირის მიმართ საქართველოს სამართლებრივ სისტემაში გამოტანილია განაჩენი განზრახ მკვლელობის მუხლით და ის იძებნება ინტერპოლის წითელი ცირკულარით, - განაცხადა ციხელაშვილმა.

პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომა მიმდინარეობს, სადაც მთავრობის წარმომადგენლებს უსმენენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო