კვლევა - საქართველოში გამოკითხული ქალების 22%-ს და კაცების 31%-ს მიაჩნია, რომ ცოლის ცემა გარკვეულ გარემოებებში გამართლებულია

ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ახალი ეროვნული კვლევის მიხედვით, საქართველოში 7-დან 1 ქალს ოჯახში ძალადობა გამოუცდია, ქალების 9% სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვობაში გამხდარა, 5-დან 1 ქალი ამბობს, რომ სექსუალური შევიწროება გამოუცდია, - ამის შესახებ ნათქვამია გაეროს ქალთა ორგანიზაციის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა და ევროკავშირის ერთობლივ კვლევაში.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გაეროს ქალთა ორგანიზაციიდან აცნობეს, კვლევის შედეგები გვაჩვენებს, რომ საქართველოში ქალებისა და კაცებისთვის ქალთა მიმართ ძალადობა დიდწილად კვლავაც მისაღებია: ქალების თითქმის ერთ მეოთხედს (22%) და კაცების ერთ მესამედს (31%) მიაჩნია, რომ ცოლის ცემა გარკვეულ გარემოებებში გამართლებულია. უფრო მეტიც: ქალების თითქმის ერთი მეოთხედი (23%) და კაცების თითქმის ნახევარი (42%) მიიჩნევს, რომ ცოლი ქმარს მაშინაც კი უნდა დაემორჩილოს, თუ ის მას არ ეთანხმება.

კვლევა გაერო-ს ქალთა ორგანიზაციამ, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა და ევროკავშირმა ერთობლივად ჩაატარეს. კვლევის შედეგად, 2009 წლის შემდეგ ქალთა მიმართ ძალადობის გავრცელებისა და ამ პრობლემის მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულებების შესახებ ეროვნული მასშტაბის სარწმუნო მონაცემების მოპოვება პირველად მოხდა. ამას გარდა, კვლევამ საქართველოში სექსუალური შევიწროებისა და ადევნების გავრცელება პირველად შეისწავლა.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინფორმაციით, ეროვნული კვლევის პროცესი 2017 წელს მიმდინარეობდა და იგი რაოდენობრივ და ხარისხობრივ მეთოლოგიებს აერთიანებდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით სულ 15-64 წლის 6 006 ქალი და 15-64 წლის 1 601 კაცი გამოიკითხა. ხარისხობრივი კვლევა კი 47 შეხვედრას მოიცავდა. კვლევა საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქსტატის ერთობლივი ძალისხმევითა და ევროკავშირის მხარდაჭერით პროექტის ფარგლებში „ერთად დავძლიოთ ქალთა მიმართ ძალადობა“ ჩატარდა.

ქალთა მიმართ ძალადობის ახალი ეროვნული კვლევის ძირითადი შედეგების პრეზენტაციას გაეროს ქალთა ორგანიზაცია დღეს გამართავს, რომელსაც დაესწრებიან: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი, პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძე. პრეზენტაციას ფასილიტაციას გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა გაუწევს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო