კახა ბექაური - „მაგთიკომმა“ და „ჯეოსელმა“ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონი და კომისიის გადაწყვეტილებები დაარღვიეს

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის შეფასებით, „მაგთიკომმა“ და „ჯეოსელმა“ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონი და კომისიის მიერ 2010 წლის 21 მაისის N 240/9 და 2011 წლის 25 იანვრის №26/9 გადაწყვეტილებები დაარღვიეს, რომლის მიხედვითაც „შპს „ჯეოსელს“ და შპს „მაგთიკომს“ დაკისრებული აქვთ ვალდებულება, რომ არ დაუშვან კონკურენციის შემზღუდავი ქმედებები და სატარიფო შეღავათების სუბსიდირება სხვა მომხმარებელთა ხარჯზე.

კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის პრესსამსახურის ინფორმაციით, კახა ბექაურმა კომისიის მიერ ჩატარებულ მოკვლევაზე კომენტარი, გუშინ კომისიის სხდომაზე გააკეთა. თუმცა, საკითხის განხილვა კომპანიების თხოვნით გადაიდო და შესაბამის გადაწყვეტილებას კომისია 15 მარტს მიიღებს.

“2017 წლის ოქტომბრის შემდეგ, კომისიას აქვს შესაძლებლობა ურთიერთჩართვის ტარიფები ახალი მეთოდოლოგიით დაითვალოს. ამ მეთოდოლოგიით შესაძლებელი გახდა ტარიფების წარმოქმნის სწორი, სამართლიანი ბაზის შექმნა. ამ მეთოდოლოგიის დანერგვის შემდეგ კომისიამ ბაზარზე დაიწყო მონიტორინგი იმის დასადგენად, მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორები ხომ არ ეწეოდნენ სუბსიდირებული ტარიფებით მომსახურებას. ხომ არ ქმნიდნენ ბაზარზე არაკონკურენტულ გარემოს, უფრო ზუსტად კი ბაზარზე ფასების დადგენის კუთხით ხომ არ იყენებდნენ ძალაუფლებას ბოროტად. ამ კუთხით პირველი შევისწავლეთ „ბილაინის“ ქეისი, მეორე ჯერზე კი მოხდა კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში „მაგთისა“ და „ჯეოსელის“ მიერ სახელმწიფო უწყებებისთვის გაწეული მომსახურეობის შესწავლა. ანალიზით მტკიცდება და დგინდება, რომ კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში, ამ ორი ოპერატორის მხრიდან დემპინგურ მომსახურებას ჰქონდა ადგილი, რაც ქართული კანონმდებლობით დასჯადია. კანონი ზოგიერთი სამომხმარებლო ჯგუფის მომსახურებას დემპინგური ტარიფებით კრძალავს“, – განაცხადა კომისიის სხომაზე კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ.

კახა ბექაურის განმარტებით, ვის ხარჯზე ახდენდნენ კომპანიები სუბსიდირებას, ამაზე კომისია ვერ ისაუბრებს, ვინაიდან ეს ინფორმაცია ცნობილი არ არის. „იმის თქმა, დღეს რომელი სამომხმარებლო ჯგუფის მიერ ხდება მეორე ჯგუფის სუბსიდირება ან დაფინანსება შეუძლებელია, რადგან სამომხმარებლო ჯგუფები ძალიან ბევრ სეგმენტებად იყოფა. შეიძლება სუბსიდირება კორპორატიული კლიენტების ხარჯზე ხდებოდა, შეიძლება საბითუმო ბაზრიდან არა საცალო და ჩვეულებრივი მომხმარებლების ხარჯზე. ამის დადგენას ყველა სამომხმარებლო ჯგუფის სეგმენტურად შესწავლა სჭირდება. ჩვენი მიზანია, ბაზარზე ჯანსაღი კონკურენცია შევქმნათ და ზოგიერთ მომხმარებელზე არ იყოს დემპინგური ტარიფი. ბაზარზე უნდა დადგეს კონკურენტუნარიანი და სამართლიანი ტარიფები და სწორედ ამას ემსახურება კომისია“, – განაცხადა კახა ბექაურმა.

გარდა კონსოლიდირებული ტენდერის საკითხის შესწავლისა, კომისია იწყებს მოკვლევას მობილური კომპანიები მსხვილ კორპორატიულ კლიენტებს როგორი ტარიფით ემსახურებიან და ხომ არ აქვს ადგილი ამ ნაწილშიც სუბსიდირებას და დემპინგურ ფასებს.

„ჩვენ უკვე გამოთხოვილი გვაქვს სამივე ოპერატორისგან კორპორატიული კლიენტების მომსახურებებზე გაწეული ხარჯებისა და შემოსავლების შესახებ ინფორმაცია, თუ რა პირობებით და რა ტარიფებით ემსახურებიან ოპერატორები კომპანიებს და ხომ არ არის ეს დემპინგური ტარიფი, რომელიმე კორპორატიული მსხვილი კლიენტისთვის. ეს თუ დასაბუთდა და დადგინდა, რა თქმა უნდა იქნება დარღვევა, ამისთვის კომპანიები გაფრთხილების მერე უკვე ფინანსურ სანქციებს მიიღებენ“, - აცხადებს კახა ბექაური.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს