გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - ამერიკელმა მეცნიერებმა ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო გეგმა მოიწონეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კომპანია TRECE Inc (აშშ) პრეზიდენტს, ბილ ედრინს და ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტებისა და კვლევითი ცენტრების წამყვან მეცნიერთა დელეგაციის წევრებს შეხვდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მეცნიერთა შორის იყვნენ ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის სასოფლო-სამეურნეო კვლევის სამსახურის (USDA ARS), ვირჯინიის ტექნიკური უნივერსიტეტის, სასოფლო-სამეურნეო კვლევებისა და ექსტენციის ცენტრის, ოკლაჰომასა და პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტების წარმომადგენლები.

შეხვედრაზე საქართველოში გავრცელებული ახალი ინვაზიური მავნებლის - აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად შემუშავებული სამოქმედო გეგმა განიხილეს.

„იმ გამოწვევის გათვალისწინებით, რის წინაშეც ვართ, უმნიშვნელოვანესია საქართველოში აშშ-ის დელეგაციის ვიზიტი, ამერიკელ სპეციალისტებთან თანამშრომლობა და მათი გამოცდილების გაზიარება“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ბილ ედრინის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას გააჩნია მოქნილი და ქმედითი სტრატეგია მავნებლის წინააღმდეგ საბრძოლველად, თუმცა, აზიური ფაროსანას დამარცხება 2018 წელს მაინც ვერ მოხერხდება.

აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია აშშ-ის წამყვანი სპეციალისტების ვიზიტი რეგიონებში და ვითარების ადგილზე გაცნობა. ამერიკელი სპეციალისტები, ქართველ მეცნიერებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ სიმპოზიუმში „აზიური ფაროსანა (Halyomorpha halys) - გლობალური გამოწვევა, საერთაშორისო გამოცდილება და პრობლემების გადაწყვეტის საუკეთესო გზები“.

შეხვედრა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (USAID/REAP) და კომპანია TRECE Inc (აშშ) ორგანიზებით გაიმართა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.