გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა კარალეთში სარწყავი არხის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ გორის მერიიდან აცნობეს, ძევერა-შერთულის 2 760 მეტრიანი და ტირიფონის არხიდან არცევამდე 9 000 მეტრიანი სამელიორაციო სისტემის მონაკვეთების სარეაბილიტაციო სამუშაოები მაისში დასრულდება. შედეგად 3000 ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო სავარგული გასარწყავიანდება.
მათივე ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შემდეგ გორის მუნიციპალიტეტის 7 სოფლის მოსახლეობას გასარწყავიანების პრობლემა აღარ შეაწუხებს.
„ქვეშში, ქვემო არცევში, სათემოში, კარალეთში, ქიწნისში, პატარა და დიდ გარეჯვარში ადგილობრივ მოსახლეობას გაუმართავი სამელიორაციო სისტემა სამ ათეულ წელზე მეტი უქმნიდა პრობლემებს, რაც მოსავლის რაოდენობაზე და ხარისხზე აისახებოდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება. მისი ღირებულება 2 850 000 ლარს შეადგენს.
სამუშაოებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ალონისი“ აწარმოებს.