თბილისის საკრებულოს სხდომაზე ბიბლიოთეკების გაერთიანების საკითხს განიხილავენ

თბილისის საკრებულო ამ წუთებში სხდომაზე ბიბლიოთეკების გაერთიანების საკითხს განიხილავს. საკითხი თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ წარმოადგინა. მისივე თქმით, ბიბლიოთეკები კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაშია, თუმცა მათ თბილისის მერია აფინანსებს.

საკითხი ითვალისწინებს შეიქმნას ახალი ა(ა)იპი, რომელიც ბიბლიოთეკებისა და მედიათეკების ერთ სისტემაში გაერთიანებას გულისხმობს. აღნიშნულის შედეგად ეს სფერო კულტურის სამინისტროდან მერიის დაქვემდებარებაში გადმოვა. ასევე დაგეგმილია, ბიბლიოთეკარების ტესტირება–გადამზადება.

საკითხს სხდომაზე ოპოზიციის მხრიდან კრიტიკა მოყვა. საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა ვაჩეიშვილმა წარმოდგენილ პროექტს ”კონცეფციის კონცეფციის კონცეფცია” უწოდა. საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი მიჩნევს, რომ ამ თემაზე საზოგადოებაში მღელვარება დიდია, თუ რა ბედი ეწევა ბიბლიოთეკებს, შესაბამისად, მერიის მხრიდან ამ საკითხის განხილვის დაწყება დაგვიანებულია.

„მერიას უნდა ეზრუნა და უფრო ადრე წარმოედგინა აღნიშნული კონცეფცია. ამ ყოველივეს შედეგად მოხდება ის, რომ ბიბლიოთეკარებს ჩაუტარებენ გაურკვეველ გამოცდებს“, – განაცხადა ნიკა ვაჩეიშვილმა.

მან მოუწოდა ქალაქის ხელისუფლებას სხვა ქვეყნების გამოცდილება გაიზიაროს და საბიბლიოთეკო რეფორმა ისე განახორციელოს.

ამასთან, საკრებულოს დეპუტატებმა სხდომის დაწყებისას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას.